სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მალავს რუსიშვილის ოჯახი ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველ, "ლუტეციის" ვიდეო-კადრებს?

ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ დავით რუსიშვილის ადვოკატმა და მამამ ორი დღის წინ პრესკონფერენცია გამართეს. მათ განაცხადეს რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გასამართლებული რუსიშვილი უდანაშაულოა. რუსიშვილი, ნაფიცმა მსაჯულებმა სცნეს დამნაშავედ და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. მას 21 წელი მიუსაჯეს.

არის თუ არა, რუსიშვილი ზურა ტარყაშვილის ერთ-ერთი მკვლელი? რატომ ითხოვს მის გათავისუფლებას ადვოკატი ნიკოლეიშვილი და რატომ იტყუება, როცა ამტკიცებს რომ ის უდანაშაულოა?

ადვოკატმა ნიკოლეიშვილმა, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესების დროს, ტარყაშვილის მშობლებს განუცხადა: „ვიცი რომ დავით რუსიშვილი თქვენი შვილის მკვლელია, მაგრამ მე დაქირავებული ადვოკატი ვარ და მის ინტერესებს ვიცავ“.

რა მოხდა 2011 წლის 17 ოქტომბერს? რამდენიმე თვით ვადაზე ადრე გათავისუფლებული ზუტა ტარყაშვილი, მშობლებთან ერთად პრობაციაში მივიდა. ტარყაშვილს, პრობაციის თანამშრომელმა უთხრა: დღეს დილით დავით რუსიშვილი იყო მოსული და თქვენ გიკითხათ. აინტერესებდა, თუ რომელ დღეს უნდა მოხვიდეთ აქ. ამ ფაქტს ზურა ტარყაშვილის მშობლებიც შეესწრნენ (პრობაციის თანამშრომელი, რუსიშვილს, როგორც პრობაციონერს იცნობდა. მან ფაქტი სასამართლოზეც დაადასტურა).

სახლში, მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე დაბრუნებულ ზურა ტარყაშვილს, დავით რუსიშვილი მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. ის ტარყაშვილის სახლის სიახლოვეს, კონსერვატორიასთან იდგა, რაც მისმა მეგობარმაც დაადასტურა ჩვენებაში.

როდესაც ტარყაშვილი გამოჩნდა, რუსიშვილმა ივერი გოგბერაშვილს დაურეკა და მისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.

ოფიციალურად, სატელეფონო ჩანაწერებით, დადასტურებულია, რომ იმ დღეს, რუსიშვილმა გოგბერაშვილს 11-ჯერ დაურეკა. ეს ფაქტი არც მისმა ადვოკატებმა უარყეს სასამართლო პროცესზე.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მკვლელობის დღეს, რუსიშვილმა გოგბერაშვილს, მკვლელობამდე ორი წუთით ადრე დაურეკა, რის შემდეგაც ტელეფონი გამორთო.

საქმის მასალების მიხედვით, იქვე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდგარი გოგბერაშვილი, აგლაძესთან ერთად გაიქცა ლაღიძის ქუჩაზე, კონსერვატორიასთან შეხვდა რუსიშვილს და სამივე გაეკიდა უიარაღო ტარყაშვილს (იხილეთ ვიდეოს დასაწყისი)...

მეტიც, რუსიშვილი, გარდა იმისა რომ ზურა ტარყაშვილს მოსაკლავად მისდევდა, მან მისი სიძის, უიარაღო გია გაზდელიანის მოკვლაც სცადა...

და კიდევ: რუსიშვილის მამა და ადვოკატი ამტკიცებს რომ პირი, რომელიც მკვლელობის იარაღის გადაგდების შემდეგ რუსთაველის გამზირს კვეთს და „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გარბის, რუსიშვილი არ არის...

მათ, ეს გარემოება რუსიშვილის „ალიბად“ წარმოაჩინეს. მოიყვანეს მოწმე, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა. წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია რომ „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაქცეული პირი დავით რუსიშვილი არ არის...

თუმცა, ეს ხომ ისედაც ცხადია? არც არავინ ამბობს იმას რომ „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაქცეული პირი დავით რუსიშვილია. მეტიც, მოკლულის ოჯახი აცხადებს რომ „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაქცეული პირი, ერთ-ერთი მკვლელი, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე, მინდია გოგოჭურია.

