„შორენა-ხანუმი“ და სადახლოში მეგრულად ამღერებული აზერბაიჯანელი ბავშვები
მისი ნახვისთანავე რომ აუხსნელი სითბო ჩაგეღვაროთ სულში, სულაც არაა აუცილებელი, შორენა ხუხუას იცნობდეთ: ის იმ იშვიათ ადამიანთაგანია, ვისთან ახლობლობა არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მისი სულის სიღრმიდან წამოსული სიკეთე შეიგრძნოთ: როცა იცინის, სწორედ სულიდან იცინის და ამიტომაც, მისი სიცილი, მისი ღიმილი ნამდვილია. არადა, შორენა სულ იღიმება ან იცინის და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ შეიყვარეს მისმა მოსწავლეებმა ისე, რომ „შორენა-ხანუმი“ შეარქვეს.
სამეგრელოში, სადაც უნდა ჰკითხოთ საშუალო ასაკის ადამიანს, ტრიფონ ხუხუა თუ გაგიგიაო, გიპასუხებთ - როგორ არ გამიგია, მისი მსგავსი ფოლკლორისტები თითზე ჩამოსათვლელი გვყავსო... ბატონი ტრიფონი, ტრიფონ ბერად წოდებული შორენას ბაბუა, უნიკალური ხმის გარდა, სწორედ იმით იყო ცნობილი, რომ საოცრად შეეძლო ადამიანთა გრძნობების გაზიარება: სიხარულისაც და წუხილისაც.
შორენასაც ბაბუას ეს თვისება დაჰყვა და კიდევ, მთავარი: კირკიტა სიჯიუტე, რომელიც ფოლკლორისტებს ახასიათებთ, შორენას თავის პროფესიაშიც გამოადგა - სწორედ სიჯიუტემ გადააწყვეტინა იმ პროგრამაში მონაწილეობა, რომელმაც სადახლოში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახადა, სწორედ სიჯიუტე და მიზანდასახულობა აძლევს იმის ძალას, ყოველ დილით თბილისიდან სადახლოში იაროს და, რაც მთავარია, სწორედ კირკიტა სიჯიუტეა ის, ვინც შორენას შემოგარენიდან კუდამოძუებული გააძევა სიკვდილი: სამი წლის წინ შორენა ხუხუა ავტოკატასტროფაში მოხვდა.
სიკვდილი და სიცოცხლე დიდხანს ებრძოდნენ ერთმანეთს შორენასთვის. საბოლოოდ, სიცოცხლემ გაიმარჯვა, შემდეგ კი სიცოცხლის წყურვილმა შორენას კიდევ ერთი გამარჯვება განაპირობა: ყავარჯნებისა და ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეეძლო, მაგრამ უარი არ უთქვამს თავის საქმეზე - ის ისევ მასწავლებელია და ისევ დადის, ისევ ასწავლის, ისევ ისე და კიდევ უფრო მეტად უყვართ სადახლოელ ბავშვებს...
ზოგჯერ, როცა გრძნობები მოეძალება, წერს კიდეც. ლექსად. მაგალითად, ასე:
ღმერთია სულში,ორი მხარე მაჩუქა მედლის,
ფეხების ნაცვლად დამატარებს ამქვეყნად ეტლი.
ვაცეცებ ფიქრებს,გულთანაც თუ ქვების ყორეა,
ფეხიც ვერ შევა,სულერთობა თან დაჰყოლია..
პლანეტისხელა სიყვარულით ატოკდა მკერდი,
უკიბეებო გულით დამხვდი,შემოვალ ეტლით...
ხომ ფაქტია, რომ ქართველს სიმღერით შეეძლო გამეოხატა სიხარულიც, წუხილიც და აღშფოთებაც და ამის მაგალითი ქართულ ფოლკლორში უამრავია. სიმღერამ შორენა ხუხუას ცხოვრებაშიც დიდი როლი ითამაშა: „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შორენას ატვირთული აქვს ვიდეო, სადაც ტკბილი მეგრული სიმღერა სრულდება. შორენას მამა მღერის. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სწორედ ეს სიმღერა იყო შორენასთვის გამართული სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის, ასე ვთქვათ, საუნდტრეკი, რადგან... მამა შორენას ამ სიმღერას რეანიმაციის პალატაში უმღეროდა: ჯიუტი, მტკიცე, მაგრამ ცრემლგარეული ხმით -
მშობელს იმდენად სჯეროდა, ჩემს შვილს სწორედ ეს სჭირდებოდაო, რომ ექიმები ვერას გახდნენ და უპრეცენდენტო გამონაკლისი დაუშვეს: რეანიმაციის პალატაში, ჯერაც უგონო შორენას გვერდით მამაკაცი იჯდა და მღეროდა... ეს სიმღერა მამამ სახლში დაბრუნებულ შვილსაც უმღერა: ამჯერად ხმაში ცრემლი არ იყო გარეული და მე თუ მკითხავთ, ამ სიმღერაში, რომლის შესრულებაც სწორედ შორენას დაბრუნების შემდეგაა გადაღებული, სიმღერისადმი სამადლობელიც კი ისმის - ზოგადად, სიმღერის მიმართ გამოთქმული მადლიერება...
ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა შორენას ცხოვრებაში სიმღერამ მთავარი როლი ითამაშა: სულაც არ ევალებოდა, მაგრამ სადახლოში მოსწავლეები ისე დააინტერესა ქართული ფოლკლორით, ქართული კუთხური სიმღერებით, რომ ისინი... მეგრულად აამღერა.
და სწორედ ასე: ღიღინ-ღიღინით და ტკბილმოუბრად გადის დრო აზერბაიჯანელ ბავშვებთან ერთად. შორენას შვილობილებიც ჰყავს და ღვიძლ შვილში არ გამოერჩევა. „შორენა-ხანუმი“ აზერბაიჯანელი მოსწავლეების დედებსაც ძალიან უყვართ. 30 წლის მხიარული, მოსიყვარულე მასწავლებლისთვის სადახლოში ყველა სახლის კარი და ამ სახლების მფლობელთა გულიც ღიაა.
და საერთოდ, მე თუ მკითხავთ, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, გაიმარჯვებს თუ არა შორენა ხუხუა „იმედის გმირი 2012“-ის კონკურსში: ის უკვე იმედის გმირია. იმ იმედისა, რომელიც სადახლოელი მოსწავლეების გულებში ყოველ სასკოლო დილას კიაფობს და რომელსაც ასე ჰქვია: „მოვა, აუცილებლად მოვა!..“
„იმედის გმირი 2012“-ის გამოსავლენი კონკურსი „ფეისბუქზე“;
თუ გსურთ ხმა მისცეთ შორენა ხუხუას, დარეკეთ –
0903100139
ან დაუმესიჯეთ: 95139
კომენტარი