სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?"- მილიარდერს უკვე უცხოური მედიაც ამხელს

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებს ეპარება ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია და საბოლოო ჯამში, მის მიზანს საქართველოს საგარეო ვექტორის რუსეთისკენ შებრუნება წარმოადგენს.

პოლიტიკურ სარბიელზე ივანიშვილის გამოჩენისას, რუსულ პროექტზე მინიშნებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში, მედიასაშუალებების კომენტართა ველში, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება გეგრძნოთ ივანიშვილის საწინააღმდეგოდ განწყობილთა მიმართ, მაგრამ დღეს უკვე სურათი კარდინალურად შეიცვალა და ბიძინას რუსეთუმეობაზე ისინიც კი ღიად საუბრობენ, ვინც თავიდან მილიარდერს კბილებით იცავდა.

იგივე ითქმის არაქართულ მედიაზეც. მაშინ, როცა ქართული მედიის ნაწილი ოლიგარქმა თავის ყურმოჭრილ მონებად აქცია, უცხოური მედია სულ უფრო და უფრო ხშირად ბეჭდავს მამხილებელ წერილებს ივანიშვილის ფულის რუსულ წარმომავლობასა და იმაზე, რომ მილიარდერი სწორედ ფულით ცდილობს ნახევარი ქვეყნის ყიდვას.

ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც ავტორიტეტულ აზერბაიჯანულ ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნდა, საინფორმაციო სააგენტო „ივერონმა გადმოაქართულა:

„საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას, მის სტაბილურობას, და თავად საქართველოს სახელმწიფოს არსებობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანალიტიკურ სტატიას აზერბაიჯანული ვებ-პორტალი "აზგლობუს.ნეტ"-ი ავრცელებს, სადაც სტატიის ავტორი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უკან რუსულ ინტერესებზე საუბრობს.

სტატიის ავტორის აზრით, ზემოთაღნიშნულ პრობლემებს შორისაა: ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა, რუსული სამხედრო ზეწოლა, არჩევნების შემდგომი პერიოდის არეულობა და დასავლეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ნეიტრალიზაციისთვის გულუხვად დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ყველა ამ პრობლემის ერთდროულად თავმოყრა საქართველოში არჩევნების წინ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამო ხდება. გარდა ამისა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი ფულის ინვესტირებას საქართველოში ახალ პოლიტიკურ პროექტ-ბიძინა ივანიშვილში ახდენს.

"რუსეთი ასევე იყენებს ზოგიერთ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსს, მათ განსაკუთრებულობას და მოქმედების თავისებურებას: უკონტროლო ემოციურობას, პროვოკაციულ რიტორიკას, სახელმწიოფოებრიობისადმი არქაულ დამოკიდებულებას, პირადი ინტერესების მაღლა დაყენებას და რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას,"- აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიის მიხედვით, მას მერე რაც გასული წლის ოქტომბერში, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში რუსეთის ბიზნესის ბნელი ნაწილიდან შევიდა, მან პოლიტიკური მხარდაჭერის გზით სახელმწიფოს ხელში ჩაგდება განიზრახა. კრემლმა უფლება მისცა ივანიშვილს რუსეთში შეეგროვებინა თავისი სიმდიდრე საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც კი და დღეს აძლევს უფლებას ხელსაყრელად გაყიდოს რუსული აქტივები.

"ივანიშვილი და მისი ორგანიზაცია მატერიალურ მხარდაჭერას ჰპირდება ყველას, ვინც ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემს. ასეთი დაპირებები დაბალი შემოსავლის მქონე ამომრჩევლისათვის საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. საქართველოს კანონმდებლობით ამომრჩეველთა მოსყიდვა ფულადი სახსრებით საკმაოდ დიდ ჯარიმებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ათობით მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას ივანიშვილის ფინანსური რესურსებისათვის ზიანი არ მიუყენებია. მსგავსმა ჯარიმებმა ვაშინგტონსა და ბრიუსელში ლობისტური კომპანიებისთვის განკუთვნილი ხარჯები ვერაფრით ვერ შეასუსტა,"- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები რუსული სამხედრო ძალების ჩრდილქვეშ ვითარდება. მისივე განმარტებით, რუსული არმიის მობილური სამხედრო მანქანა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულ მზადყოფნაშია და შესაძლოა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებული არეულობა ქვეყანაში "სიმშვიდის დასარეგულირებლად" გამოიყენოს.

"გამოკითხვების შედეგად ივანიშვილი და მისი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" საგრძნობლად ჩამორჩება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ივანიშვილის გუნდის წევრები წაგების შემთხვევაში ქუჩის აქციებით და გამოსვლებით იმუქრებიან. დასავლელი დიპლომატიური წრეები კი გამუდმებით გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ პოლიტიკურმა არეულობამ შესაძლოა გზა რუსულ ინტერვენციას გაუხსნას. რუსული სამხედროები გეგმავენ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების გამართვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწავლება სამხედრო ძალების რუსეთიდან საქართველოს საზღვრებთან მასობრივ გადაადგილებასაც გულისხმობს. ეს მოქმედებები კი შესაძლოა საწრთვნელი მდგომარეობიდან ხელის შეშლის სცენარში გადავიდეს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა,"- აღნიშნულია სტატიაში.

ამერიკის შეერთებული შტატები მოცემულ მომენტში თავისი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით არის დაკავებული, ევროპა- საკუთარი კრიზისებით, და მოსკოველმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა თავიანთი ქართული პრობლემის "გადასაჭრელად" გამოიყენონ.

"ამისათვის კრემლს ორი პირობა სჭირდება: პირველი- პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში კონფლიქტში უნდა გადაიზარდოს და მეორე, უნდა მოხდეს ქართული არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია დასავლეთის თვალში. პირველ პირობას საქართველოში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასრულებენ და მეორეს დალაგებას ხელს ვაშინგტონისა და ბრიუსელის ზემოთაღნიშნული ლობისტური კომპანიები უწყობენ,"- განმარტავს სტატიის ავტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100