სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს დღეს EPF დელეგაცია ეწვევა

საქართველოში დღეს მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) დელეგაცია ჩამოვა . დელეგაციის შემადგენლობაში შედიან EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან; ასევე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ნიუ-იორკის ოფისისა და EPF-ის ბრიუსელის შტაბ-ბინის წარმომადგენლები.
EPF-ის აღმასრულებელ კომიტეტში გაერთიანებულია ევროპის 10 ქვეყნის პარლამენტარი და მისი პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელია.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტი გიგი წერეთელი გაუძღვება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-სა და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) საპარლამენტო ჯგუფის წევრები.
ევროპელი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ ქართველ დეპუტატებთან და მთავრობის წევრებთან. ეწვევიან ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, შეხვდებიან შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მოინახულებენ 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს, დაათვალიერებენ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
დელეგაციის ვიზიტი ორდღიანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100