სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედის მიერ ნაცემი, კომაში მყოფი 15 თვის ბიჭუნა რეანიმაციაში მე-18 დღეს გარდაიცვალა

ეს საზარელი შემთხვევა როსტოვის ოლქის პატარა ქალაქ შახტაში მოხდა: დედის მიერ სასტიკად ნაცემი 15 თვის ბიჭუნა როსტოვის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმები მის გადასარჩენად 18 დღის განმავლობაში იბრძოდნენ.

ამ ხნის მანძილზე ჩვილს არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც, თუმცა, ამაოდ: 4 მარტს პატარა სერიოჟა ბესედინი რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ის დღემდე არ არის დაკრძალული: ექსპერტები ოჯახს ცხედრის დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ.

სერიოჟა რვა თვის იყო, როცა დედამ პირველად სასტიკად სცემა და საავადმყოფოში მოხვდა. მანამდე დედამ შვილი კიდევ ერთხელ სცემა - მაშინ სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. დედა, სვეტლანა ბესედინა დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ბავშვს დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე სასტიკად სცემდა, როცა ჩვილი გაბმით ტირილს იწყებდა და მის გაჩუმებას ვერ ახერხებდა.

მოწმის სტატუსით დაკითხული გარდაცვლილი ბავშვის მამა, შესაძლოა, ეჭვმიტანილის რანგშიც დაკითხონ, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ დედა ბავშვს მამის თანდასწრებითაც სცემდა, მამას კი ამის შესახებ არავისთან განუცხადებია. ერთ-ერთი ვერსიით, დედამ ბოლოსაც მამის თვალწინ სცემა სერიოჟა, თუმცა, მშობელმა მისი მიშველება ვერ გაბედა. მიზეზი ბანალური და რუსული ყოფისთვის დამახასიათებელია: მეზობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სვეტლანა არამარტო შვილს, ქმარსაც სცემდა.

საგამოძიებო ორგანოებს პრეტენზია ადგილობრივ პოლიციელებთანაც აქვთ. გაირკვა, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ჩარევის დროს ექიმებმა ბავშვის სავარაუდო ცემის შესახებ პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება გაგზავნეს, მაგრამ ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა - ახსნა განმარტებისთვის და სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ბესედინებთან ოჯახში არავინ მისულა.

როგორც „ექსპრეს-გაზეტა“-ს ჟურნალისტი წერს, რვა თვის ასაკში სერიოჟას ცემის შემდეგ, საავადმყოფოში მისულს, მას მიეცა საშუალება, დედას გასაუბრებოდა: „მან გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მითხრა, რომ ბავშვი მამამ სცემა, თუმცა, მალევე აღიარა, რომ ეს თვითონ ჩაიდინა. მერე ატირდა კიდეც და ინანიებდა, აწი ბავშვზე ხელს არ აღვმართავო და, მართალი გითხრათ, მე დავიჯერე, რომ ასეც მოიქცეოდა. სერიოჟას ეს ფოტოები მაშინ მე გადავუღე - როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად“.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, როსტოვსა და როსტოვის ოლქში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშობლები და მეურვეები ბავშვებს სასტიკად ექცევიან. გასული წლის ოქტომბერში ისევ შახტაში სამი წლის ბიჭი მამინაცვალმა სასტიკად სცემა და გააუპატიურა. გაუპატიურების ფაქტზე ჟურნალისტებს ექიმებმა უამბეს, რომლებმაც ბავშვს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მოწმის არარსებობის (!) გამო მამინაცვალი მხოლოდ ბავშვის ცემისთვის გაასამართლეს. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი იმავე ქალაქში მამინაცვალმა 5 წლის გოგონა სასტიკად სცემა. ექიმებმა რეანიმაციაში მოხვედრილი ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა და უნარშეზღუდულთა ეტლს მიეჯაჭვა...

რაც შეეხება გარდაცვლილი სერიოჟას საკითხს, შესაძლოა, მალე მამამისიც დააკავონ და ის პოლიციელებიც ზედ მიაყოლონ, ვისაც უბანში მსგავსი ინციდენტების პრევენცია თუ არა, მათზე რეაგირება მაინც ევალებათ, მაგრამ ამით 15 წლის ჩვილს, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვაში და ალბათ, ძრწოლაშიც გაატარა, ვერაფერს უშველიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100