მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ!
რეაქციულმა კრიტიკამ, სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ და უიღბლო სიყვარულმა ეს ადამიანი სულიერ კრიზისამდე მიიყვანა.
მისი სახელი მსოფლიო ლიტერატურას დარჩა, რევოლუციის , თავისუფლებისა და სიყვარულის მგზნებარე მომღერლად.
დიახ, ეს შანდორ პეტეფია... პოეტი, რომლის სიცოცხლის უკანასკნელი წლები თითქოს ერთბაშად აივსო ბედნიერებით: 23 წლის ღარიბსა და უსახლკარო შანდორს, შეძლებული მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცოლად მიჰყვება 18 წლის იულია სენდრეი, მაღალი წრის ულამაზესი ქალიშვილი. პეტეფიმ მას უამრავი ლექსი უძღვნა, რომლებიც უნგრული და მსოფლიო ლირიკის შედევრებს მიეკუთვნებიან. პოეტის ბედნიერების მეორე მწვერვალი იყო დიდი ხნის ნაოცნებარი ეროვნული რევოლუციის დაწყება, რომლის ცეცხლშიც პეტეფი თავდავიწყებით გადაეშვა და 1849 წლის 31 ივლისს, ბრძოლაში დაიღუპა კიდეც. მისი სუსტი სხეული ხიშტზე ააგეს და მკერდში დაჭრილი პოეტი უზარმაზარ საძმო სასაფლაოში ისროლეს, თუმცა იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო....
შანდორ პეტეფი 1823 წლის 1 იანვარს კიშკერეში დაიბადა, მშობლების გაკოტრების გამო პეტეფი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მოხეტიალე ცხოვრება დაეწყო. მუშაობდა სტატისტად, გამწესდა ჯარისკაცად, იყო მოხეტიალე დასის მსახიობი და მოდების ჟურნალის რედაქტორის თანაშემწე. პირველი ლექსი "მსმელი" 1842 გამოაქვეყნა. პეტეფი იყენებდა ხალხურ მოტივებს, თუმცა თვალსაჩინო იყო მისი პოეტური ქმნილებების თვითმყოფადი ხასიათიც. პეტეფის ლექსებში მალე გაჩნდა დემოკრატიული სულისკვეთება. სამყაროს მტკივნეულ შეგრძნებას გამოხატავს რომანტიკული ციკლი "ღრუბლები". შემდეგ კი, 40-იანი წწ. მეორე ნახევარში, იულია სენდრევის სიყვარულმა და მასთან ქორწინებამ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პეტეფის შემოქმედებითს ევოლუციაზე .
უნგრეთის სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ პეტეფის მთელი შემოქმედება რევოლუციურ-დემოკრატიულ პლატფორმაზე დააყენა. 1847 სათავეში ჩაუდგა "ახალგაზრდა უნგრეთის" ორგანიზაციას. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის "12 პუნქტის" შემუშავებაში. 1849 მარტიდან იგი პეშტის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა; საბრძოლო ჰიმნად გაისმოდა პეტეფის ლექსები "ეროვნული სიმღერა", "საბრძოლო 1792 სექტემბრის სიმღერა" და სხვ.
26 წლის პეტეფი მეფის რუსეთის კაზაკებთან ბრძოლაში დაიღუპა.
უნგრელ ხალხს მისი მგოსნის გარდაცვალების დაჯერება გაუჭირდა. ზოგს იგი შორეულ ტყვეობაში ეგულებოდა, ზოგსაც დაჭრილი ეგონა და ჭრილობის მოშუშების შემდეგ ისევ ელოდნენ მის გამოჩენას.
შანდორს კი შესანიშნავად აუხდა მისივე წინასწარმეტყველება. მას არ უნდოდა საწოლში სნეულებით მომკვდარიყო და ნელა გამქრალიყო.
შანდორ პეტეფის ლექსები ქართულად მურმან ლებანიძემ თარგმნა და მისი პოეზია საქართველოში, ყველა ასაკის მკითხველისთვის, ძალიან პოპულარულია.
პოეტს აუხდა თავისი ნათქვამი, სულ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვიტოვა თავისი უკვდავი შემოქმედება, ლექსები, რომლებიც მკითხველს არასოდეს ტოვებს გულგრილს. საყვარელი ცოლისადმი მიძღვნილი „ მიყვარხარ ძლიერ ძლიერ“ კი დღემდე რჩება მსოფლიო სასიყვარულო პოეზიის შედევრად.
კომენტარი