საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მინისტრები წარადგინა და დაახასიათა
პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის წარდგენას მის მიერ ახალი მინისტრების დასახელება მოჰყვა. პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ გამხდარა და მთავრობა დამტკიცდა. ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის წევრებს ახალი სამოქმედო პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნო და ამ გეგმაზე დეტალურად ისაუბრა კიდეც. როგორც გაირკვა, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ სამოქმედო პროგრამას რეგიონებში, ქალაქსა და სოფელში მოსახლეობას თავად გააცნობს.
ამის შესახებ მერაბიშვილმა ჟურნალისტებს კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ის ახალი პროგრამის შესრულებას ამ წუთიდან იწყებს და ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ის უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას აპირებს.
მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრესასთან ურთიერთობასა და მედიის მეშვეობით მოსახლეობისთვის დასახული ამოცანების გაცნობას აპირებს.
მინისტრთა განახლებული კაბინეტი პარლამენტმა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
დღეს კი საქართველოს პრეზიდენტმა სამინისტროებში ახალი მინისტრები თავად წარადგინა:
„ისევე როგორც ადრე, ახლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება ძლიერი ხელი, მაგრამ ჰუმანური ხედვით და დემოკრატიული შეხედულებებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენისას.
„თქვენ ყველამ ერთად, ვანოსთან ერთად, შექმენით მთელი ეპოქა არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის ისტორიაში, არამედ მსოფლიოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის“, – მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გადაიქცა ყველაზე კრიმინალიზირებული ქვეყნიდან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად.
„პოლიცია არის დეპოლიტიზირებული სტრუქტურა. ყველა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს თქვენ უნდა იცავდეთ თანასწორად; ყველას მიმართ უნდა იყოს ერთი კრიტერიუმი; ყველას მიმართ უნდა იყოს ერთნაირი ობიექტური დამოკიდებულება; მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი იმ ხალხის მიმართ, ვისაც უნდა კორუფციული, კრიმინალური სისტემის აღდგენა და ვისაც უნდა პოლიციაში ძველი ნაგავი დააბრუნოს. ნამდვილად არ დავუშვებთ ამის დაბრუნებას უკან“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლიცია არის ინსტიტუტი, რომელიც ყველა ინდივიდუალურ მინისტრზე ან პრეზიდენტზე „მაღლა დგას“.
„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვანოს ამ ისტორიული ფუნქციის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, პოლიცია ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტია ქვეყანაში.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილის „მოთხოვნა“ იყო ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა და იგი სრულიად დაეთანხმა ამას.
პრეზიდენტმა ასევე შეაქო ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც სამი წელი იმსახურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. სააკაშვილმა ახალაიას მუშაობა გაიხსენა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე 2005–2008 წლებში და განაცხადა, რომ მან შეძლო კრიმინალური სტრუქტურების დამარცხება სასჯელაღსრულების სისტემაში.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგინა და დაახასიათა, როგორც „ერთ–ერთი საუკეთესო პატრიოტი“, „იდეების გენერატორი“ და „გამოცდილი“ მენეჯერი, რომელიც თავდაცვის სექტორში რეფორმებისთვის ახალ იდეებს შეიტანს.
„ყველა სფეროში, სადაც იყო, მან გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შაშკინი შედარებით ახალი სახეა სააკაშვილის ადმინისტრაციაში, ვიდრე პრეზიდენტის სხვა მოკავშირეები. პირველად იგი მთავრობის წევრი 2009 წლის დასაწყისში გახდა, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გარდა მინისტრის პორტფელისა, მაშინ შაშკინს, რომელიც მინისტრობამდე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა „დემოკრატიზაციის ახალი ტალღის“ კოორდინირებაც ჩააბარა. 2009 წლის დეკემბერში შაშკინი განათლების მინისტრად
4 ივლისს სააკაშვილმა ასევე აღნიშნა შაშკინის გამოცდილება აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობის პოსტზე და ამ კონტექსტში თავდაცვის სფეროში აშშ–სა და საქართველოს შორის ახლო ურთიერთობებიც შეახსენა სამინისტროს თანამშრომლებსა და მოსახლეობას.
სააკაშვილის თქმით, აშშ აპირებს თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების ახალი „მნიშვნელოვანი, ისტორიული“ პროგრამის დაწყებას, რასაც მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნისთვის.
მას მხედველობაში ჰქონდა აშშ–ის გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროს საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, ასევე თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად.
„თავდაცვა არის ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო საქართველოსთვის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მე ვფიქრობ, რომ დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები რეფორმების კუთხით. ის მართლაც იდეების გენერატორია“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „მასთან ძალიან ადვილია მუშაობა იმიტომ, რომ ძალიან გახსნილია იდეებისთვის“.
„ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი აქ და არა უბრალოდ ბრძანებების შემსრულებლები; ჩვენ გვჭირდება ხალხი ვინც თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება და თამამად გამოთქვამს აზრს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შაშკინის წინამორბედზე ბაჩო ახალაიაზე საუბრისას, რომელიც ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალაიამ მოახერხა „მთლიანად გაეწმინდა“ შეიარაღებული ძალები ისეთი ელემენტებისგან, „რომლებიც 2009 წელს გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობის“ უკან იდგნენ – მას მუხროვანის ამბოხება ჰქონდა მხედველობაში.
მისი თქმით, ერთ–ერთი პოზიტიური მოვლენა, რაც ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს მოხდა, ის იყო, რომ მან „მთლიანად გაწმინდა“ არმია „ძველებურად მოაზროვნე, მტერთან შესაკვრელად გამზადებული ზოგიერთი ელემენტისგან“.
„დღეს შეიარაღებული ძალები ამ მხრივ არის სრულიად სუფთა და ეს მოხდა ყოველგვარი დიდი ექსცესების, არეულობების, ხმაურის გარეშე“, – დასძინა სააკაშვილმა.
თავის განცხადებაში სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს გაწვევითი ჯარი საკონტრაქტო, პროფესიონალურ არმიასთან ერთად.
„გაწვევითი ჯარის გაუქმება არ შეიძლება ჩვენისთანა ქვეყანაში; ეს სულელური იდეაა“, – განახადა სააკაშვილმა.
სარეზერვო სისტემა არის „ერთ–ერთი ჩვენი სიამაყის წყარო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თითოეულ ადამიანს საქართველოში უნდა შეეძლოს, დაიცვას თავისი სოფელი, ქალაქი და უბანი.
მომზადებულია Civil.ge-ს მიხედვით
კომენტარი