სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი ივლისიდან კომპანიებისთვის მოგების გადასახადის ახალი წესი ამოქმედდება

თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და დავალებით, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლიც საქართველოში "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს გულისხმობს, კონკრეტულად კი, ეს ეხება მოგების გადასახადის რეორგანიზაციას.

როგორც ხადურმა განმარტა, აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც ის პარლამენტს გადაეგზავნება.
"საუბარი შეეხება იმას, რომ თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის", - განაცხადა ხადურმა.

მისივე განმარტებით, დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს.

"მაგალითად, მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვეო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, აგრეთვე იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება და შესაბამსიად მას არ ანაწილებენ. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ე.წ. აიპები.
შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი. შენარჩუნდება პროცენტზე, დივიდენდზე და როიალტზე არსებული განაკვეთი. საწარმოს მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე და აღარ იქნება 1 წლიანი. შესაბამისად კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს, მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ, ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სახსრები, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის, წარმოების გაფართოებისთვის და დასაქმების გაზრდისათვის, აღარ დაიბეგრება", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 1-ელ ივლისიდან შევა.

"შესაბამისად, 1-ელი ივლისიდან 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისთვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარუდოდ 1-ელ ნოემბრამდე პერიოდი", - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100