დომოდედოვოს ცირკში 7 წლის ბავშვს გეპარდი დაესხა თავს
გაწვრთნილი გეპარდი დომოდედოვოს ცირკის თანამშრომლის 7 წლის ბიჭუნას დაესხა თავს. კისერში კბენისა და დატორვის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი ჰოსპიტალიზებულია. პატარას უკვე ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კბენის შედეგად მან სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევა იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ჩარევა ვერავინ მოასწრო, მათ შორის, ვერც მამამ, რომელიც ცირკში მომთვინიერებელია: გეპარდი თითქოსდა მშვიდად მიუახლოვდა ბავშვს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის უფროსებისგან ოდნავ მოშორებით დაიგულა, კამარა შეჰკრა და მსხვერპლს თვალის დახამხამებაში ეძგერა. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ტოლიატშიც მოხდა: მაშინ გეპარდი თავს დაესხა გოგონებს, რომლებიც „შიპიტოს“ წარმოდგენის სანახავად იყვნენ მისულნი. მაშინ გოგონები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ.
კომენტარი