სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ვაბარებთ სააკაშვილს ობამასთან (ღია წერილი ოპოზიციურ სპექტრს)?

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში უკვე გაემგზავრა, 30 იანვარს კი ვაშინგტონში ბარაკ ობამას შეხვდება და სამშობლოდან, კეთილის მოსურნეთაგან გზის დალოცვასთან ერთად, მიჰყვება თქვენი ნიშნისმოგებითი ქადილებიც – რომ საქართველო ვის დაჰკარგვია, სააკაშვილს ლობისტური კომპანიების დახმარებით აქვს ჩაწყობილი ვიზიტი ამერიკის პირველ პირთან; მას რომ ჰგონია, დიპლომატიურ შეხვედრას უწყობენ, სინამდვილეში უნდა გააფრთხილონ, ზედმეტი არაფერი წამოცდეს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ; ლაზიკას რომ აშენებს, ქალაქის პროექტი ამერიკის სამხედრო ბაზების სტრუქტურას უნდა შეუთანხმოს; ხოლო არჩევნებზე რომ მიდგება საუბარი, ზრდილობიანად მიანიშნებენ, დროა ასპარეზი მილიარდერ პოლიტიკოსს დაუთმოს!

მართლა ყველაფერი ასე რომ იყოს – რომელ გულმხურვალე პატრიოტს უნდა გაუხარდეს საკუთარი სამშობლოს არად ჩაგდება ორი ქვეყნის დიალოგში? სხვა, თუნდაც ზესახელმწიფოს ლიდერის წინაშე ვის არ უნდა შეურაცხყოფდეს თავისი ლიდერის და ქვეყნის პირველი პირის ხელის ბიჭობა? სააკაშვილი თავისი სახელით ხომ არ ჩადის ამერიკაში, ან ობამა განა მხოლოდ ობამაა? 30 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობს საქართველოს და იმის მაგივრად, იმედიანი მოლოდინი შევაგებოთ ამ შეხვედრას, კიდევ იმის შიში უნდა გვქონდეს, ზურგში არავინ ჩაგვარტყას მახვილი? ნუთუ არ კმარა ისტორიული გამოცდილება?

განა ამერიკელი სენატორები არ იყვნენ, ვის წინაშეც პირველად გაითამაშეს თქვენმა იდეურმა წინაპრებმა ოცი წლის წინ დრამატული ფარსი და 1991 წლის 2 სექტემბერს „კინოს სახლთან“ პირველად მძლავრად შეურყიეს იმიჯი ქვეყანას? „ჯერ დემოკრატია და მერე – თავისუფლებაო“ და ის დემოკრატიაც დაგვაკარგვინეს და ის თავისუფლებაც? რკინიგზები უნდა დავიცვათო და სინამდვილეში ზვიადისტების ჟლეტას არ გადააყოლეს მთელი აფხაზეთი? მერედა მოვიგეთ რამე?

ან ახლა ვიგებთ იმით, რომ სადაც ფეხს წავიკრავთ, ყველგან თქვენი გამარჯვების ყიჟინა გვესმის? სულერთია, საქმიანი გარიგება ჩაგვეშლება ანგარებიან ინვესტორებთან ურთიერთობით, სეტყვა გაგვიჩანაგებს ვენახებს თუ ფეხბურთში დავმარცხდებით – რომ გიხარიათ ამ ქვეყნის ყოველი წარუმატებლობა, პრეზიდენტს დაბრალდებაო – სააკაშვილის არის ეს ქვეყანა, თუ თვითონ სააკაშვილია ამ ქვეყნის? ყველა ეს წარუმატებლობა განა თქვენი წარუმატებლობაც არ არის?

არსებობს რუსული ანდაზა თუ გამონათქვამი:„Назло бабушке отморозить уши“ „ბებიას ჯიბრით ყურების მოყინვა“. ყოველ გამონათქვამს თავისი ისტორია აქვს და ალბათ ამასაც ექნებოდა; მაგალითად ასეთი: ოდესღაც ბებია არ გაუშვებდა შვილიშვილს საგუნდაოდ და გაბრაზებული შვილიშვილი თავს გადაჰყოფდა ფანჯრიდან, ბებიას ჯიბრით ყურების მოსაყინავად. მართალია, რუსული ყველაფერი კი მოგწონთ, მაგრამ სააკაშვილის ჯიბრით ყურებს მაინც ნუ მოიყინავთ. რომ წერთ, ყურის ასაწევად იბარებენო სააკაშვილს ამერიკაში – საკუთარ ყურებს გაუფრთხილდით! გაუფრთხილდით, იმიტომ, რომ შეიძლება ეს იგავსიტყვიერად ყურები არც იყოს და ამ ყურებში იგულისხმებოდნენ თქვენი ახლობლებიც, ნათესავებიც, შვილებიცა და შვილიშვილებიც!

