სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაული „შალკეში“ ბედნიერია

მიუხედავად იმისა, რომ მაისურზე „გაზპრომი“ აწერია, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერთან“ ორივე მატჩში დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გერმანული კლუბი მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს, „რეალიდან“ „შალკეში“ „გადმოლაბორანტებული“ რაული აცხადებს, რომ ამ კლუბში ბედნიერია.

დღეს მან ჟურნალისტებს „მანჩესტერთან“ შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„რა თქმა უნდა, კარგად გვესმოდა, რომ „მანჩესტერის“ მიერ მოპოვებული უპირატესობის გაბათილება ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მცდელობა არ დაგვიკლია: ვაკონტროლებდით ბურთს, ვუტევდით, ვცდილობდით, გაგვერღვია მეტოქის დაცვა“, - თქვა რაულმა, - „უბრალოდ, „მანჩესტერი“ გვჯობდა, ისევე, როგორც წინა მატჩში“.

რაული მიიჩნევს, რომ დამარცხების მიუხედავად, „შალკეს“ სიამაყის საფუძველი აქვს: „კლუბის ისტორიაში პირველად ჩვენ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა, გავუწიეთ რა კომპანიონობა ისეთ გუნდებს, როგორებიც „ბაესელონა“, „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან. მთავარი ისაა, რომ ჩვენმა ახალბედა ფეხბურთელებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში უსათოუდ სასიკეთოდ წაადგება ჩვეს გუნდს“.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, იყო თუ არა მისი თამაში „მანჩესტერთან“ უკანასკნელი მთავარ ევროპულ ტურნირზე: „დიახ, ეს ჩემი უკანასკნელი მატჩია... ამ სეზონზე. ჩემი კონტრაქტი „შალკესთან“ კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში და მე აქ ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. თუკი თავს კარგად გრძნობ, სხეული ჩინებულ ფორმაშია, მწვრთნელი კი ძირითადში გათამაშებს, უნდა გააგრძელო ასპარეზობა“.

ბუნდესლიგის 2010-11 წლების სეზონზე 32 ტურის შემდეგ „შალკე“ მე-10 ადგილზეა. მაგრამ გელზენკირხენელებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, სეზონი ტიტულის მოპოვებით დაასრულონ: 21 მაისს რალფ რანგნიკის გუნდი გერმანიის თასის ფინალში „დუისბურგს“ უნდა შეხვდეს. რაულს მიაჩნია, რომ ფინალის წინ ფეხბურთელებმა „ყოველგვარი საზრუნავი და განცდები უნდა ამოიგდონ თავიდან და თამაში უნდა მოიგონ, მომავალი წლიდან კი ჩვენი პრიორიტეტი ბუნდესლიგა იქნება“.

მიმდინარე სეზონში რაულმა „შალკეს“ შემადგენლობაში 17 გოლი გაიტანა. აქედან 12 ბუნდესლიგაში, 5 კი - ჩემპიონთა ლიგაში. მას გულშემატკივარმა „როკ-ენ-რაული“ შეარქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩემპიონთა ლიგის მეოდხედფინალში „ინტერთან“ გამართული მეორე შეხვედრის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი ტრიბუნაზე აიჭრა და „შალკეს“ ფანებთან ერთად სიმღერა და ყვირილი დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100