აშშ-ში ავიაშოუს დროს კასკადიორი შვილის თვალწინ დაიღუპა
ამერიკელი კასკადიორი ტოდ გრინი აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში ჩატარებული ავიაშოუს დროს კარგად დამუშავებული ილეთისთვის ემზადებოდა: დიდი სიჩქარით მფრინავი სპორტული თვითმფრინავის სახურავიდან იგი მის თავსზემოთ, თვითმფრინავის პარალელურად მოძრავი ვერტმფრენის რელსზე უნდა ამხტარიყო და საბოლოოდ, თვითმფრინავიდან ვერტმფრენზე უნდა გადაბარგებულიყო.
ავიაშოუს ათასობით ადამიანი, მათ შორის, კასკადიორის მცირეწლოვანი ვაჟი მიწიდან ადევნებდა თვალს. თავდაპირველად ტრაგედიის მოახლოებაზე არც არაფერი მიანიშნებდა: ტოდი თვითმდრინავის კაბინიდან სახურავზე სრულიად მშვიდად აძვრა, ცალი ხელით ფრთის დასაწყისს ჩაეჭიდა და ხალხს მეორე ხელის აქნევითა და ღიმილით მიესალმა. რაც მთავარია, კასკადიორი ყოველთვის, ყველა ილეთს დამცავი თოკისა და პარაშუტის გარეშე ასრულებდა და გამონაკლისი ის დღეც არ ყოფილა.
სახურავზე აძრომის შემდეგ მოვლენები სწრაფად, მაგრამ ტრაგიკულად განვითარდა: ტოდს ვერტმფრენი გაუსწორდა და კასკადიორმა მის ქვედა რელსს ხელი შეავლო, მაგრამ ვერ მოეჭიდა და წონასწორობა დაკარგა. ამის შემდეგ კასკადიორმა ვერც თვითმფრინავის კორპუსზე იპოვა რამე ხელმოსაჭიდი, ორივე ხელი ინსტინქტურად აიქნია და ძირს გადმოეშვა. რა თქმა უნდა, რამდენიმე რეპორტიორმა მთელი ტრაგედია ფირზე გადაიღო, თუმცა, ამჯერად მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნებას დავჯერდებით... როგორც ამერიკულ მედიაში დაიწერა, ვიდეოზე ტრიუკს კასკადიორის შვილიც იღებდა და გადაღება არ შეუწყვეტია მაშინაც კი, როცა მამამისმა ხელები გაშალა და 60 მეტრის სიმაღლიდან გადმოეშვა.
ბავშვთან ერთად ბევრს ეგონა, რომ გადმოხტომა კასკადიორის ილეთის შემადგენელი ნაწილი იყო - ვერავინ წარმოიდგინა, რომ ამ სასიკვდილო ილეთის შესრულება დამცავი თოკის ან პარაშუტის გარეშე შეიძლებოდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდნენ, როცა კასკადიორის სხეული მიწაზე დაეცა...
შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა სიკვდილი დაადასტურეს. მეტიც, მათ განაცხადეს, რომ კასკადიორი ჰაერში მოკვდა - ტოდ გრინს მოულოდნელობისგან გული გაუსკდა...
აღსანიშნავია, რომ ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, ავიაშოუ არ შეწყვეტილა... ორგანიზატორებმა ტრაგედიის მიზეზად ძლიერი ქარი დაასახელეს.
კომენტარი