სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ხუნდება ივანიშვილი?

ამერიკული NDI-ს მიერ ჩატარებული სკანდალური გამოკითხვა კვლავ ქართული საზოგადოების და ექსპერტული თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია. ამ გამოკითხვაში ძალიან ბევრი საინტერესო სოციოლოგიური მონაცემი იყო, რომელიც პარტიულ რეიტინგებს პირდაპირ არ ეხებოდა. მაგრამ ქართული სოციუმის თავისებურებებიდან და პოლიტიკური კლასის ტრადიციიდან გამომდინარე, უმთავრესი ყურადღება, რასაკვირველია, სწორედ პარტიულმა რეიტინგებმა მიიპყრო.

მათში ყველაზე თვალსაჩინო და იოლად შესამჩნევი ბიძინა ივანიშვილის კოალიციის აშკარა დასუსტებაა. შემოდგომაზე ჩატარებული კვლევის შემდეგ, "ოცნების" რეიტინგი თითქმის 17 პუნქტით დაეცა. ბუნებრივია, კოალიციის წევრებს ეს მონაცემები ძალიან არ მოსწონთ და იოლ ახსნასაც უძებნიან: "NDI-მ შედეგები გააყალბა, ხალხი დაშინებულია, მოსახლეობა კონფორმისტულადაა განწყობილი; ამჯობინებს, გამოკითხვისას აუტკივარი თავი არ აიტკიოს" და ა.შ.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ რაც შეეხება მოსახლეობის კონფორმისტულ განწყობას, ეს მოსაზრება მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს: როდესაც ადამიანთან ოჯახში მოდიან სოციოლოგები (თანაც მთელი ჯგუფი, კომპიუტერებითა და ქაღალდებით ხელში), "საშუალო სტატისტიკურ ქართველს", ვინც ბოლო 20 წლის პოლიტიკური კატაკლიზმებით დაღლილი და იმედგაცრუებულია, უჩნდება ინტენცია, თავი აარიდოს სიმწვავეს.

აქვე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზეც, სად მთავრდება კონფორმიზმი და სად იწყება შიში (თუმცა, არა მგონია, მათ შორის "ჩინური კედელი" არსებობდეს), მაგრამ როგორც უნდა ვეცადოთ გავიზიაროთ ივანიშვილის მომხრეთა არგუმენტები ან მთლიანადაც რომ დავიჯეროთ მათი მოსაზრება ხალხის დაშინებულობისა და გამოკითხვებისას არაგულწრფელობის, მით უმეტეს ამერიკული ორგანიზაციის ტენდენციურობის შესახებ, ეს არგუმენტაცია ყველა კითხვას მაინც ვერ უპასუხებს. მაგალითად: შემოდგომაზე, როდესაც ივანიშვილის რეიტინგი ბევრად მაღალი იყო, მოსახლეობას ნაკლებად ეშინოდა და ახლა მეტად ეშინია?

აშკარაა, რომ ასე მარტივად არ არის საქმე და ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით მართლაც ვერ ახერხებს ნამდვილ პოლიტიკურ ლიდერად ქცევას, ვერ ახერხებს შექმნას პოლიტიკური პროცესი, უკარნახოს პოლიტიკურ და სახელისუფლებო ელიტას საკუთარი დღის წესრიგი, საკუთარი პრიორიტეტები, ანუ მოახერხოს ის, რასაც ახერხებდა ("ამ მეთოდით" თუ "იმ მეთოდით", "ამ ტექნოლოგიით" თუ "იმ ტექნოლოგიით", რომელიც მაშინ ბევრს არ მოსწონდა) მიხეილ სააკაშვილი 2002-2003 წლებში.
***
ზოგს მიაჩნია, რომ აქ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ იმედგაცრუებასთან, რომელიც აუცილებლად დგება დიდი იმედისა და მოლოდინის შემდეგ. მართლაც, ბიძინა ივანიშვილი ჯადოქარი არ არის და ერთი ჯოხის აქნევით სასწაულებს ვერ მოახდენდა, მაგრამ მისი პოლიტიკური იმიჯის "გახუნებას" მაინც უფრო სუბიექტური მიზეზები აქვს. ივანიშვილი უშვებს შეცდომებს, ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებს, რომლებიც ლოდებივით ეკიდება მის რენომეს.

