სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ემზარ ჯგერენაია: თუ ხუდონის პროექტი ჩავარდა, სხვა დიდ პროექტებსაც პრობლემა შეექმნება

რუსეთის ახალ ენერგოდოქტრინაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უახლოეს წლებში განვითარებული ქვეყნების ბაზრის მოცულობა შემცირდება. ამიტომაც, ამის ფონზე, უნდა მოხდეს განვითარებადი ქვეყნების რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გაზრდა. ეს ფაქტი რუსეთს აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი გავლენა და პოლიტიკის გატარება მასზე ენერგოდამოკიდებულ ქვეყნებში.

რუსეთის ამ დოქტრინამ ქართველ ექსპერტებს დაანახა ის საშიშროება, რაც შეიძლება მომავალში საქართველოს მისი სახით ემუქრებოდეს. ისინი თვლიან, რომ საზოგადოებას ეს საფრთხეები და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა კარგად უნდა აუხსნან.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირსა და ნატოს მით მეტად შეგვიქმნის რუსეთი პრობლემებს და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ საქართველოს მეზობლებისგან ენერგოდამოუკიდებლობამდე მიიყვანდა.

„თუ ხუდონის პროექტი არ განხორციელდა, ყველა დიდ პროექტს შეექმნება პრობლემა - აცხადებს ემზარ ჯგერენაია - ამიტომაც მთავარია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. სპეკულირებენ ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ძალიან ცუდ ფონს ქმნიან. მეტიც, არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ეწინააღმდეგება, რათა არ დააბანდონ ენერგოპროექტებში ფული. ეს შეიძლება ავხსნათ ან გაუთვითცნობიერებლობით, ან გამიზნული ქმედებით, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნის ინტერესებს უკავშირდებოდეს.“

„საქართველოში ჰიდროენერგეტიკა ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია. პროექტების განხილვის გარდა, ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია, თავისი გამოწვევებით, შეფასებებითა და მოსალოდნელი შედეგებით. საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, ინვესტორებთან ურთიერთობაში“ - ამბობს ექსპერტი და ყურადღებას ამახვილებს გაზმომარაგების საკითხზეც; ენერგეტიკის გარდა, საქართველო,საწვავის და ბუნებრივი აირის საკითხებშიც, თავის მეზობელ ქვეყანაზე, ამჯერად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარზეა“ დამოკიდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100