დაქირავებული მოქალაქეები
ათობით და ასობით ადამიანი ჩივის, რომ არ გადაუხადეს დანაპირები ფული „პოკლონნაია გორაზე“ პუტინის მხარდასაჭერ მიტინგში მონაწილეობისათვის.
„ჩვენ 82 500 რუბლში გადაგვაგდეს“ – აღშფოთებით ამცნო „გაზეტა.რუ“–ს კორესპონდენტს ჭარმაგმა მამაკაცმა, რომელმაც მას გადასცა სავიზიტო ბარათი წარწერით: „მსახიობების შერჩევის აგენტი სერგეი ვასილევიჩი“.
მისი მონათხრობის თანახმად, იგი არის ბრიგადირი – ემსახურება მსახიობების შეგროვებას მასობრივი სცენებისათვის, მაყურებლების – ტელეგადაცემებისთვის, მოქალაქეების – პოლიტიკური მიტინგებისათვის... ამდენი წელია მუშაობს, მაგრამ ასეთი პირუმტკიცობა პირველად გამოსცადა!
მას დაპირდნენ 50 რუბლს, როგორც ბრიგადირს, ყოველ მოყვანილ კაცზე, ხოლო 500 რუბლს – საკუთრად თითოეულ ადამიანს.
იდგნენ პატიოსნად მიტინგზე, იყინებოდნენ, ელოდნენ დამკვეთს – დამკვეთი მოვიდა, მაგრამ ფულის მხოლოდ ნაწილი მოიტანა; დანარჩენები ხახამშრალნი დარჩნენ – ახლა კი სერგეი ვასილევიჩს სწვდნენ ქეჩოში და ითხოვენ თავიანთ 500 რუბლს. მან კი რა ქნას – რეკავს დამკვეთთან, მაგრამ დამკვეთი ტელეფონის ყურმილს არ იღებს!
სერგეი ვასილევიჩამდე, გაწბილებულმა მომიტინგეებმა უკვე მიმართეს პროკურატურას, „ედინაია როსიას“ – მაგრამ ყველგან უარი მიიღეს; შემდეგ დაუკავშირდნენ პუტინის მისაღებს, დარეკეს და წერილიც გაუგზავნეს; როდესაც არაქათი გამოეცალათ, ბოლოს მივიდნენ ორგანიზაცია „დემოკრატიულ არჩევანთან“, სადაც მათ ურჩიეს მომხდარის შესახებ მოეთხროთ ჟურნალისტებისათვის.
ასე მოხვდა ეს ისტორია „გაზეტა. რუ“–ს ფურცლებზე, საიდანაც ჩვენც ვისარგებლეთ.
კომენტარი