პირველ რიგში, ვგულისხმობ გარემოცვისა და გუნდის შერჩევას. ბრენდი "ბიძინა ივანიშვილი" თავიდან ეჭვმიუტანელი ჩანდა, მაგრამ თუ ივანიშვილს ეგონა, რომ ეს ავტორიტეტი ნებისმიერი შემადგენლობის გუნდს ხალხის თვალში ასეთივე ლეგიტიმურობას მიანიჭებდა, – ძალზე სერიოზულად შემცადრა. თანაც, ეს შეცდომა მეტისმეტი თავდაჯერებულობიდან გამომდინარეობს, რასაც, თავის მხრივ, ბიზნესში მიღწეული წარმატებები უდევს საფუძვლად.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ პირველივე წერილში ივანიშვილი მტკიცედ აცხადებდა, რომ მისი ყველაზე ძლიერი თვისება კადრების სწორი შერჩევა და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაა. ანუ მას გულწრფელად ეგონა, რომ ის თვისებები, რაც 1990-იან წლებში, ელცინის რუსეთში გამოადგა, ქართულ პოლიტიკაშიც ასევე წარმატებით გამოადგებოდა.

არადა, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ გუნდის (გარემოცვის, კოალიციის) შექმნის შემდეგ დაიწყო მისი იმიჯის დევალვაცია, როდესაც ივანიშვილმა ჯერ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში სრულიად არაპოპულარული (უკეთეს შემთხვევაში არაავტორიტეტული, უარეს შემთხვევაში კი ნეგატიური განწყობის აღმძვრელი) და წლების განმავლობაში მოყირჭებული სახეები შემოიკრიბა. შემდეგ კი მათ ხელფასებად ათიათასობით ლარი დაუნიშნა, რითაც პროტესტული ელექტორატი კიდევ უფრო გააღიზიანა. ამ ელექტორატს თვით ბიძინა ივანიშვილის მილიარდები კი არ აღიზიანებს, არამედ ის, რომ, მათი აზრით, მილიარდერი თავის რესურსებს უსამართლოდ ანაწილებს.

გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ ივანიშვილის კოალიცია იდეურად და მსოფლმხედველობრივად ეკლექტურია. მისი წევრები არ ასოცირდებიან რაიმე ერთიან, გამოკვეთილ პოზიციასთან. თუ, მაგალითად, რესპუბლიკელები ბათუმში სულთან აზიზიეს მეჩეთის აღდგენას ნორმალურად მიიჩნევენ, "ეროვნული ფორუმი", სავარაუდოდ, წინააღმდეგი იქნება. და საერთოდ, არავინ დაიჯერებს, რომ გუბაზ სანიკიძე და ლევან ბერძენიშვილი შეიძლება რაიმე პოლიტიკურ კოალიციაში დიდხანს იმყოფებოდნენ ერთად, გარდა "სახალხო ფრონტის" მაგვარი დროებითი გაერთიანებისა, რომელიც ყველგან და ყოველთვის იქმნება პრინციპით: "ყველა – ერთის წინააღმდეგ!"

მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ხალხს კარგად ახსოვს, რა შედეგები მოიტანა ამგვარმა გაერთიანებებმა, რომელთაც, უბრალო ენით, "პოლიტიკურ აჯაფსანდალს" უწოდებდნენ. რაოდენ მაღალიც უნდა ყოფილიყო თავიდან ივანიშვილის რეიტინგი, მისი გუნდის თუ კოალიციის წევრთა მიმართ არაერთგვაროვანი განწყობა, ისევე როგორც პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი ეკლექტიზმი, ადრე თუ გვიან პოპულარობაზეც იმოქმედებდა და სწორედ ასეც მოხდა.

ახლა ყველაფრის მხოლოდ "გაყალბებით" და "ხალხის დაშინებულობით" ახსნა, რასაც გარემოცვის წევრები ჯიუტად ცდილობენ, მეტისმეტი გამარტივება და თავის მოტყუებაა.
***
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური ლეგიტიმურობა. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ პოლიტოლოგიაში "ლეგიტიმური" არ გამოიყენება მხოლოდ "კანონიერის" შესატყვისად. აქ "ლეგიტიმური" იგივეა, რაც "ძლიერი", "სერიოზული", "არსებითი", "აქტიური", "წარმატებული". ანუ როდესაც პოლიტიკური ფიგურის "ლეგიტიმურობაზე" ვსაუბრობთ, უნდა გავითვალიწინოთ, რომ საქართველოში ამ ტერმინით აღინიშნება არა მხოლოდ და არა იმდენად მისი იურიდიული სტატუსი (ვთქვათ, ექნება თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობა, რაც სინამდვილეში მესამეხარისხოვანია), არამედ ის, თუ რამდენად ძლიერად და არსებითად გამოიყურება ეს პოლიტიკოსი კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების ფონზე.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ივანიშვილის პრობლემა ის არის, შეძლებს თუ არა იგი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ უფრო მეტად "შემძლეა", მეტად "არსებითია", მეტის გამკეთებელია, უფრო აქტიურია, ვიდრე ხელისუფლება.

ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ქართველი ამომრჩევლის დიდ ნაწილს ეშინია ცვლილებების და ხშირ შემთხვევაში აზროვნებს "შეჩვეული ჭირის" პარადიგმაში. ამ პარადიგმიდან მისი გამოყვანისთვის აუცილებელია ძლიერი და არსებითი ქმედება, მკაფიო და ნათელი ალტერნატიული პროექტი, რაც ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია.

ეს მისი კიდევ ერთი სისუსტეა: ხალხმა ვერ გაიგო, რით განსხვავდება ივანიშვილის "ქართული ოცნების" საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური (სოციალურ-ეკონომიკური) კურსი დღევანდელისგან. მით უმეტეს, რომ "ოცნებაში" არიან მოღვაწეები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ნაციონალური მოძრაობისა და "მიშას" პოლიტიკური ფენომენის იდეოლოგები და აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: რა ან ვინ აიძულებს ივანიშვილს იაქტიუროს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუკი აშკარად წაგებულ (უკვე წაგებულ!) პარტიას თამაშობს? ვგულისხმობ არა პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის გაყვანას, რისთვისაც მისი რესურსები ნამდვილად საკმარისი იქნება, არამედ ოქტომბრის დეკლარაციაში გამოთქმული დაპირების შესრულებას და ხელისუფლების შეცვლას?!

ცხადია, რომ დღევანდელი ფსევდოაქტიურობით და ამჟამინდელი გუნდით, რომლის წევრები მეტისმეტად ხშირად აყენებენ მას უხერხულ მდგომარეობაში კომიკური განცხადებებით, ივანიშვილი მომავალი არჩევნების მოგებას და არათუ ორი მესამედით, არამედ უბრალო უმრავლესობით პარლამენტში მოსვლას ვერ მოახერხებს!

მისთვის და მისი კოალიციისთვის ყველაზე მეტად საშიში იქნება სიტუაცია, როდესაც ელექტორატის "პროტესტული ნაწილი" ხელს ჩაიქნევს და საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, "ნაციონალი ამომრჩეველი" კი ტრადიციულად მობილიზებული იქნება. ასეთ შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები ანეკდოტური შედეგით შეიძლება დასრულდეს ესოდენ დიდი ხმაურითა და ამბიციით მოსული პოლიტიკური ძალისთვის.

რაც მთავარია, ჯერ არ ჩანს არავითარი ნიშან–წყალი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტად გააქტიურდება, გამოვა თავისი სასახლიდან, წავა რისკზე (რისკის გარეშე კი პოლიტიკაში წარმატება კიდევ უფრო ნაკლებად მიღწევადია, ვიდრე ბიზნესში), შექმნის პროცესს და ხელისუფლებას ჩააყენებს რეაგირების პოზიციაში. ჯერჯერობით ამ პოზიციაში თვითონ იმყოფება და რეაგირებაც უწევს ხელისუფლების ბრალდებებზე თუ ინიციატივებზე, ანუ მუდამ თავს იმართლებს რაღაცის ან ვიღაცის წინაშე.

საეჭვოა, ეს მდგომარეობა დიდად შეცვალოს ორმა ტელევიზიამ, რომელიც "ოცნების" ქოლგის ქვეშ იქმნება: ბოლოს და ბოლოს, ტელევიზია კი არ ქმნის პროცესს, არამედ მხოლოდ ხელს უწყობს მის შექმნას. პროცესი კი პოლიტიკოსმა უნდა შექმნას გაბედული, მკაფიო, რეზონანსული და ხალხისთვის გასაგები დემარშებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო დამაჯერებელი გახდება მოსაზრება, რომ ივანიშვილი ასპარეზზე საკუთარი ნებით არ გამოსულა და რომ ("ფორბს"-ის ავტორს თუ დავესესხებით) "პოლიტიკაში მოსვლა საუკეთესო თავდაცვაა". დასაცავი კი მას ძალიან ბევრი აქვს. მათ შორის საკუთარი ადამიანური ღირსებაც, რომელიც ფულით ნამდვილად არ იზომება. ამ აზრით, პოლიტიკა ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე ბიზნესი.

ლევან მეზურნიშვილი

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100