კახა კალაძე: „თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის ანდოთ ქალაქის ბედი“
„თქვენ გაქვთ უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები, თუ რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე, ვის ანდოთ ქალაქის ბედი“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერ ადგილზე დასაქმებულ ადამიანს აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება.
კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელება შესთავაზა და 7 პოლიტიკა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.
თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.
„რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ შემცირდეს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარ განვითარებას და მოსახლეობას რადიოქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომელიც, მისი თქმით, არამარტო მუხიანის, გლდანის, თემქისა და ავჭალის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი და მიზიდულობის ცენტრი იქნება.
კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.
მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.
შეხვედრას პარლამენტის წევრები - ზაზა გაბუნია და სოფო კილაძე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე და თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
კომენტარი