"დროა, დასავლეთმა რუსეთის ოკუპაცია აღიაროს..."
პეტრე სმოლიარი
ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან
საქართველოს კვლავ სჯერა თავისი განსაკუთრებული ბედისწერის. ეს პოსტ-საბჭოთა სივრცის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და ამისთვის მასშტაბურ რეფორმებს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, თბილისში ეშინიათ, რომ დასავლელი პარტნიორები, რომელთა ყურადღებაც მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული, მათ მიმართ ინტერესს დაკარგავენ.
ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც გავლით პარიზში იმყოფებოდა, Le Monde-ის შეკითხვებს უპასუხა. ინტერვიუ ჩაწერილია ორშაბათს, 20 მაისს საფრანგეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინა დღეს.
ხომ არ იქცა საქათველოსთვის იმედგაცრუებად რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის ოთხი ხომალდის მიყიდვაზე შეთანხმება?
- ჩვენ საფრანგეთის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. საფრანგეთი საქართველოს დიდი მეგობარია, მაგრამ მოდით ლოგიკას გავყვეთ. საუბარი პოლიტიკურ და არა სამხედრო გადაწყვეტილებაზეა. ცხადია რომ რუსეთს „მისტრალი“ საერთოდ არ სჭირდება. ეს არა თავდაცვის, არამედ თავდასხმის ინსტრუმენტია, მაგრამ ვის წინააღმდეგ აპირებს რუსეთი ამ ინსტრუმენტის გამოყენებას? ცხადია არა ნატო-ს წინააღმდეგ, თორემ საფრანგეთი ამას არ დაუშვებდა.
შავ ზღვაზე არიან უკრაინა და საქართველო. რუსეთს, რომ საქართველოში შეჭრა სურდეს, ამას „მისტრალის“ გარეშეც გააკეთებდა. მაშინ სად: ჩრდილოეთ-კორეაში, სამხრეთ-კორეაში, იაპონიაში? ვეჭვობ. რუსეთი საფრანგეთთან ორმხრივ თანამშრომლობას ამყარებს, როგორც ეს გერმანიასთან გააკეთა. მისი სტრატეგიული გეგმა ის არის, რომ ნატო-ს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრის თვალში თავი წარმოაჩინოს და შემდეგ არკვიოს, როგორ იცვლება მასთან დაკავშირებული შეხედულებები.
რა შეგიძლიათ თქვათ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სიტუაციაზე რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ, რასაც ამ ორი სეპარატისტული რეგიონის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა?
- ეს მარიონეტული რეჟიმებია. მათ ლიდერებს იმაზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ, ვიდრე რუსეთში ზოგიერთ რეგიონალურ ხელმძღვანელს. ეს პოლიტიკური თეატრია. სამი წლის შემდეგ დროა დასავლეთმა აღიაროს, რომ ოკუპაციისთვის ოკუპაციის დარქმევაზე უარის ტაქტიკა მარცხით დასრულდა. რუსეთი არა მხოლოდ არ აპირებს ამ ტერიტორიიდან წასვლას და იქ ევროპელ დამკვირვებლებსაც კი არ ამუშავებს, არამედ სამხრეთ-ოსეთში „ტოჩკა უ“-ს ტიპის და აფხაზეთში „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსები განათავსა. რუსები ამას არ მალავენ და ცინიკურად იქცევიან. ისინი სულ უფრო დასცინიან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას.
რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა, თუნდაც დასავლური ქვეყნები მასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებისკენ მიისწრაფვოდნენ. ჩვენ არავის მოვუწოდებთ კონფრონტაციისკენ, არამედ მხოლოდ ფაქტების – ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის – აღიარებას ვითხოვთ. ეს ოკუპაცია აწყობთ მათ, რადგან საქართველოს მთლიანად ხელში ჩაგდება სურთ „გაზპრომის“ და პუტინის ინტერესებისთვის, პუტინის რომელსაც არ უნდა, რომ მისი მეზობელი რეფორმების წყალობით კიდევ უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს.
