სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯეიმს აპატურაი: „ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია“

„შემიძლია გითხრათ, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიწვეულია, როგორც ალიანსის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი, მანამდე კი ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოსა და გენერალურ მდივანს შეხვდება“, - ამის შესახებ ნატოს გენმდივნის თანაშემწემ ჯეიმს აპატურაიმ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიაში, სადაც ავღანეთში ალიანსის სამშვიდობო მისიის მომავალი განიხილება.

„ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ წარმატებული რეფორმების გამო საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს და ეს სიმართლეა. ჩვენ შევიმუშავეთ ურთიერთობის ახალი ფორმატი და მას „ურთიერთკავშირის გაძლიერების“ შეთანხმება დავარქვით, რაც იმას გულისხმობს, რომ ნატო არამარტო ერთგული რჩება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების, არამედ აქტიურად დაეხმარება საქართველოს რეფორმებში.

უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს წარგზავნილი კონტიგენტი ავღანეთში. ეს არის უდიდესი კონტრიბუცია და ამის გამო ვისარგებლებ შემთხვევით, რომ მადლობა გადავუხადო საქართველოს და ამავე დროს, სამძიმარი გამოვთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ წარმატებული რეფორმებითა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით საქართველო ფრიად მნიშვნელოვან სიგნალს აგზავნის ნატოში. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატოს ქვეყნების დედაქალაქებში ყურადღებით აკვირდებიან ამ სიგნალს“, - დასძინა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100