სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსიისა და უკრაინის ნაწილის შემოერთებით რუსეთი კვლავ იმპერია გახდება

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი უმკაცრესად ასაიდუმლოებს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს, გაზეთ Le Figaro-სთვის ცნობილი გახდა მოსკოვის საიდუმლო გეგმების ზოგიერთი დეტალი. კერძოდ, რუსეთი შეეცდება მიიერთოს უკრაინა და ბელორუსია, რითაც ის კვლავ დიდი იმპერია გახდება.

ყირიმის მიერთებამ რუსეთთან უკვე შეცვალა საერთაშორისო წესრიგის წესები. უკრაინულმა კრიზისმა პოსტსაბჭოთა სივრცეში პანიკა და შიში დათესა, - წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro.

Le Figaro ფრანგი პოლიტოლოგის ელენ ბლანის დამოწმებით წერს, რომ "კრემლი ბიზანტიურ პოლიტიკას ატარებს, რომელიც საიდუმლოს კულტს ეფუძნება". რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლას განიხილავს,როგორც "XX საუკუნის უმსხვილეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას". ამიტომაც, მისი მიზანია - აღადგინოს რუსეთის ძლიერება და პრესტიჟი, კვლავ გააძლიეროს თავისი ზეგავლენა პოსტსაბჭოურ სივრცეში. ელენ ბლანის თქმით, ვლადიმირ პუტინი - "რუსზე მეტად საბჭოთა ადამიანია, რომელიც სუკ-ის რიგებიდან გამოვიდა".

მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტს არ სურს საბჭოთა კავშირის განახლება. ამის ნაცვლად მას სურს აღდგინოს ის ზიანი, რომელიც მიხაილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის დროს მიაყენეს საბჭოთა კავშირს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პუტინი აპირებს ევრაზიული კავშირის შექმნას, რომელშიც შევა უკრაინაც, - წერს Le Figaro.

რუსეთის მთავრობა ყოველთვის გმობდა რევოლუციებს, იქნებოდა ეს უკრაინის "ნარინჯისფერი" რევოლუცია თუ "ვარდების რევოლუცია" საქართველოში. რუსეთის აზრით, დემოკრატიისა და პოლიტიკური რეფორმების იდეები გამოიწვევენ დომინოს ეფექტს რეგიონში. ამიტომაც, მოსკოვს სურს ნებისმიერი საშუალებით აიცილოს თავიდან "დასავლური იდეებით სხვა რეგიონების დასნებოვნება", - ვარაუდობს ფრანგული გამოცემა.

რუსეთის შემდგომი ტაქტიკა დამოკიდებულია დასავლეთის რეაქციაზე. ახლა უკრაინა იდეალური ადგილია მოსკოვისთვის, თამაშის საკუთარი წესების დასამყარებლად. "უახლოეს მომავალში პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მოახდინოს ახალი ხელისუფლების დესტაბილიზაცია", - ბრძანებს ელენ ბლანი. ФСБ შეეცდება შიში და არეულობა დათესოს ქვეყნის აღმოსავლეთში, მოახდინოს საპასუხო მოქმედებების პროვოცირება, შემდეგ კი გააგზავნოს ჯარი უკრაინის რუსულენოვანი უმცირესობის "გადასარჩენად".

NATO-ს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთის ყირიმში შეჭრას გლობალური სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მოსკოვი შეეცდება მთელი აღმოსავლეთი უკრაინის დაპყრობას. პოლიტოლოგ ანდრია კლიმოვის აზრით, 2015 წლამდე ბელორუსიაში მოხდება რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება რუსეთთან მიერთების საკითხი. "ბელორუსიასთან და უკრაინის ნაწილთან ერთად რუსეთი კვლავ იმპერიად შეიქნება", - დარწმუნებულია დიპლომატი Le Figaro-დან.

უკრაინის მოვლენები დიდ საშიშროებას წარმოადგენს მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიისპირეთი უკვე უფრთხიან ზეწოლას და რუსულენოვანი უმცირესობით მანიპულირებას რუსეთის მხრიდან. 16 მარტის რეფერენდუმი აღიქმება როგორც მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის. Le Figaro შეგვახსენებს, რომ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი "სერბული რესბუპლიკა" უკვე აცხადებს სერბეთთან მიერთების სურვილს.

უკრაინის კრიზისი მთელს მსოფლიოზე აისახება. საერთაშორისო საზოგადოების პრინციპები და უფლებები დარღვეულია. ყველა საერთაშორისო საკითხი, რომელშიც რუსეთს ზეგავლენა გააჩნია: ბირთვული შეიარაღება, სირიის ქიმიური განიარაღება, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, ჩრდილოეთ კორეის მუქარები - დღეს კვლავ კითხვის ქვეშ რჩება,, - ასკვნის ფრანგული გამოცემა.

wyaro:http://apocalypse.ge/sxv_news_figaro_belorusiisa_da_ukrainis_shemoertebit_ruseti_kvlav_imperia_gaxdeba_2014.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100