სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოღაიდელი „ეროვნული საბჭოდან“ გარბის?

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ნოღაიდელის მივლინება ოპოზიციაში ძალიან მალე დასრულდება. „ნოღაიდელი კვლავ კაბინეტურ მუშაობას დაუბრუნდება, პირადი ქონების დაგროვებას განაგრძობს და შეეცდება დაივიწყოს ყოველივე ის, რასაც ჟურნალისტები მაინც შეეცდებიან, რომ გაახსენონ. და თუ რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს, მოდით, ეს თქვენმა მკითხველმა განსაჯოს“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს სოსო ცისკარიშვილმა.
- ბატონო სოსო, ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს დაქსაქსული ხვდება, მათი არაერთი კონსულტაცია კრახით დამთავრდა და არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით ვერ გადიან. თქვენი აზრით, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ გაერთიანება?

- ოპოზიციამ ვერ სძლია საკუთარ თავს. იდეა მათი ერთიანობისა მოგონებებში დარჩა და პარალელურად ერთიანი კანდიდატის შერჩევის შანსიც დაიკარგა. ამ ფაქტების გამო პოლიტიკური პარტიების რეიტინგი თავისთავად ეცემა და აღარ არის მკაფიო მოლოდინი იმისა, რომ პასუხი კითხვაზე, სამშობლო თუ პარტია, იქნება ცალსახად ყველასთვის მისაღები.

როდესაც ოპოზიციური პარტიის წევრები მეტი სიამოვნებით აკრიტიკებენ ერთმანეთს, ვიდრე ხელისუფლებას, რომლის შეცვლის იდეაც ვითომდა მათ უნდა აერთიანებდეთ, ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურისა.

ვფიქრობ, რომ რეალობა გვაშორებს ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის პერსპექტივისგან, რაც გულდასაწყვეტია. ფაქტობრივად, მტყუან-მართლის გარჩევის ინტერესიც კი დაკარგა საზოგადოებამ, რადგან ჭეშმარიტების მღაღადებელი რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არ მეგულება.Yყველას აქვს საკუთარი შეცდომები, რომელიც უპირველესი ანალიზის საფუძველი უნდა გახდეს მათთვის, რადგან, თუ საკუთარ შეცდომებს ვერ გაანალიზებ, შემდეგ ვერც უკეთეს გზას დასახავ უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად.

- მარტივ-მამრავლებად დაშლილ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს და, როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ ვერ შეთანხმდნენ? ერთ-ერთი ვერსიით, ოპოზიციის ლიდერებმა ამბიციები და პირველობა ვერ დათმეს...

- გასული წლის საპროტესტო აქციების საჭიროზე მეტმა ხანგრძლივობამ გარკვეული მიუღებლობა გაუჩინა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიმართ და უპირველეს ყოვლისა, ამ აქციების შემდგომ ისინი იბრძოდნენ საკუთარი პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის.

როცა მიეცათ საშუალება, წარმოჩენილიყვნენ დამოუკიდებლად, როგორც სუბიექტი პოლიტიკური ბრძოლისა, ქვეცნობიერად მოისურვეს, რომ ის უკმაყოფილების განცდა, რაც მათ გამოჰყვათ თითქოსდა იძულებითი ერთიანობის პერიოდიდან, ჩამოეშორებინათ და ის დაგროვილი პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ გარკვეული პერიოდულობით გაეხმაურებინათ.

მათ დამოუკიდებლობას საკუთარი პოტენციური ამომრჩევლების მიმართ, გონივრულად არც თავად ჩათვლიდნენ, ეს უფრო ემოციური შედეგი იყო ამ ერთიანობის დაშლისა, ვიდრე პრაგმატიზმი. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე პრაგმატიზმს ვერ ვიხილავთ და კვლავ ემოციურობა იქნება ის იდეა და გამოვლინება პოლიტიკური გემოვნებისა, რომელიც გველოდება 30 მაისს.

- კიდევ ერთი „ალიანსის“ შექმნას როგორ აფასებთ, ვგულისხმობ „კონსერვატორების“ და „ხალხის პარტიის“ ნოღაიდელთან დამეგობრებას და საერთოდაც, რას ფიქრობთ ნოღაიდელის ფიგურაზე?

- არ დაგიმალავთ და გეტყვით, გამკვირვებია, რადგან არც კობა დავითაშვილის და არც ზვიად ძიძიგურის პატრიოტობაში ეჭვი აქამდე არ შემიტანია, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ვერ სძლიეს საკუთარ წყენას და იმისმა შიშმა, რომ არჩევნების შედეგად შეიძლება ვერ მომხვდარიყვნენ კვალიფიციურ პარტიებს შორის, შესაძლებლად მიიჩნიეს გაერთიანებულიყვნენ ადამიანთან, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ გამარჯობის თქმის ვალდებულებითაც კი არ იტვირთავდნენ თავებს.

- ამბობენ, რომ ისინი ნოღაიდელის მილიონებით ყოფილან მოხიბლულნი და სწორედ ამიტომაც შექმნეს მასთან „ალიანსი“...

