ცრუ ბაგრატიონები „სამეფო მოღვაწეობას“ ციხეში გააგრძელებენ
ცრუ ბაგრატიონების ოჯახი "მოღვაწეობას" საპყრობილეში გააგრძელებს.
საქმე ეხება ტიტანიძეების ოჯახს, რომელთა სამი წევრის დაკავების შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრომ ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა. როგორც "ივერონისთვის" გახდა ცნობილი, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ თანამზრახველობაში ბრალი ოჯახის დიასახლისს, თამარ გულედანსაც დასდო.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სამართალდამცველებმა მამა-შვილი, მერაბ და კახაბერ ტიტანიძეები აიყვანეს. საქმე თაღლითობის რამდენიმე ეპიზოდს ეხებოდა.
"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2002 წელს მერაბ ტიტანიძემ დაბადების ყალბი მოწმობის საფუძველზე სახელი და გვარი სოლომონ ბაგრატიონად გადაიკეთა და თავს იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის ბაგრატიონის შთამომავლად ასაღებდა. ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებულია მისი ვაჟი კახაბერ ტიტანიძე.
დადგენილია ასევე, რომ მათ გახსნილი ჰქონდათ საქველმოქმედო ფონდი და შესულ თანხას პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ",- აცხადებდნენ შს სამინისტროში.
გამოძიების მსვლელობისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ცრუ ბაგრატიონი, ლაშა ტიტანიძე აიყვანეს და როგორც ჩანს, ბრალდებას ვერც ცრუ ბაგრატიონების დიასახლი გადაურჩა.
მართლმსაჯულებამ კახაბერ ტიტანიძეს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა, მამას - მერაბ ტიტანიძეს დანაშაულთა შეკრებითობით 16 წლამდე პატიმრობა განესაზღვრა, ლაშა ტიტანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის 50 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, თამარ ბაგრატიონის საქმე კი ძიებაშია.
ცნობისთვის, ე.წ. ბაგრატიონები დაახლოებით 20 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ. საქართველოში ისინი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩამოვიდნენ და ორგანიზაცია "ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის საქველმოქმედო ფონდი" დააარსეს.
წლების განმავლობაში ისინი აღნიშნული ფონდის ანგარიშზე დონორი ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეებისგან სოლიდურ თანხას იღებდნენ.
გარდა ამისა, ე.წ. ბაგრატიონები თბილისში რამდენიმე კომერციულ დაწესებულებას ფლობდნენ, რომლებიც ამჟამად საგადასახადო სამსახურის მიერაა დალუქული.
კომენტარი