სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 წლის მოზარდის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით გამომძიებელი დააკავეს

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

"მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი - კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება. ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით. საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც. „მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100