სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გენერალ ბორტნიკოვისა და პოლკოვნიკ ბესედას სცენარით – რუსთაველისკენ

ირაკლი ოქრუაშვილის მოსკოვში ჩასვლის ფაქტს რუსული წყაროები ადასტურებენ, „ქართულ პარტიაში“ კი თავიანთი შეფის ადგილსამყოფელად ნეიტრალურ ქვეყანას – შვეიცარიას უთითებენ. ქართულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი შვეიცარია ოქრუაშვილის პოლიტიკური ბრძოლის უკვე განვლილი ეტაპია: ის იქ დაახლოებით ერთი თვის წინ, ლაშა ნაცვლიშვილის (უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე) ვილაში იმყოფებოდა და საქართველოში მასობრივი არეულობის მოწყობის გზით ხელისუფლების დამხობის სცენარიც სწორედ იქ დაიწერა. რა თქმა უნდა, ვილაში შეკრებილებმა მხოლოდ გეგმის სამუშაო ვარიანტი შეადგინეს და ამის შემდეგ ოქრუაშვილთან ერთად მოსკოვს მიაშურეს.

არეულობის გეგმა დაახლოებით ასეთია: 50 ათასიანი „მოხალისეთა“ არმიის შექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ნიღბით (ანუ, ეს არ იქნება შეიარაღებულ პირთა ერთობლიობა და იარაღი საქმეში ბოლო მომენტში ჩაერთვება), რისთვისაც კარგა ხანია, დაწყებულია ყოფილი მხედრიონელებისა და კიტოვანის გვარდიის ძველი, განაწყენებული ჯარისკაცების მობილიზება; თავდაპირველად ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ცალკეული ჯგუფების მიერ არეულობის პროვოცირება, შემდეგ კი ამ „მოხალისეების“ ეგიდით თითქოსდა ხალხის უსაფრთხოების დაცვა. რასაკვირველია, ეს გეგმის ზოგადი აღწერაა – უფრო დეტალურად გეგმის ავტორებმა და ამ გეგმის შემსრულებლებმა იციან.

რაც შეეხება გეგმის რუს ავტორებს და საბოლოო კორექტორებს, წყაროები რუსეთის ФСБ–ს ამჟამინდელ დირექტორს, გენერალ ალექსანდრე ბორტნიკოვს და მის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგეი ბესედას ასახელებენ. ერთ–ერთი ვერსიით, სწორედ ამ ორი პირის უშუალო მითითებითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა „ქართული პარტია“, რისთვისაც კრემლმა ოქრუაშვილს, საერთო ჯამში, 30 მილიონი გადასცა. რასაკვირველია, ამისთვის „ოქროს“ მოსკოვში რამდენჯერმე ჩაყვანაც გახდა საჭირო.

ალექსანდრე ვასილის ძე ბორტნიკოვი რუსეთის ФСБ–ს 2008 წლის 12 მაისიდან ხელმძღვანელობს და ამ სტრუქტურის მეექვსე დირექტორია. მისი წინამორბედი ნიკოლოზ პატრუშევი იყო. 1951 წელს დაბადებული ბორტნიკოვი „ედინაია როსიას“ წევრია და როგორც ინტერვიუებში ხშირად აღუნიშნავს, ამით ამაყობს კიდეც. არც მისი განვლილი გზის გამოცნობაა ძნელი: 1975 წლიდან КГБ –ში მუშაობდა – რასაკვირველია, ლენინგრადის ოლქში, სადაც დაუახლოვდა ვლადიმირ პუტინს და დღემდე მის რჩეულად ითვლება. სწორედ პუტინმა გადაიყვანა 2004 წელს სანკტ–პეტერბურგიდან მოსკოვში და თავდაპირველად ФСБ–ს დირექტორის მოადგილის, შემდეგ კი დირექტორის პოსტი ჩააბარა.

სერგეი ბესედა სპეცსამსახურებში მუშაობის დიდი ხნის სტაჟის მქონე პოლკოვნიკია. როგორც რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იტყობინებიან, მედვედევის მიერ გენერალ უშაკოვის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც ФСБ–ს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, სწორედ სერგეი ბესედა იქცა ბორტნიკოვის მარჯვენა ხელად. მას უშუალოდ აბარია ФСБ–ს ის განყოფილებები, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე „ზრუნავენ“.

რუსი ექსპერტი და პოლიტოლოგი, ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოსკოვში ყოფნა აბსოლუტურად დასაშვებია. მეტიც – ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ოქრუაშვილი არამარტო ბორტნიკოვს, პუტინსაც შეხვდეს. „თუკი პუტინი ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს შეხვდა, რატომ არ შეიძლება, ოქრუაშვილსაც შეხვდეს?“, – ამბობს ექსპერტი. მისი თქმით, ამ დღეებში სამი ნიშანდობლივი დამთხვევა მოხდა: მედვედევის აღიარება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, გუშინ მომხდარი სროლა პერევთან და დღეს მოსკოვში ოქრუაშვილის ჩასვლა, რამაც მას საბჭოთა ანეკდოტი გაახსენა: „როცა ერთი დამთხვევა ხდება, ეს შემთხვევითობა, როცა ორი – ესეც შეიძლება შემთხვევითობა იყოს, ხოლო როცა სამი დამთხვევა ხდება, ეს უკვე „კა–გე–ბე“–ა...“

არეულობის გეგმის დასკვნით ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლას ირაკლი ოქრუაშვილიც აპირებს: ბორტნიკოვისა და ბესედას მიერ დაწერილი სცენარის დეტალებით იგი რუსთაველზე მოხვედრას ცხინვალის გავლით შეეცდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100