სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი შავ ზღვაში ამერიკული „მონტერეის“ გამოჩენამ შეაშფოთა

რუსეთს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე რომ ისევ თავისი საკუთრება ჰგონია და თუ ამას ხმამაღლა არ ამბობს, გულში მაინც ასე ფიქრობს, ეს არავისთვის არ არის სიახლე. საქმე ის გახლავთ, რომ ამ უზარმაზარ იმპერიას ზღვაც თავისი ჰგონია და ხმელეთიც.

ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არად ჩააგდო რუსეთის პრეტენზიები შავ ზღვაზე და ევროპაში საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი რჩეული, კრეისერი „მონტერეი“ გამოგზავნა.

"მონტერეი" აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ევროპულ სეგმენტში ევროპული წყლების "ეტაპობრივი ადაპტაციის მიდგომის" ფარგლებში გლობალური ანტისარაკეტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის გაიგზავნა, ამერიკულ-უკრაინული ერთობლივი წვრთნების, "სი ბრიზ -2011" ფარგლებში.

პროგრამის პირველ ეტაპზე, ამერიკული ხომალდების ჯგუფმა ადრიატიკის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებიდან უნდა უზრუნველყოს სამხრეთ ევროპის დაცვა ჰიპოთეკური სარაკეტო საფრთხეებისგან. რასაკვირველია, ხმამაღლა არ ცხადდება, მაგრამ ევროპისთვის პოტენციურ საფრთხედ სწორედაც რომ რუსეთია მოაზრებული. აშშ-ის ოფიაცილური ვერსიით, საჭიროების შემთხვევაში, ხომალდებს ასევე შეუძლიათ შავ ზღვაზე გადაადგილება, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ვითარება გამწვავდება.

კრეისერი „მონტერეი“ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთ-ერთი რჩეული სამხედრო ხომალდია. ამერიკული კრეისერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-თაა აღჭურვილი. როგორც ჩანს, მისმა გამოჩენამ შავ ზღვაში რუსეთის შეშფოთება გამოიწვია და ეს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აისახა.

იმის შესახებ, რომ „მონტერეის“ გამოჩენა რუსულ მხარეს მთელ რიგ კითხვას უჩენს,
ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობა სიტყვა "გამწვავებაში", მით უფრო მაშინ, როცა ლისაბონის რუსეთ-ნატოს სამიტზე ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების არქიტექტურის საკითხი მხარეებს შორის ვერ შეთანხმდა.

"თუ საუბარია ამ უაღრესად მგრძნობიარე რეგიონში "მონტერეის" უბრალო "ვიზიტზე", მაშინ რატომ მაინცდამაინც ეს ხომალდი, რომელსაც ასეთი შეიარაღება აქვს? ამასთან, გვაინტერესებს, რა როლი ენიჭება ანტისარაკეტო სისტემით აღჭურვილ "მონტერეის" "სი ბრიზ - 2011"-ის წვრთნებში, რომელიც დადგინდა "მეკობრეების წინააღმდეგ ნატოს სტანდარტებით"? რუსულმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ ჩვენს საზღვრებთან აშშ-ს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ასეთ მოახლოებას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ", - აცხადებენ ლავროვის უწყებაში და აქვე დასძენენ, რომ მსგავსი ნაბიჯები განიხილება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100