100 მედეგი ქალაქი - თბილისის ფორუმი
მიმდინარე წლის 28 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი რუმსში”, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან (ASB) ერთად ატარებს შეხვედრას 100 მედეგი ქალაქი - თბილისის ფორუმი. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.
ფორუმის მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის მნიშვნელობის განსაზღვრა და ინტეგრირება მედეგი ქალაქის სტრატეგიაში და კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, თბილისის მედეგი ქალაქის სტრატეგიის ნაწილის სამუშაო ვერსიის შემუშავება კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირებით.
100 მედეგი ქალაქის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის, ქალაქ თბილისის საკრებულოს, DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების, კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროგრამის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.
1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.
კომენტარი