ხოლო, რადგან ასეა, მოდით, ამ ერთხელ მაინც, ნუ დავთითოკაცდებით, გავერთიანდეთ და როგორც გიორგი მახარაშვილს ატანდნენ თანასოფლელები გოდერძისთან ზოგნი მოკითხვასა და ზოგიც ნაზუქებსა და ჩურჩხელებს, ისე გავატანოთ ქვეყნის დესპანს დანაბარები – ვისაც რა გვესურვებოდეს საქართველოსთვის:

მე, პირადად, როგორც გახსოვართ, ლიტერატურის გარდა, ერთი რამის სიყვარული მქონდა, დამალვა რომ სჭირდება – ეს მაშინ სჭირდებოდა, ძველ დროში, თორემ – ეხლა დასამალი აღარა მაქვს – სამშობლოს სიყვარულია ეს! წლების წინ რომ შემდგარიყო ვიზიტი, ჩემი თხოვნა სააკაშვილისადმი, პირველ ყოვლისა, იქნებოდა, ოთხ ენაზე ლაპარაკთან ერთად, ქართულის მეტი ჩართულობის შესახებ. მაგრამ, მაშინ ალბათ ეს ოთხი ენაც საჭირო იყო, ქვეყნის ლიდერის იმიჯის წარმოსაჩენად. დღეს ეს იმიჯი უკვე ყველასათვის ცნობილია, და სააკაშვილიც უფრო ხშირად მეტყველებს მშობლიურ ენაზე – ერთ რამედ ღირს, ქართულად რომ აკეთებს ხოლმე მოხსენებებს მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან! და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი, ჩვენი თვითმყოფადობისა და ეროვნული ღირსების წარმოსაჩენად!

მაგრამ ვერბალური მხარე მხოლოდ ერთი ნაწილია ერის მახასიათებლისა – ვერც ვერბალური, ვერც გარეგნული, ვერც რელიგიური ნიშნით ვერ შევძლებთ თვითიდენტიფიკაციას ისე, როგორც დამწერლობით! ვერბალურით ყველა კავკასიელი გვემსგავსება, გარეგნულით – იტალიელ–ესპანელები, რელიგიურით – ბერძენ–სლავები და მხოლოდ დამწერლობაა ჩვენი აბსოლუტური გამორჩეულობის ნიშანი! ხოლო რად გვინდა ეს გამორჩეულობა? იმად, რომ დღემდე მსოფლიოს ჯერ კიდევ არ გავუცვნივართ, ჯერ კიდევ ვერ აღგვიქვამს, როგორც დამოუკიდებელ ეთნიკურ ერთეულს – პატივს კი სცემენ ჩვენს თავისუფალ ნებას და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას, მაგრამ მაინც დიდი რუსული იმპერიიდან სეპარატისტულად გამოქცეულ სლავურ ეთნიკურ ჯგუფად მივაჩნივართ, როგორც „ჯორჯია“რომ გამოიყოს ამერიკის შტატებიდან. ამიტომ სწორედ ჩვენი ანბანი უნდა ავიტაცოთ გამორჩეულობის ნიმუშად და მთელ მსოფლიოს ვათქმევინოთ ის, რაც კონსტანტინე განმსახურდიასთვის უთქვამს უცხოელ ორიენტალისტს: „ვერც ლათინური და ვერც სანსკრიტული ენების ანბანი ვერ შეედრება თქვენს სადასა და ლამაზს, კოხტა ასოებს“. ოღონდ ჩვენ მსგავსი ესთეტიკური შეფასება არ უნდა ვიკმაროთ და მას უნდა მივცეთ პოლიტიკური დატვირთვა:

სააკაშვილმა ვაშინგტონში საჩუქრად უნდა ჩაიტანოს „ვეფხისტყაოსანი“. მოხსენებაში ჩაურთოს ვითარების შესატყვისი შოთას აფორიზმი და საჯაროდ გადასცეს საჩუქრად წიგნი ობამას ისე, რომ გადაშალოს ტიტული და ტელეკამერების წინ გამოაჩინოს ლამაზი მხედრული ასოებით დაწერილი „შოთა რუსთაველი“ და „ვეფხისტყაოსანი“. და, როდესაც მსოფლიო დაინახავს ამ ანბანს, რომლითაც მე–12 საუკუნეში დაწერა პოემა ქართველმა კლასიკოსმა, მიხვდება, რომ ჩვენ არც რუსები ვართ და არც მათგან მიგვიღია კულტურა და განათლება; მიხვდება და მეტი მონდომებით დაგვიდგება გვერდში ჩვენი ეთნიკური თვითმყოფადობის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

ეს არის ჩემი დანაბარები. რაც შეეხება თქვენსას, ძვირფასო ოპოზიციონერებო და, რაღა თქმა უნდა, ოფიციოზის მომხრეებო – წინადადებას გაძლევთ, შემომიერთდეთ და „ფორუმი“ დავტვირთოთ ჩვენი ბარათებით. 30 იანვრისნაირი შეხვედრა ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. დიდად სავარაუდოა, რომ ის გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ამიტომ თითოეულ სიტყვას, ფრაზას, მოქმედებას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ–მომხმარებლის წერილებით გაივსება „ფორუმი“, ვთხოვოთ ადმინს, რომ შემდეგ ამ დანაბარებების ნაკრები გადასცეს ქართულ დელეგაციას, მთავარი მომხსენებლისათვის გადასაცემად! ვინ იცის, იქნებ რომელიმე ჩვენგანს ისეთი დანაბარები აღმოაჩნდეს, მთლად მალამოდ წაეცხოს ჩვენი ქვეყნის ათასგზის ნაიარევ სხეულს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100