"სააკაშვილს დევნის საკუთარი წარსული და არა პუტინთან „შეკრული“ ივანიშვილი"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება.
დღეს საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების შეშფოთება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულად ცნობის გამო, კიდევ ერთი ნიშანია, რომ ჩვენი მეგობრებისთვის სულერთი არ არის, როგორ ვითარდება პროცესები ჩემს ქვეყანაში. მე მათ პოზიციას აღვიქვამ როგორც საქართველოს მხარდაჭერას და სურვილს, იხილონ ჩემი სამშობლო განვითარებული და შემდგარი დემოკრატიის ქვეყნად.
კარგად მესმის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეგობარი პოლიტიკოსების რეაქციაც. ძნელია უყურო, როგორ განიცდის კრახს და დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული ერთ დროს შენი პოლიტიკური მოკავშირე. ვიცი და კარგად მესმის, რა იწვევს მათ შეშფოთებას. მათ ეშინიათ, არ გაჩნდეს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნიშნები ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაში ცხოვრების მწირი გამოცდილება აქვს და ჯერ კიდევ სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები. მე შემიძლია გავუგო მათ, რადგან ისინი საქართველოდან წლების განმავლობაში იღებდნენ მცდარ ინფორმაციას, როგორ ყვაოდა ჩვენთან დემოკრატია. ახლა კი უჭირთ იმის დაჯერება, რომ ახალი ხელისუფლება მართლაც არ ფიქრობს გადაუხვიოს დემოკრატიის გზას.
ამიტომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა, რაოდენ დაუმსახურებლად ან უსაფუძვლოდაც არ უნდა ჩანდეს იგი. არის საკითხები, რომლებშიც სიცხადის შეტანა და ეჭვების გაფანტვა შედარებით რთულია, რადგან რთულია ცალკეული პროცესების მუდმივი და ეფექტიანი მონიტორინგი ან ყველა ფაქტის გადამოწმება.
მაგალითად, შესაძლოა ვიღაცამ არ დაიჯეროს, რომ დემოკრატიული ტრადიციების დეფიციტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის პირობებში საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ერევა სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულების საქმიანობაში. ამ შემთხვევაში ოპონენტები შეიძლება არ დაკმაყოფილდნენ ხელისუფლების არგუმენტებით (რომლებიც მიუთითებენ მრავალ ანგარიშსა თუ არსებით მტკიცებულებაზე სახელისუფლებო წნეხისგან მედიისა და ბიზნესის გათავისუფლების, სასამართლო რეფორმის საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების, სასამართლოების მიერ პოლიტიკური რეზონანსის მქონე საქმეებზე პროკურატურის პოზიციის არგაზიარების შესახებ) და საბოლოო დასკვნების გამოსატანად გადაწყვიტონ პროცესებზე უფრო ხანგრძლივი ვადით დაკვირვება.
ამასთანავე, არის საკითხები, რომლებზეც ჭეშმარიტების დადგენა სრულიად მარტივი საქმეა. ასეთ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება ბრალდებულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიერ ფართოდ ტირაჟირებული ვერსია იმის შესახებ, რომ მას დევნის არა ქართული მართლმსაჯულება კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, არამედ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც მოქმედებს „გაზპრომის მთავარი აქციონერის“ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით და რომლებიც გაერთიანებული ძალებით ცდილობენ მთელ რეგიონში მთავარი დემოკრატი ლიდერის განადგურებას. ვისაც არა აქვს ელემენტარული ინფორმაცია (ან არ უნდა, რომ ჰქონდეს), შეიძლება მართლაც ადვილად მოიხიბლოს ამგვარი მარტივი ჰოლივუდური სიუჟეტით... მაგრამ გაოცებას იწვევს იმ ცალკეული პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ვისაც არც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და არც გამოცდილების.
