სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა, დღეს, ცხინვალის რეგიონს „პრემიერი“ უნდა შეურჩიოს

დღეს სოჭში ვლადიმერ პუტინის ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს ხვდება. როგორც ოსური საიტი „ოსეტია კვაისა“ წერს, შეხვედრაზე საბოლოოდ შეათანხმებენ სეპარატისტული რეჟიმის ახალი ე.წ. პრემიერის კანდიდატურას.

მიუხედავად იმისა, რომ ლეონიდ თიბილოვი მოსახლეობას თავისი არჩევის შემთხვევაში რუსეთთან მეგობრობის გამყარებას, მაგრამ გადაწყვეტილებების მოსკოვისგან დამოუკიდებლად მიღებას ჰპირდებოდა, საკადრო საკითხებში კრემლი დღეს ისევე ერევა, როგორც ეს ედუარდ კოკოითის დროს იყო.

ამასთან, ედუარდ კოკოითის გუნდის წევრებს, როგორც პრესა.ჯი წერდა, ამჟამადაც სურთ „დაიკანონონ“ სხვადასხვა პოსტები „მთავრობაში“, მაგალითად, არა მარტო ე.წ. პარლამენტის სპიკერის პოსტი, არამედ ე.წ. მთავრობის მეთაურის სავარძელიც.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ატმოსფეროში ჩატარდება პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა და რამდენად დამყარდება მათ შორის პირადი „ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა“. რადგან ედუარდ კოკოითის გუნდი მოსკოვში, სხვა ფრონტზე ცდილობს ამ „ნდობის“ მოპოვებას და ახალი ე.წ. პრეზიდენტის გვერდის ავლით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ედუარდ კოკოითის მხარდამჭერების შეხვედრას დუმის სპიკერთან, რათა მისგან ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ კოკოევის (კოკოითის გუნდის წევრის) კანდიდატურის მხარდაჭერის გარანტიები მიეღოთ, ჯერჯერობით, ფართო საზოგადოებისთვის გაურკვეველი შედეგი მოჰყვა: სერგეი ნარიშკინი ოფიციალურად ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს“.

თუმცა ცხადია, რომ ყველა შემთხვევაში, გადამწყვეტი სიტყვა პუტინს ექნება და ცხინვალში ე.წ. მთავრობაც იმის მიხედვით დაკომპლექტდება, რა მითითებებსაც დღეს პუტინისგან მიიღებს თიბილოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100