სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ზე ქართველი გეი-ბლოგერის ბედით შეშფოთდნენ, რომელმაც თვითმკვლელობაზე მიანიშნა

ღამის საათებში „ფეისბუქის“ მომხმარებლების ნაწილში სწრაფად გავრცელდა ქართველი, სავარაუდოდ, გეი-ბლოგერის ბოლო ბლოგ-პოსტი: „ცხოვრება, რომელიც მე არ მეკუთვნის“, სადაც ბლოგის ავტორი („ბინძური ბლოგი“) პირად ტრაგედიაზე საუბრობს, ამტკიცებს, რომ ყველას ეზიზღება და ბლოგის ბოლოს მინიშნებას თვითმკვლელობაზეც კი აკეთებს, როცა წერს: „ხვალ ყველაფერს წერტილს დავუსვამ“.

ტექსტში აღწერილი პრობლემა, რომელსაც ბლოგის ავტორი, მისივე ტექსტების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, არაერთხელ წააწყდა, ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი და თვისობრივია. სამწუხაროდ, ლგბტ კატეგორიის მიმართ ქართულ საზოგადოებას აგრესია უფრო ახასიათებს, ვიდრე მათ მიმართ ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული, ცივილიზებული დამოკიდებულება. ამ კატეგორიის წარმომადგენელთა აღქმა „უცხო სხეულად“ იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ საზოგადოების ნაწილში, თითქოს ტრადიციულ მოდადაც კი იქცა.

„ეს, მგონი, არ ხუმრობს, რამე ვუშველოთ, იქნებ კონტაქტზე გამოვიდეს“, - წერენ ბლოგის ავტორზე „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები, თუმცა, რასაკვირველია, ისეთებიც არიან, რომლებიც ბლოგის შინაარსს „გამოგონილს“ უწოდებენ, მის ავტორს კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, „ყველაფრის ღირსს“...

„დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ ბლოგტექსტს:

ცხოვრება, რომელიც მე არ მეკუთვნის

მახსოვს, პატარაობაში მეზობლის ბიჭს ჭიდაობისას სპეციალურად ვეხახუნებოდი გარკვეულ ადგილებზე, ხან ტუჩებში ვკოცნიდი და რომ მეკითხებოდა, თუ რატომ ვაკეთებდი ამას, არ ვიბნეოდი: იმიტომ, რომ მინდა გამოვცადო, როგორია, აბა დიდები რომ კოცნაობენ, კარგია მეთქი?!

მე სულ ასეთი ვიყავი.

დაბადებიდან.

არ ღირს იმაზე საუბარი, თუ რაოდენ რთული იყო პირველ რიგში, საკუთარ თავთან ამის აღიარება 13-14 წლის ასაკში… განსაკუთრებით იმიტომ, რომ ექსტრემალურად მასკულინური სოციუმით ვიყავი (ვიყავი რა, ვარ და ვართ) გარშემორტყმული, სადაც ქალის სინაზესაც კი ამრეზით უყურებენ, არათუ ბიჭის, ბიჭის რომლის დაბადებისას მამამ ჟანგიანი თოფიდან გაისროლა, საძმო დაპატიჟა და კარგად გამოთვრა.

მამამ ფარული ომი მაშინ გამომიცხადა როდესაც დედაჩემის სამკაულებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, სარკის წინ მდგარს შემომისწრო. იმ მომენტში არაფერი უთქვამს, თუმცა ეს დუმილი ბევრად ავისმომასწავებელი და საშიში იყო, ვიდრე ვთქვათ თავში წამორტყმა და ჭკუის დარიგება. ამ დღის შემდეგ ის ჩემი დაუძინებელი მტერი და მთავარი კრიტიკოსი გახდა, რომელიც ყოველდღიურად გასაოცარი ეპითეტებით მამკობდა, ზოგჯერ უმნიშველო რამის გამო, ხანდახან უმიზეზოდ… ყოველთვის მეზიზღებოდა მამაჩემი.

