სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 205 შეტყობინება შევიდა

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონის საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დაიტბორა. წყალი შევარდა ასევე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ ავტოსადგომზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, უწყებაში წუხელ სულ 205 შეტყობინება შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი ზარი გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან დაფიქსირდა. აღნიშნულ რაიონებში ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი. ასევე, ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლები მეხანძრე-მაშველებმა ამოტუმბეს. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველები სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ჩანტლაძისა და შერვაშიძის ქუჩებზე, რამდენიმე საცხოვრებელ სახლშიც აწარმოებდნენ. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს ასევე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობდა ქვლივიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში. მაშველებმა კორპუსის სარდაფში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარამოეს ვარკეთილის მასივშიც.

ამასთან, გლდანში, სოფელ გიორგიწმინდაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი. მეხანძრე-მაშველების დახმარებით მიმდინარებდა წყლის ამოტუმბვა. ადგილზე მობილიზებული იყო 1 სამაშველო ჯგუფი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100