ოჯახის განცხადებით, ზურა ტარყაშვილი 5-მა პირმა მოკლა: დავით ჯოხაძემ, დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა და მარგველაშვილის შვილობილის, მაშო ჩიჩუას ქმარმა, მინდია გოგოჭურმა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს „კუდი“ მფარველობდა, ახლა კი, პრეზიდენტი მფარველობს.

„რუსთაველის მიმართულებით გაქცეულ ზურას ლაღიძიდან სამი შეიარაღებული კრიმინალი მისდევდა: პირველი იყო ირაკლი აგლაძე, მეორე ივერი გოგბერაშვილი, ხოლო მესამე, რომელმაც ზურას სიძეს, გია გაზდელიანსაც ესროლა, დავით რუსიშვილი.

რუსთაველზე, ზურა პოლიციელმა ბარათელმა დაიჭირა. მოგვიანებით, მან განაცხადა რომ ეგონა ზურას პოლიცია მისდევდა. დაჭერილ ზურას, რუსთაველის ქუჩაზე მყოფმა მინდია გოგოჭურმა და დავით ჯოხაძემ ესროლეს.

გოგოჭურმა, მკვლელობის იარაღი ძირს დააგდო, გზა გადაკვეთა და „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაიქცა. დავით ჯოხაძემ მკვლელობის იარაღი ნაგვის ურნაში ჩააგდო და პარლამენტის მიმართულებით გაიქცა...

რაც შეეხება დანარჩენებს, ჯოხაძე-გოგოჭურის შემდეგ, წაქცეულ და დაჭრილ ზურას, ირაკლი აგლაძემ ესროლა, შემდეგ ივერი გოგბერაშვილმა, ბოლოს კი დავით რუსიშვილმა (იხილეთ ვიდეო).

რუსიშვილი რუსთაველზე საერთოდ რომ აღარ გამოჩენილიყო, ის მაინც მკვლელი იქნებოდა, რადგან მკვლელობის დღეს დილიდანვე უთვალთვალებდა ზურას, იკითხა პრობაციაზე, მისი ადგილსამყოფელი შეატყობინა ივერი გოგბერაშვილს. მასთან და აგლაძესთან ერთად ლაღიძის ქუჩიდან მოსაკლავად გაეკიდა ზურას...

რატომ მალავს რუსიშვილის ოჯახი მკვლელობის ამსახველ ვიდეო-კადრებს? მათ აქვთ "ლუტეციის" შენობაზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერის კადრები. მაღაზიის თანამშრომელმა მისცა რუსიშვილებს. რატომ მალავენ? გამოაჩინონ. მათ მხოლოდ ის ნაწილი გაავრცელეს, სადაც დავით ჯოხაძე ჩანს. მთლიანი ვიდეო გაასაჯაროვონ", - აცხადებენ მოკლულის ოჯახის წევრები.

და ბოლოს, მნიშვნელოვანი გარემოება: ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე, „მაგთისა“ და მაღაზია „ლუტეციას“ შორის მოკლეს. პოლიციამ განაცხადა რომ „მაგთიზე“ დამონტაჟებული 4 ვიდეო-კამერიდან არც ერთი არ მუშაობდა (გოგოჭურისა და ჯოხაძის დაფარვის მიზნით), ხოლო „ლუტეციის“ ვიდეო-კამერის კადრები არ ამოიღეს. სამაგიეროდ, ეს კადრები ამოიღო დავით რუსიშვილის ოჯახმა. „ლუტეციის“ ერთ-ერთი თანამშრომელი მათი ახლობელია.

ის რომ „ლუტეციის“ ვიდეო-კამერის კადრები აქვთ რუსიშვილის ოჯახს, არც მისი ადვოკატები უარყოფენ. მეტიც, მათ მხოლოდ ის ფრაგმენტი გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრის დავით ჯოხაძე ზურა ტარყაშვილს. ბევრმა, ჯოხაძის ამ მკვლელობაში მონაწილეობა, სწორედ რუსიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული ამ ვიდეო-კადრების ფრაგმენტით გაიგო.

