სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ საიდუმლო შეხვედრა სომეხ მოსახლეობასთან და დაპირისპირება ძიძიგურთან

„ქართული ოცნების“ საიდუმლო შეხვედრა სომეხ მოსახლეობასთან და დაპირისპირება ძიძიგურთან

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებისა და სომეხი მოსახლეობის შეხვედრის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ მან დღეს "ივერონის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრაზე განვითარებულ მოვლენებსა და ამის გამო მოგვიანებით კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი პარტიის - "კონსერვატორების" ლიდერს ზვიად ძიძიგურსა და კოალიციის რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების საკითხთა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს შორის დაპირისპირების ფაქტს, როგორც ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, პირადად ის ამ შეხვედრას არ დასწრებია და შესაბამისად, არც მისი დეტალების და არც შემდგომ განვითარებულ მოვლენების შესახებ არის ინფორმირებული.

"მათ დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია, დავადასტურო, რომ ეს შეხვედრა კოალიციაში ნამდვილად შედგა", - დასძინა მან.

როგორც "ივერონი" უკვე იტყობინებოდა, თავად ზვიად ძიძიგური არათუ მამუკა არეშიძესთან დაპირისპირების, არამედ აღნიშნული შეხვედრის გამართვის ფაქტსაც უარყოფს. როგორც "ივერონს" კოალიციის ლიდერის პრეს-პიკერმა მაია ფანჯიკიძემ ზვიად ძიძიგურზე დაყრდნობით განუცხადა, "მსგავსი შეხვედრა საერთოდ არ გამართულა".

სააგენტოს ინფორმაციით კი, მამუკა არეშიძესა და ზვიად ძიძიგურს შორის უთანხმოების მიზეზი საქართველოში მცხოვრები ეროვნებით სომეხი მოქალაქეების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხი გახდა. სააგენტოს ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის ორი გავლენიანი წარმომადგენელი ესწრებოდა, ზვიად ძიძიგური ამ ინიციატივის წინააღმდეგ საკმაოდ მკვეთრი ფორმით გამოვიდა, კერძოდ, სომხების მხრიდან "მხოლოდ ფულის ინტერესი" ახსენა, რის შემდეგაც მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა.

მისივე ინფორმაციით, აღშფოთებულმა სომხებმა კოალიციის რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების საკითხთა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელ მამუკა არეშიძეს მიმართეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევა ვერც ამ გზით მოხერხდა და ურთიერთობა ამჯერად უკვე ძიძიგურსა და არეშიძეს შორის დაიძაბა.

საკითხის გასარკვევად სააგენტო თავად ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა, თუმცა იგი ორი დღის განმავლობაში სასაუბროდ ვერ იცლიდა. მამუკა არეშიძე კი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100