ზოგადად, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილი და არც მე. შესაძლოა, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი არ აღმოჩნდეს რეალისტური, წარმატებული და ქვეყნისთვის სასარგებლო. ამაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და იყოს კამათი. მეც მზად ვარ ასეთ განხილვებსა და კამათში მონაწილეობისთვის და სათანადო არგუმენტების შემთხვევაში - შეცდომების აღიარებისთვისაც. მაგრამ მსჯელობა იმაზე, ივანიშვილი შეგნებულად, გააზრებულად, მეთოდურად და თანამიმდევრულად წლების განმავლობაში ხომ არ მუშაობს რუსეთის ინტერესების შესაბამისად („რუსეთის პატრიოტია“) ან საქართველოს დასაბრუნებლად რუსეთის ორბიტაზე („საქართველოს შემცდარი პატრიოტია“), უბრალოდ, არასერიოზული და სამარცხვინოა.
ჩემთვის, როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორისთვის, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებლისთვის, შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ ჩემი ყოფილი პოლიტიკური ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თურმე სხვა ქვეყანას ემსახურებოდა და ემსახურება და ღალატობს საკუთარ სამშობლოს. ამიტომ, ჩემს ვალად მიმაჩნია გამოვეხმაურო ამ თემას და ზოგიერთი ფაქტი შევახსენო მათ, ვინც შეცდომაშია შეყვანილი.
ივანიშვილი: ქართველი ნაციონალისტი. ივანიშვილის ხედვებზე, ღირებულებებსა და გეგმებზე, გარდა უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო საქმიანობისა, მართლაც ცოტა რამ იყო ცნობილი 2011 წლის შემოდგომამდე. მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც საჯარო გახდა მისი წარსულისა თუ დღევანდელობის ყველა დეტალი, წესით, აღარ უნდა რჩებოდეს კითხვები იმის შესახებ, რა მოტივები ამოძრავებდა და ამოძრავებს ივანიშვილს თავის სამშობლოსთან და თავის ხალხთან მიმართებით. გავიხსენოთ ფაქტები ივანიშვილის თავდადების შესახებ, რომელთა გადამოწმება ძალიან მარტივია.
რა არის საქართველო ბიძინა ივანიშვილისთვის? ეს არის, პირველ რიგში, მისი სამშობლო, სადაც დაიბადა და გაიზარდა ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანების ოჯახში. ივანიშვილმა საქართველო 29 წლის ასაკში სამეცნიერო საქმიანობის გასაგრძელებლად დატოვა. როგორც კი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება შეძლო, ჯერ კიდევ დამწყებმა ბიზნესმენმა, 22 წლის წინ ომისგან გაპარტახებული საქართველოს დასახმარებლად 400 ტრაქტორი გამოაგზავნა. მან საქართველოსთვის უმძიმეს 90-იან წლებში, ქართული ინტელიგენცია იხსნა უკიდურესი გაჭირვებისა და შიმშილისგან და ასობით ადამიანს დაუნიშნა ყოველთვიური დახმარება. ორი ათეული წლის განმავლობაში მისი საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით აღდგენილი და რესტავრირებულია რამდენიმე ასეული ეკლესია-მონასტერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აშენებული და აღდგენილია სკოლები, უნივერსიტეტები, სამედიცინო დაწესებულებები, თეატრები, ბიბლიოთეკები, გზები, ხიდები და მრავალი სხვა. იგი წლების განმავლობაში აფინანსებდა სოციალურ პროექტებს, დახმარებას უწევდა მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. და ეს ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევას ცდილობდა. მაშინ საქართველოში ამ კაცის სახელიც კი ცოტა ვინმემ თუ იცოდა, ხოლო სახეზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების ვიწრო წრის გარდა არავის ენახა.
ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე დახარჯა ქველმოქმედებაში და, როგორც არაერთხელ განაცხადა, გადაწყვეტილი აქვს თავისი ქონების მინიმუმ 90 პროცენტი ასევე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას მოახმაროს. ივანიშვილის თავდადება საქართველოსა და მისი მომავლისადმი ეჭვქვეშ ვერ დადგება.
