სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯაბა იოსელიანის ცხედრის გადასვენების მოთხოვნით ხელმოწერები „ფეისბუქში“ გროვდება

2011 წლის 6 იანვარს, დიდუბის პანთეონში, ჯაბა იოსელიანის საფლავთან მოწყობილი პოლიტიკური აქციის შემდეგ გამოხმაურება ჯერაც არ წყდება. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან“, რომელსაც უკვე 2.000-ზე მეტი წევრი ჰყავს და წევრთა რიცხვი ყოველ საატში იზრდება.

ჯაბა იოსელიანის ცხედრის გადასვენების მოთხოვნასთან დაკავშირებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დღეს ამ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის ადრესატები კულტურის მინისტრი და თბილისის მერი არიან. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

„ჯაბა იოსელიანის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადასვენების მოთხოვნასთან დაკავშირებით შექმნილი

საინიციატივო ჯგუფის განცხადება

საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკა რურუას,
ქალაქ თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავას,
საქართველოს საზოგადოებას.


ჩვენი, ამ წერილზე ხელის მომწერთა მიზანს არ წარმოადგენს 1991 – 1992 წლის სამხედრო გადატრიალების და არც შემდგომ, მხედრიონის დანაშაულებრივი მოქმედებების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. ეს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურების პრეროგატივაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 26 მაისს, პოლიტიკური შეფასება უკვე მისცა სამხედრო გადატრიალებას და შემდგომში ჯაბა იოსელიანის, როგორც მხედრიონის მეთაურის მოქმედებებს, და ის საქართველოს სახელმწიფოებრიბის და ქართველი ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებად აღიარა. შემდგომ კი საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ჯაბა იოსელიანს , საქართველოს ახალგაზრდობის გახრწნაში, ზნეობრივ და ფიზიკურ განადგურებაში დასდო ბრალი, ხოლო საქართველოს პროკურატურამ კი აღძრა სისხლის სამართლის საქმე ამ დანაშაულებრივი ფაქტების გამოსაძიებლად.

დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი წარმოადგენს საქართველოს საამაყო შვილების ნეშტების სამუდამო სასუფეველს და ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მუზეუმი, წარმოადგენს მომავალი თაობებისთვის, ისტორიის თვალსაჩინოებას.
დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დასაფლავება არის სიმბოლური აქტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოება თავის პატივისცემას გამოხატავს განსვენებულის მიმართ.

სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის, სამეგრელოს და თბილისის აოხრების, ახალგაზრდობის მორალურად გახრწნის და ფიზიკურად განადგურების მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე პანთეონში არ უნდა განისვენებდეს.

მისი ნეშტის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყოფნა არის ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი აქტი, იმ დიდი ფიზიკური და მორალური ზარალის გამო, რაც იოსელიანმა და მისმა იდეურმა თანამოაზრეებმა საქართველოს მიაყენეს.

მიგვაჩნია რა, რომ დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის დაკრძალვა ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, მოვითხოვთ, რომ ჯაბა იოსელიანის ნეშტი დაუყონებლივ იქნეს გადასვენებული დიდუბის პანთეონიდან და დაიკრძალოს იქ, სადაც ამას მისი ოჯახი ჩათვლის საჭიროდ.

საინიციატივო ჯგუფის სახელით:

მიხეილ ჯაფარიძე
ნინო ბანძელაძე
ვაჟა ამირანაშვილი
ნანა დურგლიშვილი
ლაშა ბერულავა
მალხაზ ბატონისაშვილი
გიორგი ბარამიძე
გიორგი ქარჩავა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100