სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რამდენიც გინდა, იყვირე: „ილია ვარ!“ – კონდახით გაგიხეთქავს იუდა საფეთქელს...“

წიწამურში მიმხდარი ტრაგედიიდან ზუსტად 104 წელი გავიდა. სტატიის სათაურად გამოტანილი ფრაზა მორის ფოცხიშვილის ლექსიდანაა. იმავე ლექსიდანაა ასევე ფრაზაც, რომელიც, გარკვეულწილად, დღევანდელობასაც უხდება: „ილიას მკვლელები იღებდნენ პენსიას, როგორც რესპუბლიკის ერთგული შვილები“. დღეს კიდრონი.ჯიწარმოგიდგენთ ფრაგმენტს ლევან გოთუასწიწამურის მიწიდან“, რომელსაც ვაჟაფშაველას გენიალური სიტყვები აქვს წამძღვარებული: „ილია მკვლელბს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ...“:

„- ილიკო, არც მოურავი ჩანს… გვაგვიანდება კიდევაც… ხედავ, როგორ მოიღრუბლა?! იქნებ წავიდეთ, თუ არ გეწყინება?! რაღაც მაწუხებს… – წყნარად, მაგრამ შინაგანი ღელვით უთხრა ოლღამ.
ილია შემობრუნდა:
- მეც მაწუხებს რაღაც… ბევრი რაღაც… უშველებელი რაღაც… აი მივალთ და დავწერ… – მიამიტად, თითქმის ბალღურად გაუღიმა და თვალების ჭუტვით დასძინა: – აი, ნახავ! აი, ნახავ… “თავდადებული თაობა”, “იმედი მომავლისა”… ან რამ ასეთი… აი სულ ამ წყაროს ბრალია… ამ გზისა… ყურთამდე ღია მაქვს გულის კარი! – და წეღანდელი ჰანგი ისევ მოეძალა შეოცნებებულ შემოქმედს. ახლა, გუთნისდედის სიმღერის გარდა, დედაბრის თითისტარის ტრიალიც ისმოდა, ნაცემი ძაღლის ყმუილიც და წყაროს რაკრაკიც. ილიამ ეტლს მიაშურა. ცხრად მოხრილი მეეტლე უკვე კოფოზე იჯდა და მოუსვენრობა აბორჯებდა.
- რას იბრიცები, კაცო? ცოდვა ხომ არ ჩაგიდენია რამე?
ლაბაურს მათრახივით ესუსხა ილიას ნათქვამი.
- მე არაფერი… არაფერი არ ვიცი…
- მე ვგრძნობ, შენ რაღაც მართლა იცი და მალავ!.. ჰო, კარგი. შინ ხომ მივალთ?
ილია მძიმედ ჩაჯდა ეტლში და იგრძნო, რომ კიდევ ერთი საამო “წყაროს წუთი” ზურგს უკან დარჩა. მეუღლემ გახურებულ შუბლზე და საფეთქლებზე კიდევ ერთხელ გადაუსვა სურნელოვანი ცხვირსახოცი, ოფლის წინწკლები ისე შეუმშრალა, არც ერთი შემოქმედი ფიქრის ნაოჭი არ გადუშლია… თანადგომა და სიფაქიზე უგრძნოდ აგრძნობინა. ილიას ნაფიქრს ერთი ფიქრის ლანძვი კიდევ დაედო:
“საოცარია მოსიყვარულე გულის გუმანი – არაფერი არ დაუნახავს და ყველაფერს მიხვდა, არაფერი არ მოუსმენია და ყველაფერი უსიტყვოდ გაიგო!”
ეტლი დაღმართზე არიხინდა, ხოლო ხევისძირა მოსახვევში აჭრიალდა კიდევაც.
- რატომ არ გაგიპოხავს, კაცო?
- აბა რით გავპოხო… რითა?
- რა ჩიტის რძე ან კურდღლის სისხლი მაგას სჭიროდა?.. ყოველ მენავთესთან არის მაგის საპოხავი…
- სისხლიო?! აბა, სადა?! – დაფეთებული თვალი გზისკენ აცეცა მეეტლემ. მერმე მიხვდა, რომ ისევ დაბნეული სიტყვა მოუვიდა და ჯავრი ცხენებზე იყარა, მათრახი უსუსხა, აღმართზე ააჭენა.
