სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეშტონი ერთადერთხელ აუმხედრდა კრემლს

ამ წლის 28 აპრილს რატომღაც, ბრიუსელში საინტერესო ამბავი მოხდა. ევროკავშირმა, საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრის კეტრინ ეშტონის პირით ხმა აიმაღლა რუსეთის წინააღმდეგ და მოსკოვი ცინიკური და პროვოკაციული ქმედებისთვის გააკრიტიკა. ეს ყველაფერი არა კულუარებში ან ჩართული ტელეკამერების წინ, არამედ ოფიციალური განცხადების გზით მოხდა.

საქმე ეხება, ამა წლის 25-26 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ეგრედწოდებულ „ოფიციალურ ვიზიტს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), კრემლის მიერ ხელდასმული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილობრივი რეჟიმების წარმომადგენლებთან შესახვედრად. მოკლედ, ქალბატონმა ეშტონმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით „ვიზიტი“ აშკარად უკანონო იყო, რადგან არ არსებობდა მასზე საქართველოს მთავრობის ფორმალური თანხმობა და შესაბამისად ის არღვევდა ეროვვნული სუვერენიტეტის ძირითად პრინციპს. რუსეთმა თავი იმით გაიმართლა, რომ ომის შემდეგ მან ცალმხრივ რეჟიმში აღიარა ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, და შესაბამისად, კრემლის აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს თბილისის მხრიდან არანაირი თანხმობა არ სჭირდებოდა.

ამ განსხავებულ ინტერპრეტაციებსაც რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ რუსული ინტერვენციის შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბებული სტატუს-ქვო ძალიან შემაშფოთებელი და არამდგრადია და არა მხოლოდ ქართველებისთვის, რომლებიც მას ვერ შეეგუებიან, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რუსეთის ქმედებებმა საქართველოსთან ომის პერიოდში, ის დილეტანტი-პოლიტიკოსები, რომლებსაც კონფლიქტის ასეთი ესკალაციის არასდროს სჯეროდათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, და ადრე თუ გვიან ამის გათვალისწინება მოგვიწევს.

ევროპული დიპლომატია სასოწარკვეთილი შეეცადა ფეხი აება ამერიკელებისთვის, რომლებმაც ახლახანს თბილისის დასაცავად კვლავ ხმა აღიმაღლეს. ვაშინგტონი, ლონდონი და სხვა ევროპული დედაქალაქები არ მალავენ გაღიზიანებას იმ ფაქტით, რომ ევროკავშირის შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერიდან ორი წლის შემდეგ, რუსეთის არმიამ არამხოლოდ არ დატოვა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი, არამედ იქ სამხედრო კონტიგენტი კიდევ უფრო გაზარდა (ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 7 000-ს აღწევს). ინტერნაციონალური საკითხების ექსპერტთათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ომის მიზეზი გახდა არა მხოლოდ რეგიონალური პოლიტიკა, არამედ გავლენის სფეროებისთვის საერთაშორისო ბრძოლა ორ მსოფლიო სუპერსახელმწიფოს (აშშ და რუსეთი) და მათ მოკავშირეებს შორის.

ევროპელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის (შვეიცარია) აზრით, რომელიც საქართველოს ომს ევროკავშირის ექსპერტების ჯგუფთან ერთად იძიებდა, რუსეთის ჩარევამ კრემლის მხრიდან მძიმე პროვოკაციების წლები დაასრულა. რუსეთი საკუთარ ქმედებებს ყოველთვის ერთი და იგივე მიზეზით ხსნიდა: ეთნიკური უმცირესობების და ავტონომიების დაცვის საბაბით, რომელთა უფლებებიც ირღვევა უცხო სახელმწიფოებში, ჯერ სსრკ და შემდეგ პუტინის რუსეთი ყოველთვის წარმატებით ახორციელებდა თავის სტრატეგიულ მიზნებს საერთაშორისო ჭადრაკის დაფაზე. „მჩაგვრელები“ კრემლის მტრები არიან, ხოლო „დაჩაგრულები“ – მოსკოვის ინტერესების დაცვისთვის ხელსაყრელი ინტრუმენტები.

ეს შეტევითი სტრატეგია კარგად მუშაობს მრავალნაციონალურ და შედარებით ახალგაზრდა, სტრუქტურული თვალსაზრისით ისეთ სუსტ ქვეყნებში, როგორებიც არიან საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის (და არა მხოლოდ ამ რეგიონების) ბევრი ქვეყანა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეოცე საუკუნის თითქმის ყველა საბჭოთა ჩარევის დროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საქმეებში, კრემლი თავს იმით იმართლებდა, რომ ომი ვიღაც გარე მტრის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ამერიკელ და მათ ევროპელ მოკავშირეებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული საკითხის დელიკატურობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში გაჩნდა საერთაშორისო კონფლიქტის რისკი, რომლის თავიდან აცილებაც საბედნიეროდ ბოლო წუთში მოხერხდა იმ საგანგებო ზომების წყალობით, რომლებსაც აშშ-მ და ევროპულმა ქვეყნებმა მიმართეს, მათ შორის იყო იტალიაც (რომის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თბილისზე რუსეთის შეტევის შეჩერების საქმეში, რითაც საქართველოს მოსახლეობა მრავალრიცხოვან მსხვერპლს გადაურჩა).

დღეს ჩვენს წინაშე მოუგვარებელი პრობლემაა და სხვა არაფერი დაგვრჩა თუ არა, ყურადღებით დავაკვირდეთ საერთაშორისო დიპლომატიის ნაბიჯებს. დღეს, ისე როგორც არასდროს საჭიროა გადაწყვეტილების პოვნა, რათა თავი ავარიდოთ პრობლემის გამწვავებას, რომელმაც შეიძლება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოება.

foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100