სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერიაში კადრების წმენდა დაიწყო - ხომერიკი ბრალდებას უარყოფს

თბილისის მერიის განვითარების ფონდში ცვლილებებია. როგორც "დრონი.ჯი"-ს ფონდის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, სამსახურიდან 33 თანამშრომელი უსაფუძვლოდ და პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

ჩვენი რედაქციისთვის ინფორმაციის მომწოდებელმა პირმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამიტომ ინტერვიუს, რესპოდენტის სახელისა და გვარის დასახელების გარეშე გთავაზობთ.

-რატომ გაგათავისუფლეს სამსახურიდან, შეგიძლიათ გითხრათ მიზეზი რა დაგისახელეს თქვენ და დანარჩენ გათავისუფლებულ ადამიანებს?

-ხელმძღვანელობისგან ისეთი დავალებები გვქონდა, რასაც ვერცერთი ჩვენთაგანი პიროვნული პრინციპებიდან გამომდინარე ვერ შევასრულებდით. ცდილობდნენ ბევრი შენიშნვა მიგვეღო, რაც შემდგომ გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო.

დიდი რაოდენობა თანამშრომლების, 50% გათავისუფლებულია ფონდიდან. 33 ადამიანზეა საუბარი. ყველა მათგანთან ერთი და იგივე ხელწერაა. აძლევდნენ მათ გაფრთხილებებს, საყვედურებს, რათა შემდგომ ყველა გავეშვით სამსახურიდან. იყო თანამშრომლების მიმართ არაეთიკური დამოკიდებულება. ასევე იყო ცრუ ბრალდებებიც. გვაბრალებდა, რომ წინა ხელმძღვანელობასთან ერთად კორუფციულ გარიგებებში ვმონაწილეობდით. მუშაობა შეუძლებელია მასთან, გამუდმებით ყვიროდა.

-როგორ გგონიათ რეალური საფუძველი რა იყო თანამშრომლების დათხოვნის?

-რეალური საფუძველი პოლიტიკურ შეხედულებებშია. ასევე შტატების გათავისუფლებაც სურდათ, თავისი კადრები რომ მოეყვანათ. ეს ყველაფერი კი ახალი მერის დავალებით ხდება. დავით ნარმანია ყველაფრის საქმის კურსშია.

-ვინ არის ამჟამად განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი?

-განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკია. როგორც ვიცი პროფესორია, თუმცა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ვიცი, რომ დავით ნარმანიას რეკომენდაციითაა დანიშნული. პირად საუბრებშიც ხშირად აღუნიშნავს, რომ მერის პროტეჟეა.

"დრონი.ჯი" ბრალდებებზე საპასუხოდ მეორე მხარესაც დაუკავშირდა. განვითარების ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ფონდიდან ის თანამშრომლები არიან გათავისუფლებულები, რომლებიც სამსახურში არ დადიოდნენ და სხვადასხვა დარღვევა ჰქონდათ საქმიანობაში.

„სულ გათავისუფლებულია 29 თანამშრომელი. რიგითი თანამშრომელი არის მხოლოდ 2 და დანარჩენები არიან მოგონილი თანამშრომლები. 13 თავად წავიდა და 15 უხეში დარღვევებისთვის მე გავათავისუფლე. ერთი თანამშრომლი კი რამდენიმე საყვედურის გამო გავუშვით. მეორე კატეგორია ვინც გავათავისუფლეთ ის კატეგორიაა, რომლებიც მერიაში ბოლო პერიოდში მომხდარი დაჭერების შემდეგ სამუშაოდ ჩვენთან მოიყვანეს. ეს არის დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი და სხვები.

არანაირი 33 ადამიანი არაა გათავისუფლებული. საუბარია 12 ადამიანზე, რომელთაგან ნაწილი ვისზეც მოგახსენეთ გავუშვი, ნაწილმა კი პოსტები თავად დატოვა. მე იმ ადამიანებს, ვინც სამსახურში არ გამოცხადდა გამაფრთხილებელი წერილებიც მივწერე და მხოლოდ ამის შემდეგ გავათავისუფლე ისინი. როგორ დავტოვებდი იმ ხალხს სამუშაოდ, რომლებსაც სერიოზული დარღვევები აღმოვუჩინეთ. ფონდიდან გამქრალია მნიშვნელოვანი საბუთები, გაფლანგულია 5 მილიონი ლარი, დაკარგულია ინვენტარი.

პოლიტიკური სარჩულით არავინ გაგვითავისუფლებია. ჩვენთან კიდევ მუშაობს ბევრი ადამიანი, რომლებიც შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იყვნენ, თუმცა პროფესიონალები არიან და აქ მუშაობენ დაარსების დღიდან.

მე საჯარო სამსახურში მიმუშავია შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც, თუმცა პარტიულობის გამო არ მიწვევდნენ თანამდებობებზე. მე არ ვარ რომელიმე პარტიის გავლენიანი წევრი, ამის გამო მიმეღო სამსახური. დღესაც ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტში. აქედან ვიცნობ ბათონ დავით ნარმანიას. მე ვმუშაობდი მის მრჩევლად ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მე ვარ მისი გუნდის წევრი.“ - განაცხადა თემურ ხომერიკმა დრონი.ჯი-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100