მეგონა დედაჩემს ვუყვარდი, იმდენად ვუყვარდი რომ ზურგს არასდროს შემაქცევდა… თურმე რა მწარედ ვცებოდი.

ყოველთვის გულჩათხრობილი და გარიყული ვიყავი, ბაღში, სკოლაში, სამეზობლოში თუ ნათესავებთან ურთიერთობისას… მამიკო დამეხმარა იმაში რომ საოცრად დავკომპლექსებულიყავი პატარაობიდან, ხმის ამოღებაც კი მრცხვენოდა ხოლმე, არაფერს ვამბობ იმაზე, როცა უცხო ადამიანების წრეში ვხვდებოდი. მერჩივნა მეხი დამცემოდა თავში, ვიდრე უცხოების წრეში აღმოვჩენილიყავი.

ასე ჩამოვყალიბდი იმად, რაც ვარ. და რა გგონიათ? გავბოროტდი? ცივი და დაუნდობელი გავხდი? არა! არ ვიცი ეს როგორ ან რატომ მოხდა, მაგრამ მძიმე ბავშვობამ პირიქით, უფრო სენტიმენტალური, გულმოწყალე და გულუბრყვილო გამხადა. საშინელი რომანტიკოსი, სიყვარულის და ბედნიერების მოტრფიალე, დაჩაგრულთა დამცველი, უსამართლობასთან ხმალამოღებული მებრძოლი, მაგრამ მაინც საკუთარ თავში ჩაკეტილი და მელანქოლიკი…

ყოველი ფილმის, თუ სერიალის ყურებისას, თავს მთავარი გმირის ადგილზე წარმოვიდგენდი ხოლმე, წარმოვიდგენდი, რომ მიყვარდა და ვუყვარდი… ბევრი ოცნება არ დამჭირვებია, 17 წლისა უკვე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი… ამ გრძნობამაც ბევრი ტკივილი მომიტანა, მაგრამ ის ამად ღირდა. ყოველი დღე ღირშესანიშნავი გახდა, ცხოვრება გაფერადდა, სიცოცხლეს აზრი მიეცა… პეპლები და ის - ყველგან ისინი იყვნენ.

ამ ყველაფერმა ისე გამათამამა, მეგონა ჩვენ წინ მეორედ მოსული ქრისტეც ვეღარ აღგვიდგებოდა. ავდექი და შეყვარებული სახლში მივიყვანე და ჩემებს წარვუდგინე.

არ ღირს იმ დღის გახსენება. იმ წყეულ დღეს ყველაფერი ერთად დავკარგე. სიყვარული, იმედი, თვითრწმენა, მშობლების პატივისცემა, საკუთარი თავი…

მე დღესაც მიყვარს, მაგრამ ერთად აღარ ვართ. ის არ აღმოჩნდა მზად ჩვენი სიყვარულისთვის ებრძოლა. მე კი, როგორც ყოველთვის მთელ სამყაროს წინ აღვუდექი და ყველამ გადამიარა, ვინც კი მომწვდა, მაგრამ ეგ რა სახსენებელია იმასთან რაც საკუთარმა ღვიძლმა მშობლებმა გამიკეთეს. მათ საკუთარი თავი შემაზიზღეს – ჩემი თითოეული უჯრედი და მოლეკულა.

მე არ ვარ გარყვნილი. მე მხოლოდ სიყვარულზე ვოცნებობდი.

ხვალ ყველაფერს წერტილს დავუსვამ. სამყაროც გათავისუფლდება ასეთი ”უგვანო და მახინჯი არსებისგან”, მეც დავისვენებ და მშობლებსაც ავაცილებ სირცხვილსა და თავის მოჭრას. მათთვის მოსეირე ნათესავების, და მეზობლების შეხედულება ბევრად ღირებულია ვიდრე ჩემი სულიერი სამყარო, ჩემი განცდები და თავად მე.

მე იმისათვის დავიბადე, რომ შემიზიზღონ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100