არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს
„ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, პარტიამ არა ერთი საარჩევნო უბნიდან მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპონენტები, საჩივართა რაოდენობით, ამომრჩეველთა განწყობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. „მიუხედავად ამისა, მსგავსი ფაქტები არჩევნებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, არჩევნები დილიდან თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინასწარი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი მხარადაჭერა აქვს და ის, რომ გაყალბება არც ერთ უბანზე არ იქნას დაშვებული, პირველი რიგში ჩვენს იტერესებში შედის“, - აღნიშნა მან.
თალაკვაძემ მხარდამჭერებსა და ამომრჩეველებს მოუწოდა, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
რაც შეეხება განცხადებებს ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, თალაკვაძის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა, სიები არის ღია და აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ აქტივისტს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. „ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, რაც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“, - განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
კომენტარი