ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას რუსეთის იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად - მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ციხიდან წერილით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის მადლობას უხდის იმ განცხადებისთვის, რომელიც მან დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა. სააკაშვილი წერს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა და ის პუტინის პირადი პატიმარია. "ძალიან მადლიერი ვარ თქვენი განცხადების, რომელიც არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა. საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა - ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით. ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად. პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნულია წერილში.
კომენტარი