სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხო გაინტერესებთ ხოლმე რა სურთ ქალებს" - სარვა-მარტო პოსტი

"ჩვენ მარტოობა გვსურს. ჰო, ეს გვსურს ქალებს. ხო გაინტერესებთ ხოლმე რა სურთ ქალებს, ჰოდა, ჩვენ მარტოობა გვსურს. ხანდახან!

ბავშვი ხარ და გდარაჯობს დედა. წამოიზრდები და მამა, ძმა, ძმის ძმაკაცი, ბიძა და სხვა, ყველა შენი უფროსია. კიდევ ცოტაც და საიდანღაც ჩნდება კაცი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მისი უნდა გახდე და შენც თანხმდები გასხვისებას. მერე გეზრდება მუცელი და ცხრა თვეში სამუდამო პატიმრობას გისჯის ცხოვრება. ალბათ ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა საკუთარი სურვილით ისჯი ტყვეობას და ამ ტყვეობას შვილი და მის მიმართ ზღვარგადასული სიყვარული და პასუხისმგებლობა ქვია და შენ ვეღარასდროს იქნები მარტო, მაშინაც კი, როცა შენს შვილთან შეიძლება ათასობით კილომეტრი გაშორებდეს, იმიტომ რომ ის კი დაბადე, გამოუშვი შენგან, მაგრამ მასზე ფიქრი და დარდი შენში დაიტოვე, მაგრად გამონასკვული...
ან სულაც:
ზიხარ მაგალითად, მაგიდასთან, საუზმობ, ყვავილებიანი ჩაიდნიდან ქაფქაფა ყავას ისხამ, გახუხულ პურს აკნატუნებ, სახლში სიჩუმეა და ხვდები, რომ არ ხარ მარტო, იმიტომ რომ გიყურებს თოკზე გაფენილი ჩამოსახსნელი სარეცხი, ჭერზე ჩამოკონწიალებული აბლაბუდა, ტახტზე მიგდებული ლეპტოპიდან, გახსნილი ფაილი - დასამთავრებელი სამუშაო, სამზარეულოს მაგიდიდან, გასახეხი სტაფილო და ყველაზე საშინელი - პატარა დასაკეცი სარკიდან, შესაღები თმა...
ქალები ვერასდროს ვიქნებით მარტო. ვერც შვილიანები, ვერც უშვილოები, იმიტომ, რომ ქალები ყველას ვჭირდებით: სულიერებსაც და უსულოებსაც, რატომღაც ასე გადავწყვიტეთ თუ ასე გადაგვიწყვიტეს.
უკაცრავად, მრავლობითში რომ ვწერ. შეიძლება თქვენ არ გსურთ მარტოობა. მაგრამ ხანდახან ალბათ თქვენც გსურთ.

პ.ს. განწყობები არ იცვლება. წლების მერეც იგივე მსურს. თქვენც, დარწმუნებული ვარ", - წერს ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100