თორნიკე კაჭარავას სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობისთვის 24 წელი მიუსაჯეს
მიმდინარე წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 19-109-ე, 239-ე და 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის თორნიკე კაჭარავას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თორნიკე კაჭარავას ბრალად მისი მეგობრის, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა და ზურა ტარყაშვილის, ლევან და დავით ჩიჩუების მკვლელობის მცდელობა ედება. რომელიც მან 2010 წლის მარტში ჩაიდინა.
საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის 14 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სანდრო გოგბერაშვილს მთაწმინდაზე შემთხვევით შეხვდა ზურა ტარყაშვილი, რომელიც მას მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა. გოგბერაშვილმა თავზე ხელის გადასმა იუკადრისა და ზურა ტარყაშვილს მეორე დღეს გრიბოედოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი ეზოს შესასვლელ თაღში შეხვედრა დაუნიშნა. შეხვედრაზე ტარყაშვილი თავის მეგობრებთან, ძმებ ლევან და დავით ჩიჩუებთან ერთად მივიდა, სანდრო გოგბერაშვილს კი თან ახლდა თორნიკე კაჭარავა.
სანდრო გოგბერაშვილმა შუბლზე იარაღი დაადო ზურა ტარყაშვილს, მისმა მეგობრებმა - დათო და ლევან ჩიჩუებმა გოგბერაშვილის იარაღი დაბლა დააწევინეს, რა დროსაც მოხდა ორი გასროლა ასფალტის მიმართულებით.
სროლის ხმაზე შემოვარდა თორნიკე კაჭარავა, რომელმაც რამდენიმე გასროლა განახორციელა და თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა მისი მეგობარი სანდრო გოგბერაშვილი, ფეხისა და ხელის არეში ზურა ტარყაშვილი, ასევე ფეხში დაიჭრა დავით ჩიჩუა, ხოლო გულ-მკერდის არეში - ლევან ჩიჩუა. თორნიკე კაჭარავა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ის შს სამინისტროს მიერ დღემდე იძებნება. დაჭრილი მეგობრები ზურაბ ტარყაშვილმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ზურა ტაყრაშვილმა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი მიმდინარე წლის ოქტომბერში მოიხადა. გათავისუფლებიდან ორ კვირაში ის რუსთაველზე, სანდრო გოგბერაშვილის მამის, ივერი გოგბერაშვილის ორგანიზატორობითა და უშუალო მონაწილეობით მოკლეს (მკვლელობაში მონაწილეობდნენ: ირაკლი აგლაძე, დავით რუსიშვილი და სხვები). როგორც გაირკვა, ივერი გოგბერაშვილს ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მკვლელობა ჰქონია გადაწყვეტილი. გოგბერაშვილმა მხოლოდ ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა მოახერხა, იგი უკვე დაკავებულია და სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ასევე დაკავებულია მკვლელობაში მონაწილე 19 წლის დავით რუსიშვილი, ხოლო ძებნაშია ირაკლი აგლაძე.
თორნიკე კაჭარავას, რომლის დანაშაულსაც გოგბერაშვილის გარდა, 23 წლის ზურა ტარყაშვილის სიცოცხლეც შეეწირა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან დაიწყება.
თორნიკე კაჭარავას ბრალეულობა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ტყვია, რომელმაც სანდრო გოგბერაშვილის სიცოცხლე შეიწირა გასროლილია თორნიკე კაჭარავას მიერ და იდენტურია ტარყაშვილისა და ჩიჩუებისთვის მიყენებული ჭრილობებიდან ამოღებული ტყვიისა.
კომენტარი