… ირგვლივ კი წიწამურის გზის ყოველ ქვასა და ხევს, ხევსა და გორაკს, მკალსა და ჭიჭინობელას თავისი კილო გამოეღო… ხან ლაღი, ხან დარდიანი… ილია კი უსმენდა… უსმენდა… გულის სიღრმეში ჩუმი, ხანდახან ხმაშეცილებული ღიღინით ჰპასუხობდა… აი, ცოტაცა და ამ ჯაგიან ტყის ოდრიკალსაც გადივლის, მერმე იკი მისი “მწვანე სამოთხეა”… ახლო აღმართზე დაქვეითდება, აქ ფეხით ასვლა უყვარს… წყაროსთან, თავის კაკლის ჩრდილში, სასტუმრო ლურჯ სუფრას გააშლევინებს… თავად კიბეზე ავა… ჯერ კედელზე ჩამოკიდებულ დიდი წინაპრების სურათებს მოინახულებს, მერმე კი აივანზე გავა და უმთავრესსა და ულამაზეს სურათს – თვის ქვეყანას გადახედავს… საარაგვოს, მუხრანის მინდორ-ველს… ქსნის მხარესაც უწვდენს თვალს… ერწოს არემარეს… კავკასიონის მწვერვალებსაც კი. ყველას თვალ-უბიანად ჩაეხვევა, მოუალერსებს…
…უეცრად ზემო ბუჩქნარიდან გადმომდგარ შეიარაღებულ ჯგუფს მოჰკრა თვალი, ისიც იგრძნო – მეეტლემ სადავეები მოუწურა ცხენებს.
ჯგუფიდან ერთ-ერთი გადმოხტა გზაზე.
- დააყე! დააყე! – გავარდა ხრინწიანი მუქარა.
- გარეკე! – მეეტლეს შეუძახა წინ წამოწეულმა ილიამ… მაგრამ გზაზე გადმომხტარმა გადაუსწრო ეტლს და შეფეთებულ ცხენებს ხელი აუქნია, თოფიც მოისწორა. სხვებიც ტურებივით შემოესივნენ ეტლს.
ილიას მოეჩვენა, რომ თოფი შეკივლებულ ოლღას მიემიზნა. უმალ წამოვარდა, მთელი ტანით გადაეფარა თავის მეუღლეს და მომხვდურთ საოცარი სიდინჯით გადასძახა:
- რას სჩადით… უგუნურებო!.. მე – ილია ვარ!!
… ერთი წუთით ყველა გაშეშდა. ხელაღმართული ილია, თოფმოღერებული მომხვდურნი, კოფოდან გადმომხდარი მეეტლე და დარაჯი… ეტლის საზურგეზე მისვენებული ოლღა… ირგვლივ ჯაგნარი და ერთიანად საწიწამურო…
ილიამ იაზრა, რომ მის წინაშე ქართველები არიან, მაგრამ არა ის სახენათელი, ღია ღიმილის ხალხი, არამედ შავშუბლიანი, ხიწვიანი ჭრელ-ქართველები, და მათ უკან კიდევ დიდი, ბრჭყალებიანი, ავფრთაგაშლილი შავი ჩრდილია… და მაინც: “არ მესვრიან! ისევე როგორც არ ესვრიან გუთნისდედას! სხვა თუ აღარა – ღვიძლი მაინც შერჩებოდათ?!”
… მერე სადღაც გზაზე თუ ჩაშავებულ ღრუბლებში იელვა და იქუხა… ახლა კი ყველაფერი შეტორტმანდა და ამოძრავდა… ხოლო ილიამ გულში თავის სამშობლოს სიყვარულზე უფრო მხურვალე რამ ინაძგერი იგრძნო… სრულყოფამდე აღწეულმა ხილვამ წამით ქართული მიწის ყველა შეურაცხყოფა, რბევა-წამება ერთ სახეში – გატეხილი ვაზის ჯვარში წარმოუჩვენა და გაწამებულ მიწაზე დამხობის ყოვლად შეუკავები სურვილი უშვა…
… აი, მკერდით გადაეფარება მშობლიურ მიწას… მისთვის განკუთვნილ ვერაგულ ტყვიას თავად მიიღებს… თავის გულიდან დადენილ სისხლს ძველი ივერის იარებს მალამოდ დასცხებს… ოღონდ მოუშუშოს… მომავლის შეგნება და ძალა მისცეს, სწორი გზა და იმედი დაუსახოს… თავად კი განუყრელად მასთან იქნება ყოველ ახალ ხნულში, ახალ წიგნში, ახალ აგურში… ერისა და ხალხის ბრძოლაში, შრომაში თუ ზეიმში… განუყრელობის გრძნობა ხომ გამარჯვებისა და უკვდავების საფუძველია, საწინდარია!..
… აი, გალობს მეწამული გზა… სივრცეში მიჰქრიან თეთრონები… ტოტებს აშრიალებს საგურამოს კაკალი, ზანზარებს ყვარლის ციხე-სადგომი, ჩრდილის ბადეში გასუდრულა ტფილის-ქალაქი… ჰკივიან და ივედრებიან დაუმთავრებელი ხელნაწერები, უთქმელი სახეები, გაწყვეტილი აზრები, გულგანგმირული ქართული ოცნებები და ზრახვები…
ხევს გაღმა კი დის და უკვდავების ამბავს ჩურჩულებს ილიას წყარო, მისი ფიქრების უკანასკნელი მესაიდუმლო. ირგვლივ იწვის და ვერც იწვის წიწამურის გაწამებული მიწა..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100