სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეიმონდ კეტელი და პიროვნების ფსიქოლოგია

რეიმონდ ბერნარდ კეტელი, პიროვნების ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, პიროვნების ნიშანთა სტრუქტურული თეორიის, ავტორი, 1905 წლის 2 მარტს, ინგლისის ქალაქ სტეფორდშირში დაიბადა. როგორც ავტობიოგრაფიული წყაროებიდან ვიგებთ, კეტელი საკმაოდ ბედნიერ გარემოში იზრდებოდა, სადაც, მისი თქმით, ისეთ აქტივობებს ეწეოდა, როგორიცაა ცურვა, გამოქვაბულების გამოკვლევა და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, ინგლისის პირველ მსოფლიო ომში ჩართვამ, მომავალი ფსიქოლოგის მშვიდი ცხოვრება დაარღვია. ცხრა წლის ასაკის ბავშვი არაერთხელ გამხდარა მოწმე, თუ როგორ მოჰყავდათ ასობით დაჭრილი ჯარისკაცი მათ სახლთან ახლოს მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში. მოგვიანებით კეტელმა გააცნობიერა ის შედეგები, რაც ბავშვობის ამ მძიმე განცდებით იყო გამოწყეული. „მუდმივად და უხმაუროდ, ჩემს ცხოვრებაში აღწევდა სერიოზულობის გრძნობა, დაფუძნებული იმ განცდაზე, რომ დაუშვებელია იყო ამ დაჭრილ ჯარისკაცებზე ნაკლებად თავგადადებული“. გარდა ამისა, პატარა ბიჭის შეგნებაში ინერგებოდა ადამიანის ცხოვრების სწრაფად მიმდინარეობისა და შეძლებისდაგვარად, მისი სრულყოფის აუცილებლობის განცდა.

16 წლის ასაკში, რეიმონდ კეტელმა ჩააბარა ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში, სადაც, უმთავრესად, ფიზიკასა და ქიმიას შეისწავლიდა. თუმცა, დიპლომის აღებამდე რამდენიმე თვით ადრე, კეტელმა შენიშნა, რომ ეს დარგები ვერ ესადაგებოდა სოციალური პრობლემებისადმი მის ინტერესს. ამიტომ, მიუხედავად მეგობრების რჩევისა, კეტელი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი კარიერა ფსიქოლოგიას დაუკავშიროს. 1924 წელს, ის ქიმიის მიმართულებით ბაკალავრის, 1929 წელს კი ფსიქოლოგიაში დოქტორის წოდებას იღებს.

1937 წელს, კეტელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თუმცა მანამდე, მას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული პიროვნების კვლევის მიმართულებით. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ბავშვთა დახმარების ცენტრს, რამაც დიდი კლინიცისტური გამოცდილება შესძინა მას. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების შემდეგ, კეტელი მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მას ედუარდ თორნდაიკთან უწევდა თანამშრომლობა. 1944 წლიდან კი, საქმიანობა ილინოისის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც 20 წლის განმავლობაში წარმატებით ეწეოდა პროფესორის საქმიანობას და პიროვნების საკვლევ ფსიქოდიაგნოსტიკურ ლაბორატორიას უძღვებოდა. 1953 წელს, კეტელი ფსიქოლოგიის სფეროში გაწეული საქმიანობისათვის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის პრემიითაც დააჯილდოვეს. რეიმონდ კეტელი 1998 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100