სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში სიგარეტი მეზობელ ქვეყნებზე 2-ჯერ ძვირია, რაც კონტრაბანდის ზრდას იწვევს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ სიგარეტზე აქციზური გადასახადი ევროპაში არსებულ განაკვეთებს გაუტოლდეს. რამდენიმე წელიწადში აქციზის განაკვეთმა უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე, რაც ერთ კოლოფზე მინიმუმ 5,9 ლარი გამოდის. დღეისათვის საქართველში აქციზის განაკვეთი კოლოფზე უკვე 3.3 ლარია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქციზის გადასახადს 90 ევრომდე 10 და მეტი წლის განმავლობაში ზრდიდნენ. საქართველო კი ესეთი ტემპებით 90 ევროს 2-3 წელიწადში მიაღწევს.

აქციზის განაკვეთის დადგენის დროს საქართველოს მთავრობამ რამდენიმე შესაძლო სცენარიდან განაკვეთის ყველაზე სწრაფი მატების მეთოდი აირჩია. შესაბამისად, თავი იჩინა იმ უარყოფითმა შედეგებმა, რაც აქციზის გადასახადების უეცარ და მკვეთრი ზრდას ახასიათებს: გაიზარდა ინფლაცია და კონტრაბანდის მასშტაბმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე, საკონსულტაციო კომპანია ACT Impact-მა შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ მწეველების დაახლოებით მესამედმა სიგარეტი უფრო იაფფასიანი გადასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა, რაც მათ ჯანმრთელობას რისკი შეუქმნა.

ლიკა გოდერძიშვილი (ACT Impact-ის წამყვანი ეკონომისტი): „საერთაშორიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს ფასები როცა დაბალია, კონტრაბანდის შემოდინება იმატებს. კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის მომატებული, ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი 148%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს ადასტურებენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც. ისინი აღიარებენ, რომ საზღვრებზე გამკაცრებულია კონტროლის მიუხედავად, კონტრაბანდული სიგარეტი მაინც შემოდის. ხალხი ელოდება, რომ გადავიდეს საზღვარზე, გადმოიტანოს რამდენიმე კოლოფი სიგარეტი და გაყიდოს. ამავე დროს, მთავრობა საბიუჯეტო შემოსავლების კლებას ადასტურებს.

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს, მაგრამ ეს ცვლილებები კარგად დაგეგმილი და დროში გაწერილი უნდა იყოს. ცვლილებები უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობით, ბიზნესს ზიანი რომ არ მიადგეს. რადგან თამბაქოს ბიზნესში ბევრი ადამიანია ჩართული და კომპანიები თავიანთი ხარჯების დაბალანსების მიზნით პირველ რიგში, იძულებულები იქნებიან მუშახელი შეამცირონ”.

ივანე ხასია („ჯეი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი): „აქციზის ნაჩქარევად და სამოქმედო გეგმის გარეშე მატებამ, ნეგატიური შედეგი მოიტანა. არ იყო გათვალისწინებული რეგიონში არსებული მდგომარეობა. რადგან მეზობელ ქვეყნებში სიგარეტი 2-ჯერ ნაკლები ღირს, შეუძლებელი გახდა კონტრაბანდის შეჩერება.

საქართველოს აქვს ვალდებულება, აქციზის განაკვეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირში არსებულ ნიშნულს გაუთანაბრდეს. ეს არგუმენტი გასაგებია და მისაღები, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ ნიშნულისკენ ეტაპობრივად, 12-13 წლის განმავლობაში მიდიოდნენ. საქართველო კი არსებული ტემპით ევროკავშირის ნიშნულს 2-3 წელიწადში მიუახლოვდება. ამასთან, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა ვერ ეწევა აქციზის ზრდის არსებულ ტემპს. ეს მათ უბიძგებს, სიგარეტი იაფფასიანი ალტერნატივით ჩაანაცვლონ. არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან შემოდის სიგარეტი, რომელიც ლეგალურზე 2-3-ჯერ იაფი ღირს. ამიტომ საჭიროა აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია შემცირდეს ადვალური გადასახადი, რომელიც დღეისათვის სიგარეტის ფასის 30%-ია. ეს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ტრენდია, და ამის სანაცვლოდ, მხოლოდ ფიქსირებული განაკვეთის ზრდა მოხდეს”.

გიორგი მჟავანაძე (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი): „სიგარეტზე აქციზის გაზრდის დროს შეცდომები იყო დაშვებული. განაკვეთის ზრდის მიზანი იყო მოწევის შემცირება და ჯანდაცვის თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს ცვლილება კარგ მიზანს ემსახურება, მაგრამ მიღწეული ვერ იქნება. რადგან ე.წ. შესახვევი თუთუნი დარჩა დაუბეგრავი. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს შორის ფასთა სხვაობა გაიზარდა. ახალი ცვლილებების მიხედვით შესახვევ თამბაქოზე აქციზი გაიზარდა, მისი ფასი მაქსიმუმ 1,20-1,30 ლარი გახდება ანუ ფასთა შორის ისევ დიდი სხვაობა დარჩება და ეს არ არის საკმარისი. თანაც, მომავალ წლებში ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდა არის დაგეგმილი. მნიშვნელოვანია რომ ეს ცვლილება წინასწარ იქნას დაანონსებული გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ევროკავშირში აპრობირებული პრაქტიკაა, რათა კომპანიებმაც იცოდნენ და მომხმარებლებმაც, როდის და რამდენად გაიზრდება აქციზის განაკვეთი და პროდუქციის ფასი”.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აქციზის განაკვეთის ზრდა თანდათან და წინასწარ შედგენილი გრაფიკით უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ქვეყანა თავიდან აიცილებს კონტრაბანდას და საგადასახადო შემოსავლების შემცირებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100