დასავლეთისადმი რუსეთის გზავნილი ძალიან მარტივია: ჩვენ თქვენსას არ ვეხებით, თქვენ – ჩვენსას. ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვის დაფარვის ზონაში არ იმყოფება, მაგრამ ამავდროულად რუსეთის სხვა ყველა მეზობელი მისი განუყოფელი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილება. ამ თვალსაზრისით, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ ადიდებული მდინარის გადალახვას, მაგრამ ჯერ კიდევ შუაში ვდგავართ და არა მეორე ნაპირზე. ისინი გრძნობენ ჩვენს მოწყვლადობას და არ იშურებენ ძალისხმევას. ნატო-ში გაწევრიანება ყველაფერს შეცვლის. რუსები შესაძლოა ცუდები, მაგრამ გიჟები ნამდვილად არ არიან.
ბოლო თვეების განმავლობაში თქვენმა მათავრობამ არაერთხელ განაცხადა რუსეთის მიერ ორგანიზებული რამდენიმე ტერაქტის აღკვეთის შესახებ…
- ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რუსები მთელი რიგი ტერორისტული აქციების განხორციელებას შეეცადნენ. თბილისში ორი აფეთქება მოხდა ამერიკის საელჩოსთან და ოპოზიციური პარტიის ოფისთან. რამდენიმე აქცია აღვკვეთეთ, მათ შორის ნატო-ს წარმომადგენლობასთან.
გარდა ამისა, დაკავებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების ჯგუფი. ნატო-ს დაზვერვის წყალობით, დადასტურდა, რომ ამ ფაქტის უკან „გრუ“-ს [რუსეთის სამხედრო სამსახური] ოფიცრები იდგნენ. ჩვენთვის ცნობილია ამ ადამიანების ვინაობა და დაფინანსების არხები. მხოლოდ იმის გარკვევაღა დარჩა, ეს კვალი საით მიდის.
საქართველოს პოლიციას აკრიტიკებენ „ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის“ მაისში ოპოზიციის გამოსვლების დროს…
ამ მანიფესტაციების რეალური მიზანი პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის დამხობა იყო. საკუთარი „მშვიდობიანი რევოლუციის“ განხორციელებისთვის, ოპოზიციონერებმა დააკომპლექტეს ჯგუფები ნიღბიანი და არმატურებით შეიარაღებული ადამიანებისგან.
მოვლენები კანონმდებლობით დადგენილი კლასიკური მანიფესტაციის ჩარჩოებს გასცდა. მათ სახელმწიფო ტელევიზიასთან გადაკეტეს გზა და სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩაშლა. მათი მიზანი იყო პოლიციასთან შეტაკების პროვოცირება. შეიძლება ზოგიერთ პოლიციელს ზედმეტი მოუვიდა.
ჩვენ საგანგებო გამოძიებას ჩავატარებთ, თუმცა ასეთი პასუხი აბსოლუტურად კანონიერი და გამართლებული იყო. მსგავს მეთოდებს ყველა ევროპულ დედაქალაქში იყენებენ. ორი ადამიანი, მომიტინგე და პოლიციელი დაიღუპა. ისინი ქალბატონი ბურჯანაძის [პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი] ესკორტმა გაიტანა.
რუსულ ელიტაში სერიოზული დაბნეულობაა პუტინი-მედვედვის ტანდემის მომავალთან დაკავშირებით. თქვენ გჯერათ ამ ორი პოლიტიკოსის ბრძოლის?
- ეს კარგი და ცუდი პოლიციელის თამაშია, მაგრამ მე პატივს ვცემ გონიერი ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც სერიოზული უთანხმოების არსებობის სჯერათ. ეს დაფიქრების საფუძველს იძლევა.
მიუხედავად ამისა, ჩემი რუსეთთან დაკავშირებული ცოდნა და ინტუიცია მკარნახობს, რომ ამის არ უნდა მჯეროდეს. თუკი უთანხმოება არსებობს, მაშინ რატომ არ ათავისუფლებს მედვედევი პუტინს თანამდებობიდან? მით უფრო რომ, როგორც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, პოლიტიკოსი რუსეთში პოპულარობის ნახევარს კარგავს უმალ, როგორც კი ხელისუფლებიდან მიდის.
კომენტარი