ამბროსი ხელაიას გამოსახულებიანი მაისურები არ შემომატანინეს და შავრაზმული ლიტერატურა შემოიტანეს - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარლამენტში ამბროსი ხელაიას გამოსახულებიანი 10 მაისური არ შეატანინეს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ღია აღმოჩნდა ანტიდასავლური წიგნებისთვის:
"აპარატის და პარლამენტის ხელმძღვანელობის შეთანხმების გარეშე, ამ რაოდენობით ლიტერატურას ვერ შემოიტან, ამის გამოცდილება მაქვს. მე პირადად მინდოდა ამბროსი ხელაიას გამოსახულებით დაპრინტული მაისურის შემოტანა 10 ცალის და ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს და შემდეგ მოგვიწია, რომ რამდენიმე თანამშრომელმა გადაიცვა რამდენიმე და ისე შემოვიტანეთ." ამბობს მანჯგალაძე
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს პროპაგანდისტული გამოცემა - "ლუციფერის მხილება" დაურიგეს. წიგნის ავტორი ალექსანდრე ქოჩიაშვილი, იგივე ალქოჩარია.
პარლამენტის აპარატი წიგნების დარიგებას უარყოფს და განმარტებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წიგნები აპარატს არ დაურიგებია: პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები." - წერს პარლამენტის აპარატი.
კომენტარი