რა არის რუსეთი ბიძინა ივანიშვილისთვის? ეს არის ქვეყანა, სადაც ის მუშაობდა სამეცნიერო დისერტაციაზე, გახდა ბიზნესმენი, დააგროვა თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი. ივანიშვილმა პრეზიდენტ ელცინის მმართველობის დასრულებისთანავე დატოვა რუსეთი და 12 წელია იქ აღარ ჩასულა. ივანიშვილმა მაშინდელი რუსეთის ბიზნესწრეებს თავი დაამახსოვრა სრულიად გამორჩეული ხელწერით - იგი ვერ ეგუებოდა ვერანაირ უწესობას და უკანონობას. რაც შეეხება „გაზპრომის მთავარ აქციონერობას“, ივანიშვილი გაზპრომის ბოლო აქციას და პრეზიდენტ სააკაშვილთან საქმიან ურთიერთობებს ერთდროულად, 7 წლის წინ გამოემშვიდობა... ხოლო რუსეთში დარჩენილი ყველა სხვა ქონება მან გაასხვისა პოლიტიკური აქტიურობის დაწყებისთანავე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რუსეთი ივანიშვილის წარსულს განეკუთვნება.
რა არის საქართველოს თავისუფლება და ევროპული არჩევანი ბიძინა ივანიშვილისთვის? ის 2003 წლიდან მხარში ამოუდგა ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს და მის გუნდს, რომლებმაც კორუფციასთან ბრძოლა, ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამოაცხადეს პოლიტიკურ პრიორიტეტებად. იგი უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებს უწევდა სახელმწიფო სტრუქტურებს. კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, იგი ორ-ნახევარი წლის განმავლობაში აფინანსებდა მინისტრების, მთავრობის წევრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდებს, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტს მხოლოდ სიმბოლური ხელფასების გასტუმრება შეეძლო. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იგი როდესმე ცდილობდა პოლიტიკურ პროცესებში ან მთავრობის გადაწყვეტილებებში ამა თუ იმ გზით ჩარევას. მეტიც, არასასურველი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, მისი სახელი არსად ფიგურირებდა ამ პროცესში და ყველას ეგონა, რომ ამ სახელფასო ფონდებს ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებდა.
ამავე პერიოდში, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ივანიშვილმა უზარმაზარი ფინანსური დახმარება გაუწია ქართულ ჯარს, რათა იგი ნატოს სტანდარტებს მიახლოებოდა. 2004-2008 წლებში, სწორედ მისი დაფინანსებით, ინვენტარითა და სამხედრო ფორმით აღიჭურვა ქართული ჯარი, შეიქმნა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ყველა სამხედრო გარნიზონი, რომლებიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების უმაღლეს შეფასებას იმსახურებდნენ (სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა 2008 წლის ომს შეეწირა და გაპარტახდა).
სანამ სჯეროდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს ქვეყანა დემოკრატიული დასავლეთისკენ მიჰყავდა და მართლა ებრძოდა კომუნისტური და კოლონიური წარსულის ნაშთებს, პირადად სააკაშვილის ხელისუფლების დასახმარებლად ივანიშვილმა იმ ხერხსაც კი მიმართა, რომ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა 90 მილიონი დოლარი, რათა ამ ფულით აშენებული, გარემონტებული და აღჭურვილი 400 სკოლა სააკაშვილსა და მის გუნდს მიწეროდა. ასეც მოხდა - სააკაშვილი დიდხანს ტრაბახობდა ამ პროექტით...
ჯამში, ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ასეულობით მილიონი დოლარი მოახმარა სააკაშვილისა და მისი გუნდის საქმიანობას (მაინტერესებს, მისი ამჟამინდელი პრეტენზიების ფონზე, როგორ განმარტავს სააკაშვილი ამ მხარდაჭერას).