თუმცა, რუსიშვილის ოჯახმა, ვიდეო-კადრების დიდი ნაწილი დამალა და დღემდე არ ასაჯაროვებს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ იქ დავით რუსიშვილიცაა დაფიქსირებული?

რუსიშვილმა, დაჭერისთავანე აღიარა დანაშაული და აგლაძეს და გოგბერაშვილსაც დაადო ხელი. მისმა ადვოკატებმა კი არაერთხელ, მათ შორის ტელე-ეთერითაც განაცხადეს რომ ტარყაშვილის კიდევ ერთი მკვლელი არა რუსიშვილი, არამედ დავით ჯოხაძეა.

გათვლა მარტივი იყო: თავდაპირველად, გამოძიებამ განაცხადა რომ ტარყაშვილი სამმა პირმა მოკლა: აგლაძემ, გოგბერაშვილმა და რუსიშვილმა. აგლაძის და გოგბერაშვილის ადვოკატები არც უარყოფდნენ მკვლელობის ფაქტს.

რუსიშვილები, მკვლელობის ამსახველი კადრების იმ ფრაგმენტის გავრცელებით, სადაც ჩანს, თუ როგორ ესროლა დავით ჯოხაძემ ზურა ტარყაშვილს, ცდილობდნენ ჯოხაძის დანაშაული დაემტკიცებინათ. ხოლო, თუ გამოძიება და ოჯახი დაიჯერებდა რომ ტარყაშვილი არა 5-მა, არამედ სამმა პირმა მოკლა, ადვოკატების ჩანაფიქრით, ამით რუსიშვილიც გადარჩებოდა.

მარტივად რომ ვთქვათ: დავით რუსიშვილის გადარჩენის მიზნით, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა გაავრცელეს ვიდეო-კადრები, საიდანაც დავით ჯოხაძის მკვლელობაში მონაწილეობა დადასტურდა.

თუმცა, გარდა ამისა, არსებობს მაღაზია „ნექსტის“ ვიდეო-კადრებიც, საიდანაც უკვე დავით რუსიშვილის დანაშაული დასტურდება.

იქ პირდაპირ ჩანს როგორ მისდევს, ლაღიძის ქუჩიდან შეიარაღებული რუსიშვილი მოსაკლავად, ზურა ტარყაშვილს და როგორ შეეცადა ის ტარყაშვილის სიძის, გია გაზდელიანის მკვლელობასაც (იხილეთ ამ ვიდეოს დასაწყისი).

P.S: ტარყაშვილის განზრახ, ჯგუფურ მკვლელობაში რუსიშვილი დამნაშავედ სცნეს ნაფიცმა მსაჯულებმა და რაც ძალიან საყურადღებოა, მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. ანუ მისცეს რეკომენდაცია რომ მოსამართლეს რუსიშვილისთვის მაქსიმალური სასჯელი მიეჯესა.

სასამართლომ დამნაშავედ სცნო ივერი გოგბერაშვილიც - მას 24 წელი მიუსაჯეს. დაუსწრებლად გაასამართლეს აგლაძე - ის გაქცეულია. რაც შეეხება დავით ჯოხაძესა და გოგოჭურს, მათ მკვლელობის ბრალდება წაყენებული არ აქვთ.

მსჯავრდებულთა ნაწილში, საქმე დაიხურა. თუმცა, ტარყაშვილის მკვლელობის გამოძიება გრძელდება, მკვლელობაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით.

პროკურატურაში აცხადებენ რომ მალე, ჯოხაძეს მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ. რაც შეეხება გოგოჭურს, ოჯახის თქმით, იმის გამო რომ მას პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს, „ინდულგენცია“ გადასცეს.

ეს მაშინ, როცა ოჯახის თქმით, გამომძიებლები, პირად საუბარში ადასტურებენ იმ ფაქტს რომ ტარყაშვილი, ჯოხაძის, რუსიშვილის, აგლაძისა და გოგბერაშვილის გარდა, მინდია გოგოჭურმა მოკლა.

23 წლის ზურა ტარყაშვილს 17 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პოლიციამ მკვლელობის ადგილზე და მის სიახლოვეს, 30-ზე მეტი მასრა ამოიღო. ტარყაშვილი ბრმა შურისძიების მსხვერპლი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100