- ზვიად ძიძიგური ბევრად უფრო გამოცდილი პოლიტიკოსია, ვიდრე ნოღაიდელი. იმავდროულად, 5 წუთის ისტორიის მქონე პოლიტიკოსები არც ერთი გახლავან, რომ საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივა შეწირონ ერთ ადგილობრივ არჩევნებს. მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის „ალიანსის“ საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაწყენი ადამიანების ნაბიჯი, რომელთაც შეიძლება აქვთ კიდევაც საფუძველი ასეთი წყენის, მაგრამ სიჯიუტეც სახეზეა და ის მოქნილობა, რომელიც პოლიტიკურ ძალას უნდა გააჩნდეს, ამ შემთხვევაში რეალურად გამჟღავნებული არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისგან, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არ არის.

- ზურაბ ნოღაიდელი ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩევა და მკვეთრი განცხადებებით გამოდის, იგი ქვეყანაში ახალ რევოლუციასაც კი არ გამორიცხავს, თქვენი აზრით, რისთვის ემზადებიან პრაიმერისტები?

- საქართველოში განსხვავებული წარმოდგენები არსებობს რევოლუციაზე, ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, ყირგიზულისაგან განსხვავებულს. ჩვენ ვერ ვიტრაბახებდით ვერანაირი რევოლუციით, ის რომ ყოფილიყო სისხლიანი „ვარდების რევოლუციის“ დროს და არც ახლაა ვინმე მოსურნე იმისა, რომ საკუთარი იდეების გამო ადამიანის სიცოცხლე იყოს მსხვერპლად გაღებული.

სწორედ იმით ვართ თავმომწონენი, რომ ასიათასიანი მიტინგის პირობებში ქუჩაში არც ერთი ნაგვის ურნა არ გადატრიალებულა. ამიტომ ტერმინ რევოლუციას მოვერიდებოდი. არც ორგანიზაციული და არც ტექნიკური საშუალება ამისა არ ჩანს. რევოლუციას მხოლოდ სურვილი არ ჰყოფნის და სხვა რაიმე პოტენციალს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
- ნოღაიდელმა ისიც კი აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რუსულ ტანკებსაც კი წაუძღვება წინ, რას ნიშნავს ეს განცხადება?

- ერთს გეტყვით, ნოღაიდელის მივლინება ოპოზიციაში ძალიან მალე დასრულდება. ნოღაიდელი კვლავ კაბინეტურ მუშაობას დაუბრუნდება, პირადი ქონების დაგროვებას განაგრძობს და შეეცდება დაივიწყოს ყოველივე ის, რასაც ჟურნალისტები მაინც შეეცდებიან, რომ გაახსენონ.
- რას გულისხმობთ?
- მოდით, ეს თქვენმა მკითხველმა განსაჯოს.
- ალასანიაზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი მერყევ პოლიტიკოსს უწოდებს, რას იტყვით, მიგაჩნიათ თუ არა, რომ იგი ყველაზე რეიტინგული კანდიდატია და არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებს როგორ აფასებთ?

- ცხადია, არსებობს მოსაზრება, რომ მის მიმართ მოლოდინი იყო მეტი, ვიდრე ეს რეალობაში წარმოჩინდა, თუმცა სტაბილური პოლიტიკური კურსის განცდას, სხვა ლიდერებთან შედარებით, ის ბევრად ამყარებს ამომრჩეველთა შორის.

არიან უფრო აქტიურები, ექსცენტრიულები, გულადებიც, შეიძლება ითქვას, მაგრამ ნიშა, რომელიც ალასანიამ ქართულ პოლიტიკაში დაიკავა, პრაქტიკულად დღემე თავისუფალი იყო. იმის მიუხედავად, რომ ის სტაბილურად ინარჩუნებს „ალიანსის“ კონფიგურაციას და მხოლოდ ბოლო დღეების ამბავია `ალიანსის~ გამდიდრება კიდევ ერთი სუბიექტით, როგორიცაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პარტია, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, მიუხედავად მისი შედეგებისა, „ალიანსი საქართველოსთვის“ შეიძენს ახალ კონფიგურაციას.
- ანუ „ალიანსი“ შეიძლება გაფართოვდეს?

- ზოგი მოვა, ზოგი წავა. იმედი მაქვს, თავად ალასანიას გუნდისთვის თვითკრიტიკა არ დაჩლუნგდება. თავადვე შეაფასებენ, როდის შეცდნენ, სად და რა შემთხვევაში შეიძლებოდა მათი შედეგი უფრო მაღალი ყოფილიყო.

- დაბოლოს, როგორ აფასებთ ოპოზიციის გახშირებულ ვიზიტებს კრემლში, რისთვის დადიან ბურჯანაძე და ნოღაიდელი მოსკოვში?

- რუსეთში ჩასვლა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ვიდრე რუსეთში სიარულით ავიდგამდეთ ფეხს, მოდით, გავისეირნოთ სამაჩაბლოში, სოხუმში და იქ ვეძიოთ კონტაქტები. უპირველეს ყოვლისა, ოსებს და აფხაზებს დავანახოთ, რომ ჩვენ ტერიტორიებს კი არ მივტირით, არამედ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს მივტირით და მივტიროდით ყოველთვის.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100