სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე დღეს ექსპერტებმა იმსჯელეს

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ბიზნესის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან გარკვეული პრეტენზიებისა და შენიშვნების ფაქტებმა, ქვეყანაში საგადასახადო შემოწმებების გახშირებისა და საგადასახადო შემოწმების პროცესის ვადების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე საკუთარი შენიშვნები გამოთქვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამაც. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით არსებული მიდგომების სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობის საკითხი დააყენა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, ამ კომუნიკაციის არასაკმარისობაზე, და ამ მხრივ ხელისუფლების გააქტიურების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც.

სწორედ, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ და იურისტმა იმედა დვალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ (სიპი) მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის არასაკმარისობასა და ამ მხრივ ხელისუფლების გააქტიურების აუცილებლობის საკითხებზე. ასევე განიხილა საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის ადექვატურობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და საფასო ტენდენციებიც.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესის გახშირებული საგადასახადო შემოწმებები და შემოწმების პროცესის ვადების მნიშვნელოვანი ზრდა ბარიერებს უქმნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში. ბუნებრივია, ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წარსულში თან ახლდა საგადასახადო შემოწმებებს საწარმოების დალუქვების, საქმიანობის შეჩერების სახით, დღეს პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა, თემა დაკავშირებული შემოწმებების სიხშირესა და შემოწმების ვადებთან, კვლავ აქტუალური და პრობლემურია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის,“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ბუნებრივია, ეს საკითხი თანაბრად ეხება ბიზნესის ყველა სფეროს, მაგრამ აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით შეინიშნება ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მიმართულებით. ამას ემატება და საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ამწვავებს დაუსრულებელი დავა და კამათი საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის ადექვატურობასთან დაკავშირებით. ანუ, რამდენად შეესაბამება საქართველოს საცალო ქსელში არსებული ფასები ბენზინსა და დიზელის საწვავზე, საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას და საფასო ტენდენციებს.

დღეს, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ბიზნესთან ჯანსაღი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს ჩამოსაყალიბებლად, მოწვეულმა ექსპერტმა და იურისტმა ორ მთავარ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც ხელისუფლების აქცენტირება და საკითხის სწრაფი გადაწყვეტაა აუცილებელი. კერძოდ, პირველი მაკონტროლებელ ორგანოებში საგადასახადო შემოწმებებისადმი დღეს არსებული მიდგომების სისტემური ცვლილება და განახლება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას, მაკონტროლებელ ორგანოებში ბიზნეს სტრუქტურების წარმომადგენლების დაბარებების და საგადასახადო შემოწმებების სიხშირის ოპტიმიზაციას, საგადასახადო შემოწმებების ვადების შემცირებას და გონივრულობის ფარგლებში მოქცევას.

მეორე საკითხი შეეხებოდა კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასრულება და საზოგადოებას წარმოუდგინოს შესაბამისი დასკვნები. საჯარობის და მაქსიმალურად გამჭვირვალე პირობებში კვლევის განხილვის უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნავთობპროდუქტების ბაზრის და ნავთობპროდუქტების ფასების ირგვლივ საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე კომპეტენტური და ამომწურავი პასუხების გაცემას.

„დღეს ბიზნესი მზად არის ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის და თემატური თანამშრომლობისთვის. იგულისხმება, როგორც საგადასახადო ორგანოები, ისე კონკურენციის სააგენტო, ბიზნეს ომბუცმენის აპარატი და სხვა მაკონტროლებელი ინსტიტუტები. ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად სწორი, ეფექტური და რაც მთავარია, დროული გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, - აღნიშნა იმედა დვალიძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100