ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს.
როგორც გამყრელიძე ამბობს, კოვიდგადატანილ პაციენტებს აქამდე 120 დღე იმისთვის ეძლეოდათ, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი იყო. ახლა კი ასე აღარ არის.
„არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები აცრასთან. პირიქით, ეს არის დამატებითი ბუსტერი ანტისხეულებისთვის, კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია. ესეც შეიძლება. ამიტომ ჩვენ შევაჯერეთ ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს დღეს ადამიანები აიცრან 30 დღეზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარი