სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 5 მაისს იუწყება:

„ახალი ამბავი

ტფილისი

როგორც დანამდვილებით გავიგეთ, ყოვლად სამღვდელო დავითი ტფილისში ჩამოსულა და დროებით დამდგარა სასტუმრო „ფრანციაში“, ძველი სემინარიის შენობის გვერდით. ყოვლად სამღვდელო დავითი უკანასკნელად სწირავს ორშაბათს, 14 მაისს, ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც იმავე დღეს სამგზავრო პარაკლისის შემდეგ, რომელსაც იხდის სამღვდელოება, გამოეთხოვება, ქართველ საზოგადოებას. იმედია საზოგადოება დაესწრება ამ პარაკლისს.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამცოემა. 5 მაისს ექიმ მიხეილ გედევანიშვილის ბინაზე კრება ჰქონდა საგანგებო კომისიას, რომელსაც მინდობილი აქვს შემზადება მასალისა ილიას თხზულებათა მხატვრულ გამოცემისათვის. კომისიამ გასინჯა მხატვარ გრინევსკის მიერ დამზადებული ნახატი და მოიწონა. ამ ჟამად მხატვარი მუშაობს „დიმიტრი თავდადებულის“ პოემის რამდენსამე სურათზე.

ტრამვაის მსხვერპლი. კვირას, 6 მაისს დაახლოვებით ნაშუადღევის 2 საათზე, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, სახლის N58 წინ საზარელი უბედურება დატრიალდა: ტრამვაის ვაგონმა N41 სასიკვდილოდ გასჭყლიტა 19 წლის ყმაწვილი, სენაკის მაზრის, სოფ. აბაშის მცხოვრები გიორგი ტარიელის ძე იოსელიანი (ნოქარი). ყმაწვილი ქვაფენილზე მიდიოდა და რადგანაც, როგორც ეტყობა, ქუჩის მეორე მხარეს უნდოდა გადასვლა ქვაფენილიდან ქუჩისაკენ ჩაეშვა იმ დროს, როდესაც ტრამვაის გაქანებული ვაგონი მიდიოდა. ვაგონის გაჩერება, რა საკვირველია ასე უცებ შეუძლებელი იყო, ამიტომ ვაგონმა ახალგაზრდა ქვეშ მოიტანა და საზარლად დაასახიჩრა, იოსელიანი იქვე გარდაიცვალა. დასახიჩრებული და ნაკუწებად ქცეული გვამი მიხეილის საავადმყოფოში წაიღეს. ტრამვაის მოძრაობა ჩერქეზიშცილის (ავჭალის) ქუჩაზე 3–4 საათით შეწყვეტილი იყო, რადგანაც დიდი დრო გავიდა, ვიდრე ყველაფერს გამოიკვლევდნენ და ოქმს შეადგენდნენ.

აპრილის განმავლობაში ტფილისში ჩხრეკა–დაპატიმრება მომხდარა. შეუპყრიათ 326 კაცი.

ლექციები კვირას, 13 მაისს, ნაშუადღევის პირველ საათზე ნაძალადევის თეატრში ექიმი ივანე გომართელი ქართულ ენაზე ლექციას წაიკითხავს. ლექციის თემა: „გადამდები ავადმყოფობანი.“

12 მაისს სახალხო სახლში ი. ფ. პალმოვი რუსულად ლექციას წაიკითხავს შემდეგ თემაზე: „ცოდნის მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში.“

შეიპყრეს გეორქ ვართანის ძე სარქისოვი, რომელმაც 1905 წელს ტფილისში ოვაკიმ მარტიროსიანცი მოჰკლა და ოსმალეთს გაიქცა, სადაც 1910 წლამდე დარჩა და შემდეგ სხვის პასპორტით ტიფლისშივე დაბრუნდა.

პროფ. ივ. ჯავახიშვილი ამ ჟამად ტფილისში იმყოფება და დასაბეჭდად ამზადებს თავის ისტორიულს გამოკვლევას „ქართული ხელოვნების ისტორია“–ს.

20 მაისს ორ–ორის თვით დასასვენებლად მიდიან ქალაქის გამგეობის წევრნი თავადნი ა. მ და ნ. ი. არღუთინსკი–დოლგორუკოვები.

სეირნობა. 9 მაისს სახალხო უნივერსიტეტის საზოგადოება მუშტაიდში სეირნობას გამართავს.

ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობამ ბ–ნ იაკობ გოგებაშვილის სახელობაზე დონის–როსტოვიდან მიიღო შემდეგი შინაარსის დეპეშა: „ფრიად დაგვაღონა თქვენმა ავადმყოფობამ. გისურვებთ მალე განკურნებას, რომ ისევ ენერგიულად განაგრძოთ სახალხო საქმის უანგარო სამსახური“. ხელს აწერენ: ჭიჭინაძე, ელიავა, ფირცხალავა, მაჭავარიანი, ქინქლაძე, სულაქველიძე, ქარცივაძე, პაიჭაძე.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100