„გლობალ ალიანსი“ ჯანდაცვის სამინისტროს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების საკითხებში დაეხმარება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე; „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია”
კონფერენციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე მოწვეული იყვენე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პრაქტიკოსი ექიმები.
კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი, დოქტორი ჟან-ელი მალკინი.
კონფერენციაზე მოწვეულ პრაქტიკოს ექიმებს სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსია საჩუქრად გადასცეს. სახელმძღვანელოს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული და თითქმის ნახევარი საუკუნეა თითოეული ამერიკელი ექიმისათვის ყოველდღიური მოხმარების წიგნს წარმოადგენს.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯადაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების თაობაზე და დავეხმარებით აღნიშნული სახელმძღვანელოს პრაქტიკულად გამოყენების საკითხებში. სენფორდის სახელმძღვანელო პოპულარულია ევროპის ქვეყნებში და ითვალისწინებს ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას. საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მხრივ მიზანმიმართულ და სწორ ნაბიჯს დგამს და ჩვენ, როგორც „გლობალ ალიანსი“ მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ წიგნი ქართველი პრაქტიკოსი ექიმებისთვისაც ყოველდღიური მოხმარების სახელმძღვანელოდ იქცეს. ის ხელსაყრელი და მიზანშეწონილია, როგორც ცალკეული პაციენტის, ასევე უშუალოდ, ჯანდაცვის სისტემისთვის და რა საკვირველია, ეს მიმართულება იქნება უფრო რენტაბელური და ერთად შევუწყობთ ხელს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენებას,“ - განაცხადა ჟან-ელი მალკინმა.
ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე გაიმართა პრეზენტაციები ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის შესახებ. პრეზენტაციები წარადგინეს პროფესორმა ელიზაბეთ ბუვემ თემაზე: „ანტიბიოტიკებზე მეურვეობა: როგორ გავაუმჯობესოთ პრაქტიკოსი ექიმების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენება“ და პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხრივ, მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში.
კომენტარი