როდის გაიზრდება თამბაქოს ფასი საქართველოში?
თამბაქოზე აქციზის ზრდა თანდათანობით, 4-5 წლის განმავლობაში მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გათვალისწინებულია თამბაქოს აქციზის თანდათანობითი და არა მყისიერი ზრდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 31 მაისი 1988 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება როგორც თამბაქოსგან თავისუფალი დღე.
გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 15 მარტს შეიქმნა სამთავრობო კომისია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. ამავე დროს შექნილია სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიას, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომა განიხილავს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს სტრატეგია გულისხმობს თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას ორი მიმართულებით. პირველი - მეტი საინფორმაციო კამპანია, მეტი კულტურის შეტანა იმ თვალსაზრისით, რომ შედგეს საზოგადოებრივი კონსენსუსი - თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნეა.
გამყრელიძის განცხადებით, ხელი უნდა შეუწყონ იმ ადამიანებს, რომლებიც თამბაქოზე არიან დამოკიდებულნი, რომ მათ შეძლონ თამბაქოს მიტოვება.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს შეეხება საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას. აქციზის ზრდა კი, თანდათანობით მოხდება, გამყრელიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ კანონმდებლობაშიც არის აღნიშნული, რომ კაფეებში და რესტორნებში 50% უნდა იყოს შენობაში გამოყოფილი მწეველებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამას არ იცავენ.
"საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა ჯობია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი