სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა გიორგი და საქართველო

ქრისტიანულ სამყაროში არ მოიძებნება წმინდანი, მოწამე, რომელიც თავისი პოპულარობით წმინდა გიორგისშეედრებოდეს. წმინდა გიორგის პოპულარობა უსაზღვროა, იგი პოპულარულია არა მარტო მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიაში, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ყველა მიმართულებაში. უფრო მეტიც, წმინდა გიორგი იხსენიება მაჰმადიანთა წმინდა წიგნის, ყურანის კომენტარებშიც.

წმინდა გიორგი ქრისტიანულ სამყაროში ითვლება მაცხოვრის ციური მხედრობის წინამძღოლად და მიწიერი რაინდობის მფარველად. წმინდა გიორგი მიჩნეულია ადამიანის მფარველად და უბედურებისგან მხსნელად, მეტადრე გაჭირვების დროს.

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, მებრძოლი ბოროტებასთან, სიმართლის და გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ქართველი ხალხი ოდითგანვე წმინდა გიორგის მიიჩნევდა თავის მფარველად და შემწედ.
,,ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დიდგორის ბრძოლაში ,,წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინ უძღოდა მას (ქართველთა ლაშქარს) და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა.”

ამიტომაც აღარ არის გასაკვირი ხალხში გავრცელებული მტკიცება, რომ საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე წლის დღეების შესაბამისად 365 ტაძარია აშენებული. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ ზეიმობს. ქრისტიანული ეკლესიები, გარდა კატალონიისა გიორგობას აღნიშნავენ წელიწადში ერთხელ.

ივანე ჯავახიშვილი (,,ქართველი ერის ისტორია”, წიგნი 1) აღნიშნავს, რომ ქართველი კაცის ცნობიერებაში ღვთაებათა შორის ,,უმთავრესი ადგილი წმინდა გიორგის უკავია”. ქართველი ხალხი კი, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს წლის მანძილზე მრავალჯერ აღნიშნავს. აღსანიშნავია სახალხო დღესასწაულები: ხევსურეთში ხახმატის ჯვარი, გუდანის ჯვარი და სანების ჯვარი – ყველა წმინდა გიორგის სალოცავებად ითვლება. ფშავში – ლაშარის ჯვარი, მთიულეთში – ლომისის ჯვარი და სხვა. გერგისობა, გიორგისჯვარობა, უსანეთობა, არბოობა, თეთრი გიორგობა – ქართული სახალხო რელიგიური დღესასწაულებია და ასევე უკავშირდება წმინდა გიორგის სახელს.

წმინდა გიორგის ჩვენში ადიდებენ, როგორც წმინდანს, რომელმაც ღვთისაგან მიიღო უფლება, რომ შეასრულოს 365 სასწაული. წმ. გიორგის ცხოვრება და წამება ასახულია ქართულ წერილობით წყაროებში და ზეპირსიტყვიერებში, სადაც ბიზანტიური წყაროებიდან მომდინარე მისი სასწაულები შეცვლილია ადგილობრივი სასწაულებით. ქართულად არის გადაკეთებული დედანის ტოპონიმები, ადამიანთა ქართული სახელები ცვლიან დედნისეულ ონომისტიკას, გადმოცემულია ადგილობრივი ყოფა. ხარკი გაუღია წმინდა გიორგის წინაშე ვაჟა ფშაველასაც, რომელსაც გაულექსავს ფშავში გავრცელებული ერთი ლეგენდა (,,ივერია”, 1893 წ. N7).

გრიგოლ ფერაძე აღნიშნავს, რომ 1180 წელს, ჟაკ დე ვიტრი, იერუსალიმის ლათინი პატრიარქი წერს: ,,აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, დიდი მებრძოლი, ომში მამაცი, ტანად ძალოვანი და ძლევამოსილი. ჰყავს ურიცხვი მეომარი. ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმინდა გიორგის, ვინც თავის მფარველად და მედროშედ მიაჩნია ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემს ყველა სხვა წმინდანზე მეტად."
რა გასაკვირია, რომ დღესაც სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენ ჟორჟიანებს, ჯორჯიანებს და გეორგიანებს გვიწოდებენ.
იოანე ბატონიშვილის (1768-1830 წწ.) ცნობით, მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი მფლობელი ყოფილა წმინდა გიორგის ცხენის ლაგამისა ,,და აღუდვა ლაგამი წმიდის გიორგის ცხენი-სა”.

გერბის ფარში საქართველოს აღსანიშნავად წმინდა გიორგის გამოსახულება პირველად გვხვდება 1672 წლის რუსეთში გამოცემულ ,,ტიტულიარნიკში” და ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წლის ნაშრომში და იგი არაერთხელ ფიგურირებს ქართულ სახელმწიფო გერბებში.
გერბის ფარზე მეწამულ ველზე წმინდა გიორგის გამოსახვა ხაზს უსვამს ამ ფიგურის პრიორიტეტულობას და მის მნიშვნელობას ქართველი ხალხის ცნობიერებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100