სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილმა კოლეგებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა

ბიუროს სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კოლეგებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა.

„საქართველოსთვის ამ ისტორიულ დღეს, ისტორიულ საათს და ისტორიულ წამს, მაშინ, როდესაც ვიწყებთ ბიუროს სხდომას, საქართველოს წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად ემზადებიან. ჩვენ ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, მათ შორის პარლამენტის კედლებში, რადგან მას შემდეგ, რაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, დოკუმენტი უკვე პარალმენტს გადმოეცემა. საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენ სხელშეკრულების რატიფიცირებას. ჩვენ, პარლამენტს გვეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ხელშეკრულების გაფორმების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი შემდგომი იმპლემენტაციის პროცესი. მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში“, -განაცხადა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ივლისის თვეში პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება, სადაც სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება.
„გაიმართება საკომიტეტო მოსმენები და ჩვენ ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ კარგად გავაანალიზებთ ყველა იმ პროცესს და პროცედურას, რაც უნდა მოჰყვეს დოკუმენტის ხელმოწერას და საქართველოს მიერთებას ევროკავშირთან. გილოცავთ, ჩვენ გარკვეული გაგებით ვართ თანამონაწილე იმ პროცესისა, რომელიც ამ წუთებში ბრიუსელში მიმდინარეობს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ბიუროს სხდომის დასასრულს, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია დახურულად გამოცხადდა.

„ივნისის ბოლო პარასკევია, ამიტომ, რეგლამენტის თანახმად და ბიუროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესია დახურულად ცხადდება. რიგგარეშე სესიის თარიღი და ხანგრძლივობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გახდება ცნობილი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100