სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელმა ქართლელმა მიჰყიდა „დამპალი ვაშლი“ გია ყარყარაშვილს? (ვიდეო)

გია ყარყარაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და ლამისაა, კოალიციის ერთ-ერთი სახეა, ოდიოზური განცხადებებით ისევ შეგვახსენა თავი. ამჯერად მისი სამიზნე ქართლელები გახდნენ.

ყარყარაშვილის რისხვა ამ რეგიონში მცხოვრებლებმა მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც კარალეთში მეოცნებეებს მიწაზე გართხმულები არ დახვდნენ და ფეხები არ დაუკოცნეს. გაუგებარია, უკეთესს რას ელოდნენ მეოცნებეები მოსახლეობისგან, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი თავიანთ მხრებზე გამოსცადეს, უამრავი უწვერული ბიჭი მიწას მიაბარეს და იმ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების დაბრუნებისა დღემდე სჯერათ.

მიუხედავად, მეოცნებეებისა და მათი მხარდამჭერების აქტიური მტკიცებისა, თითქოსდა კარალეთში ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ 70-ზე მეტ აქტივისტს ე.წ. ზონდერები დაახვედრა, ყველამ კარგად ნახა, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ დაიფრინეს კარალეთელებმა ბიძინა ივანიშვილის წარგზავნილები.

ვინც თვალები საგანგებოდ არ დაიბრმავა, ისიც კარგად ნახა, როგორ იგინება საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი და როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ ადგილობრივ მცხოვრებს. რასაკვირველია, ინციდენტის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება დაადანაშაულა და პასუხისმგებლობაც მას დააკისრა.

ცალკე პრესკონფერენციით გამოეხმაურა ინციდენტს (აქაოდა, ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ, მისი კოალიციის წევრი კი არაო) გია ყარყარაშვილი. ღენერალმა მტკიცებულებები მოითხოვა: დამიმტკოცონ, რომ ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან და მათთან თანამშრომლობაზე უარს ვიტყვიო.

არ ვიცი, ვინ შეწუხდება მისთვის მტკიცებულებების გასაგზავნად, მაგრამ მტკიცებულების გარდა, არსებობს კიდევ ლოგიკა და ლოგიკური მსჯელობა, რომლის თანახმადაც, პუტინის რუსეთში მილიარდებს ჯერ არავინ გაშოვნინებს და მერე კი, თუნდაც მანამდე ნაშოვნს არავინ შეგარჩენს, თუ ხელისუფლების „ნებიერა“ არ ხარ.

მახსოვს, სამეგრელოში, ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობასთან, აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა ერთი სახალისო ანეკდოტი გაიხსენა, რომელიც „ურწმუნო თომებისთვის“ იყო განკუთვნილი - იმ ხალხისთვის, ვინც ლოგიკასთან საერთოდ მწყრალადაა. ერთ კაცს მეგობარმა უთხრა, შენი ცოლი გღალატობს, უნდა მიხედოო.

არ დაუჯერა ქმარმა და მეგობარმა შესთავაზა, თუ გინდა, დილით რომ გავა სახლიდან, დავუდარაჯდეთ და ვნახოთ, სად წავაო. მართლაც ასე მოიქცნენ. ხედავენ, სახლიდან მოშორებით ქალს ახალგაზრდა მამაკაცმა გაუჩერა მანქანა, ქალი ჩაჯდა, ერთმანეთი გადაკოცნეს და გზას გაუდგნენ. მეგობარმა ქალის ქმარს გადახედა.

„ალბათ, თანამშრომელია“, - წაილუღლუღა ქმარმა. წინა მანქანა, სადაც ქალ-ვაჟი იჯდა, ქალაქგარეთ გავიდა სასტუმროსთან გაჩერდა. ისინი მანქანიდან გადავიდნენ, მამაკაცმა ქალს ხელი გადახვია და სასტუმროში შევიდნენ. მეგობარმა ისევ გადახედა ქალის ქმარს. „ალბათ, სამსახურის საქმეები უნდა გაარჩიონ“, - ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ქმარმა. მეგობარი და ქალის ქმარი სასტუნროში შევიდნენ, მეგობარმა იმ ნომრის გვერდით დაიქირავა ნომერი, რომელიც ქალ-ვაჟმა დაიქირავა, მერე კი კედელში ჭუჭრუტანა მოძებნა და ქალის ქმარს უთხრა - შენი თვალით უყურე, რა ხდება და იქნებ მაშინ მაინც დაიჯეროო.

ქალის ქმარი ჭუჭრუტანასთან დაიხარა და კარგა ხანს უყურებდა იმას, რაც ხდებოდა მეორე ოთახში. მერე ჭუჭრუტანას მოშორდა. „აბა, რას იტყვი, დარწმუნდი და დაინახე?“, - ჰკითხა მეგობარმა. „არაფერიც არ დავრწმუნდი“, - ხელი აიქნია ქალის ქმარმა. კი გაიხადა ორივემ ტანსაცმელი, მაგრამ მერე შუქი ჩააქრეს და არაფერი დამინახავს.

ვერ ვიტყვი, რომ მიღალატა!...“ - უპასუხა ქალის ქმარმა... დაახლოებით ამ ქმრის პოზიციაში არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ ივანიშვილისა და მისი გუნდის ძირითადი სახეების პრორუსულობის დასამტკიცებლად დამატებით რაიმე საბუთია საჭირო. რაც შეეხება გია ყარყარაშვილს, მის აქტივობებში ისეთი ეპიზოდიცაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვანო მერაბიშვილზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია მისი პრევენციის მიზნით და ისეთიც, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლამდე ზუგდიდში სამთავრობო ჯარების პირველად შესვლის დღეს ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას უთხრა: „ხალხო, ამბობენ, რომ ჩვენ ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანას ვაპირებთ.

არ დაიჯეროთ, რომ ეს სიმართლეა. თუ საქართველოში შევარდნაძეს ჩამოიყვანენ, მას პირველი მე ვესვრი ტყვიას, რადგან შევარდნაძეს აქ ჩამოსასვლელი პირი არა აქვს...“ ამ სიტყვებიდან რამდენიმე თვეში გია ყარყარაშვილი შევარდნაძემ თავდაცვის მინისტრად დანიშნა...

კარალეთის ინციდენტის შემდეგ გია ყარყარაშვილმა სახალხოდ უწოდა ქართლელებს „ვაშლის ხის ჩრდილში წამოწოლილები“ და განაცხადა, რომ მათგან შენიშვნებს ვერ მიიღებს... სხვათა შორის, გორში „ქართული ოცნების“ მიტინგზე ამის გამო გორელების ნაწილი ყარყარაშვილისთვის ერთი კალათი დამპალი ვაშლის გაგზავნას გეგმავდა, მაგრამ გორელები ხომ, სხვა დანარჩენი ქართველებივით, სტუმართმოყვარენი არიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100