ქართულმა მხარემ რუსულს 2008 წლის აგვისტოში დაღუპული რუსი მფრინავის ნეშტი გადასცა
საქართველომ რუსეთს ექსპერტიზისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რუსი მფრინავის ალექსანდრ კოვენცოვის ნეშტი გადასცა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი წარმომადგენელი იტყობინება, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს.
"დაჟინებული თხოვნის შემდეგ რუსეთმა საქართველოსგან მფრინავის ნეშტი მიიღო, რომელიც სავარაუდოდ, გარდაცვლილ მფრინავ ალექსანდრ კოვენცოვს ეკუთვნის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ლაბორატორიაში ნეშტის იდენტიფიცირების მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია", - განუცხადა წყარომ სააგენტო "ნოვოსტის".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რუსული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან აგვისტოს ომის დროს ჩამოგდებული რუსი მფრინავის, ალექსანდრ კოვენცოვის ნეშტის გადაცემას დიდი ხანი ითხოვდა. დაღუპული სამხედროს ნეშტი სპეციალისტებს გენეტიკური ანალიზისთვის სჭირდებოდათ, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგული მფრინავის იდენტიფიცირება მომხდარიყო.
სამინისტროს დაღუპულთა ხსოვნის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე კირილინის განმარტებით, რუსი სპეციალისტების ეს თხოვნა ქართულ მხარეს წითელმა ჯვარმა გადასცა.
აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ კიდევ ერთი რუსი სამხედრო, ალექსეი ლეჯიევი დაიკარგა, რომლის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ბომბდამშენ Ту-22М3-ის მფრინავი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კოვენცოვი ქართველმა სამხედროებმა ომის დაწყების პირველსავე დღეებში ჩამოაგდეს. რაც შეეხება სერჟანტ ლეჯიევს, მისი დაღუპვის გარემოებები დღემდე უცნობია.
კომენტარი