მაგრამ, როდესაც მისივე დახმარებით რეფორმირებული პოლიცია 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელში საკუთარი ხალხის სადამსჯელო იარაღად იქცა და ხალხს დაუპირისპირდა და როდესაც 2008 წლის იანვარში სააკაშვილი არჩევნების გაყალბების გზით დარჩა ხელისუფლებაში, ივანიშვილმა უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე და გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი. შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი - რუსეთის კარგად დაგეგმილი აგრესია და საქართველოს პრეზიდენტის მორიგი გაუაზრებელი ავანტიურა...
თუმცა, 2011 წლის მდგომარეობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახერხა დასავლეთში იმგვარი სურათის შექმნა, რომ თითქოს მის გარეშე საქართველო უარს იტყოდა აშშ-სა და ევროპასთან სტრატეგიულ კავშირზე და რუსეთს ჩაუვარდებოდა ხელში. ამგვარად, მან დასავლეთში მართალია დაკარგა „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსი, მაგრამ შეინარჩუნა „უალტერნატივო ჩვენიანის“ სტატუსი. რაც ამ დროს ქვეყნის შიგნით ხდებოდა, იმის აღწერას აქ არ შევუდგები - ამაზე ყველაზე უკეთ ქვეყანაში 2013 და 2014 წლებში ჩატარებული მართლაც თავისუფალი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგები და სასამართლოების მიერ დადასტურებული დანაშაულობები მეტყველებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კი სულ სხვა მომავალი ჰქონდა დაგეგმილი პრეზიდენტ სააკაშვილს... ჩემი პარტია, რომელიც ამ დროისთვის ოპოზიციას განეკუთვნებოდა, პრაქტიკულად, განადგურებული იყო. ფეთქავდა მხოლოდ ფსევდოოპოზია, ანუ პარტიები, რომლებიც სააკაშვილს დემოკრატიის მოსაჩვენებლად და უცხოელი მეგობრების თვალის ასახვევად სჭირდებოდა. სააკაშვილი ფართო ნაბიჯებით მიემართებოდა სრული პუტინიზაციისკენ - პრეზიდენტის სავარძლიდან კონსტიტუციური ცვლილებებით წინასწარ მომზადებული ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრის სავარძლისკენ.
მე თუ მკითხავთ, ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლა და პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმების არევა თავად სააკაშვილთან ერთად სწორედ პრეზიდენტ პუტინის გეგმებში არ შედიოდა ყველაზე მეტად. დემოკრატიული განვითარების გზიდან გადასული და ხალხის ჭეშმარიტი მხარდაჭერის არმქონე საქართველოს ხელისუფლება, რომლის უავტორიტეტო, მაგრამ ჯერ კიდევ საჭირო მეთაურს დემოკრატიული სამყაროს ლიდერები აღარც კი ხვდებიან - აი, ჭეშმარიტი რუსული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდებოდა, რომ არა ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე.
2011 წლის მიწურულს სწორედ ამ სრულ უპერსპექტივობაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ქვეყანაში მოხდა პოლიტიკური აფეთქება - პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პირველივე დღეებიდან მომიწია ივანიშვილის სიახლოვეს ყოფნა და თავად ვარ მოწმე იმისა, თუ რა რისკების ფასად უჯდებოდა მას ეს გადაწყვეტილება - 56 წლის ასაკში, საგაზეთო ინტერვიუს მიცემისა და საჯაროდ გამოსვლის გამოცდილების გარეშე, იგი პირდაპირ სატელევიზიო დებატებში ჩაერთო. ივანიშვილი მყისიერად ხელისუფლების სამიზნედ იქცა. მისი პირადი დაცვის წევრები განაიარაღეს. მას ჩამოერთვა უფლება ესარგებლა საკუთარი ვერტმფრენით. მის ოჯახის წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ (აღარაფერს ვამბობ ჩამორთმეულ მოქალაქეობაზე, მხოლოდ მისი ბანკის გასაკოტრებლად მიღებულ კანონებსა და ასობითმილიონიან ჯარიმებზე).
არანაკლებ დიდი იყო პოლიტიკური წნეხი. საქართველოს არ ახსოვს ამგვარი სიმძაფრის ერთწლიანი საარჩევნო მარათონი. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე იყო პოლიტიკური კულმინაციის არჩევნებამდე მომწიფების ცდუნება - ხან მხარდამჭერებზე გაუგონარი მასშტაბის პოლიციური ტერორის და ხანაც დემონსტრაციებზე გამოსული ასობით ათასი შემართული მოქალაქის ერთად დანახვის გამო. მაგრამ ივანიშვილმა არა მხოლოდ ფართო სამოქალაქო გაერთიანების შექმნა შეძლო, არამედ ამ ერთობის დასახული გეგმის მიხედვით წაყვანაც მოახერხა - მმართველი რეჟიმის შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით და მხოლოდ უსისხლოდ. მისი არგუმენტი იყო უმარტივესი - სააკაშვილის რეჟიმის შეცვლით ქვეყანა უნდა გაძლიერებულიყო და ევროპას უნდა მიახლოებოდა და არა პირიქით - დასუსტებულიყო, ევროპულ გზას ასცდენოდა და რუსეთის ადვილ ლუკმად ქცეულიყო. სულ მცირე არეულობაც კი რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საბაბი გახდებოდა. ამიტომ იყო დაუშვებელი ყველაფერი, გარდა, საარჩევნო ყუთებთან საქმის გარკვევისა.
სააკაშვილი და მისი მეგობრები ასე ხსნიან ამ ყველაფერს - თურმე პუტინს შემოუთვლია ივანიშვილისთვის, შენ ეს ყველაფერი გააკეთე, და თუ ცოცხალი გადარჩი, რუსეთში დარჩენილი შენი ქონების იმ მცირე ნაწილსაც სარფიანად გაგაყიდვინებ, რომელსაც მაშინვე ისევ ქველმოქმედებაში დახარჯავო...
ამ ყველაფრის შემდეგ, ხალხის უზარმაზარი ნდობით ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა, გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი - რეფორმების ინტენსიური პერიოდის შემდეგ, რომლებიც მიმართული იყო დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების საფუძვლების უზრუნველყოფისკენ, ის გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონი სააკაშვილის დამარცხების შემდეგ.
ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ზოგი მისი გადაწყვეტილება, მათ შორის, ამგვარი წასვლაც, ბოლომდე გასაგები და მისაღები არ არის. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს ადამიანი მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, თავისი ნიჭით, უნარითა და ფინანსებით საკუთარ სამშობლოს ემსახურება; ეწევა ქველმოქმედებას, რომლის ანალოგი ძნელი მოსაძებნია; როგორც ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, ემსახურება სამშობლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად; აქვს თავის ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვის გაცილებით მეტი სტაჟი, ვიდრე პუტინსა და თავად სააკაშვილს, ერთად აღებულს.
ცხადია, მოყვანილი ფაქტები და ივანიშვილის სხვა დამსახურებანი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არ ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველთვის და ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველთვის და ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ - გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა!
ერთადერთი, ვინც შესაძლოა კვლავაც გააგრძელოს „პუტინ-გაზპრომ-ივანიშვილის“ სერიალი, და მე მას გავუგებ, თავად სააკაშვილია - პროკურატურის მიერ ბრალდებული პირი არ არის ვალდებული ილაპარაკოს სიმართლე და მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ...
P.S. დარწმუნებული ვარ, შეთქმულების თეორიებით გატაცებული ზოგი მკითხველი არ დაკმაყოფილდება მოყვანილი ფაქტებით და არგუმენტებით და გააგრძელებს კვლევას თემაზე - „პუტინის როლი პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხებაში“. ამიტომ, მინდა ვთხოვო მათ, აუცილებლად დაურთონ ნაშრომს ეპილოგი ასეთი სათაურით - „პუტინის როლი პრეზიდენტ სააკაშვილის გამარჯვებაში: ა) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენებაში სააკაშვილის დასახმარებლად, 22 ნოემბერი, 2003; ბ) რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბათუმში ასლან აბაშიძის გადაყენებაში სააკაშვილის დასახმარებლად, 5 მაისი, 2004;“.
კომენტარი